ის, რაც ღარიბებს ყოველთვის აქვთ, მდიდრებს კი აკლიათ... - კვირის პალიტრა

ის, რაც ღარიბებს ყოველთვის აქვთ, მდიდრებს კი აკლიათ...

ექსტრემალური შემოქმედება მიწის ქვეშ

გასული კვირა საახალწლო განწყობამ და ფუსფუსმა მოიცვა. წელს ცოტა არ იყოს, ტელეეკრანებიდან "ამა ქვეყნის ძლიერთა" თვითკმაყოფილმა სახეებმა დამღალა და "თბილისის ქუჩებს დავედევნე". ღარიბების ყოფა უფრო მაინტერესებდა. "რა აქვთ მათ ისეთი, რაც მდიდრებს აკლიათ?" - ამ ფიქრით მეტროპოლიტენის კიბეს ჩავუყევი და პასუხიც აღმოვაჩინე.…

"უანგარო სიყვარული, გულწრფელი ღიმილი და თანაგრძნობა!" - ამიხსნა ზიზი ზარიძემ, რომელიც მეტროს ერთ-ერთ მატარებელში მგზავრებს ხატავდა. "ამ უქმე დღეებში რა დროს მუშაობაა, ზიზი", - ვუთხარი შემთხვევით ნაპოვნ მხატვარს და საქმეს დროებით მოვაცდინე.

- უკვე მეხუთე წელია, რაც მიწის ქვეშ ვმუშაობ. იყო დრო, როცა პერსონალურ გამოფენებს ვაწყობდი, ჩემი ნახატების კატალოგიც კი გამოიცა. ახლა კი იმას, რასაც ვაკეთებ, "შემოქმედება მიწის ქვეშ" ვუწოდე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში მეტროში ჩავედი და... ხალხის ხატვა დავიწყე. მაშინ ეს გულის გადასაყოლებლად, ერთგვარი განმუხტვისთვის მჭირდებოდა. შავი ფანქრით ერთ-ერთი მგზავრის სახის შტრიხები შემოვხაზე, 3 წუთში ნახატი დავასრულე და  ექსტრემალურ ვითარებაში შექმნილი პორტრეტი  ხელში შევაჩეჩე, მან კი ჯიბიდან 5-ლარიანი ამოიღო... შემდეგ სხვა  მგზავრებიც დავხატე და მათაც მომცეს ფული ისე, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია. მივხვდი, ჩემი გაჭირვებული ყოფიდან გამოყვანა  მეტროში მუშაობას შეეძლო. ასე დაიწყო შემოქმედება მიწის ქვეშ!..

- მგონი კონკურენტიც არ გყავთ...

- არა, რადგან ეს არის "ექსტრემალური მხატვრობა". ასე ხატვა ბევრს არ შეუძლია. სიმართლე გითხრათ, მე ფერმწერი ვარ. ფერები ჩემთვის ყველაფერია, რითაც სათქმელს გადმოვცემ. მაგრამ მას შემდეგ, რაც  ჩემთვის ცხოვრებაც მხოლოდ შავ-თეთრი გახდა, ვხატავ მიწის ქვეშ, თან მხოლოდ იაფფასიან თაბახის ფურცლებზე უბრალო შავი ფანქრით. ხომ  გაგიგონიათ, გაჭირვება მიჩვენე და გზას გიჩვენებო... ეს გზაც ასე, თავისთავად გამოჩნდა.

- რატომღაც ქართული ფილმის "ლაზარეს" ცნობილი ეპიზოდი გამახსენდა: - გშია? - იცეკვე! გცივა?  - იცეკვე! და ლაზარეც ცეკვავს, აღარც შია და აღარც სცივა. მგონი, თქვენს შემთხვევაშიც ხატვა იმ ცეკვასავით იყო.

- დიახ, სწორედ ასე იყო. ქირით ვცხოვრობდი და საკმაოდ მძიმე ყოფაში აღმოვჩნდი. ჩემი მთავარი პრობლემა  საკუთარი შვილის უბედობასთან იყო დაკავშირებული, რაზეც ლაპარაკი არ მინდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვართა კავშირის წევრი ვარ, მსოფლიო კატალოგში "ვინ ვინ არის" ჩემს სახელსა და გვარსაც ნახავთ, ხელის გამომწოდებელი  არავინ გამომიჩნდა. ადრე უფრო აძლევდნენ მხატვრებს დახმარებებს, ბოლო დროს კი საგრძნობლად შემცირდა. ზამთარში თბილი, ზაფხულში გრილი, მგზავრებით მუდმივად დატვირთული მეტრო კი სამუშაოდ შესანიშნავი ადგილი აღმოჩნდა.

- როგორც თქვით, ეს არის "შემოქმედება მიწის ქვეშ". ერთგვარი პროტესტი ხომ არ გამოხატეთ იმის გამო, რომ მხატვრებს "მიწის ზემოთ" არ დაგედგომებათ?

- მშრალ ხიდზე უამრავი მხატვარი დგას, უდევთ ნამუშევრები... თითოეული 100 ან 200 დოლარამდე მაინც ღირს, რომლებიც ან გაიყიდება ან არა... ასე, წლობით უდევთ ნახატები... შემოქმედს ორ ან სამ ლარს ყველა მისცემს, დიდი თანხის გადახდა კი ხალხს უჭირს.

- ახლა, თუ საიდუმლო არ არის, რამდენია თქვენი ყოველდღიური შემოსავალი?

- საშუალოდ 40 ლარი.…ყოველდღიურად 100 კაცს  მაინც ვხატავ. 9 საათს ვმუშაობ, თითო ნახატს 3 წუთს ვანდომებ.

- 3 წუთში შესრულებული პორტრეტი ყოველთვის ჰგავს იმ ადამიანს, რომელსაც ხატავთ?

- ეს მართლაც ძალზე რთულია. ჩემთვის მთავარია, ადამიანის მზერა დავიჭირო და ეს ზუსტად გადმოვცე. ნაკვთები კი სწრაფად იხატება... მზერა მთავარი შტრიხია, რომელიც პერსონის ხასიათს გადმოსცემს. ყოვლად შეუძლებელია სამ წუთში ზუსტი ასლი დახატო.

ზოგჯერ არის შემთხვევა, ტიპაჟი მომწონს და ისე ვხატავ, ანგარიშს აღარ ვუწევ, ფულს მომცემს თუ არა...

- მაგალითად, ახლა ეს ქალბატონი რით გამოარჩიეთ?

-  ამ კეთილშობილი ქალის თვალებში დაღლილობა და სევდა იგრძნობოდა... საერთოდ, ხალხი ჭრელია, ზოგჯერ უხასიათო ადამიანსაც გადავეყრები და ძნელი მისახვედრი არ არის, კარგადაც რომ დავხატო, მაინცდამაინც გულზე არ მოეფონება.  ასეთების დახატვას ყოველთვის ვერიდები.

- ამ ხატვა-ხატვაში კურიოზებიც ხომ არ გადაგხდენიათ?

- მეტროში უცნაური ამბები ხდება. საერთოდ, ვიდრე ქაღალდსა და ფანქარს ამოვიღებ, ჩვეულებრივი მგზავრი ვარ, მაგრამ ხატვას ვიწყებ თუ არა, ვითარება ერთბაშად იცვლება. ყველა ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით შემომყურებს. …

ერთ ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: ვარკეთილის სადგურამდე მივდიოდი. ერთი მგზავრი დავხატე, რომელმაც ჯიბიდან 50-ლარიანი ამოიღო და გამომიწოდა. "ბატონო, ხომ არაფერი შეგშლიათ?" - ვკითხე გაოცებულმა. არა! - მიპასუხა ღიმილით. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში.…

თუმცა, ჩემთვის თითოეული მგზავრისგან გამომეტებული ხურდაც კი უაღრესად მნიშვნელოვანია.

ერთხელ ერთი მამაკაცი დავხატე, მან  მშვენიერი ლექსი წამიკითხა, შემდეგ დაიჩოქა და ხელზე მეამბორა. იგი პოეტი გიორგი გაჩეჩილაძე აღმოჩნდა... იყო სხვა შემთხვევაც, როცა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ექსპრომტად მომიძღვნა ლექსი. ადამიანები სითბოსა და ყურადღებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, ზოგი მანდარინს მჩუქნის, ზოგი კანფეტს. მოკლედ, ვხატავთ, ვმღერით, ვცეკვავთ მეტროში. ცხოვრება მატარებელივით მიქრის, მთავარი კი, რაც აქედან მრჩება, თანაგრძნობა, ღიმილი და ადამიანური სითბოა, რომელსაც ვერავითარი ფულით ვერ იყიდი!

- ახალ წელს სად და როგორ  შეხვდით?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ახალ წელს  მეტროში შევხვდი და დავხატე გაღიმებული, სახეგაბრწყინებული ხალხი...