"ჩაუჩხაკუნებლად დღე არასოდეს დამიღამებია" - კვირის პალიტრა

"ჩაუჩხაკუნებლად დღე არასოდეს დამიღამებია"

"ფოტოგრაფები სხვის ომში მიდიან გადასაღებად და ჩემს ომში როგორ არ წავიდოდი!, ომი ისედაც საშინელებაა და ჩემს ომებს რომ ვიღებდი, კიდევ უფრო საშინელი იყო..."

"თავისი სილამაზე ყველა ქალს აქვს, თუ ფოტოგრაფი მაინცდამაინც ამ ქალის მტერი არ არის, ამას ხედავს"

"თვალი რომ დავხუჭო, ყველა კადრი გაცოცხლდება, ყველა გამოხედვა"

სერგო ედიშერაშვილი ფოტოხელოვანია. მისი ფოტოები ცოცხლობენ - მოძრაობენ, გელაპარაკებიან და გაფიქრებენ... ის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოხელოვანს შორის მოიხსენიება... ძალიან მინდა გავიცნო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას "ძლიერთა ამა ქვეყნისა" სამზარეულოში შეუხედავს, მეორეც - მისი ფოტოები მსოფლიოს  წამყვანი გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი და სხვისი ომების აღმბეჭდელი და მემატიანეა... დაბოლოს, მინდა მეც ჩავხედო იმ კაცს თვალებში, რომლის თვალიც სხვის თვალებს ხედავს და მათში ყველაფერს კითხულობს.

აი, გავიცანი... რა საინტერესო კაცი ყოფილა. ბევრი რამ გვიამბო და შეგვპირდა, - მოვა დრო და ბნელ კუნჭულში გადანახულ ფოტოებსაც თქვენთან გამოვამზეურებო...

- გადაღება მაშინ დაიწყეთ, როცა ხალხი ფოტოგრაფიასა და მეჯღანეობას ერთ დონეზე აყენებდა, მაგრამ სად ჯღანი და სად ფოტოგრაფია!

- ეტყობა, მე არ ვაყენებდი ერთ დონეზე და იმიტომაც დავიწყე მეხუთე კლასიდან - სურათებს სახლის ყველაზე ბნელ ადგილას, აბაზანაში ვამჟღავნებდი და სულ დედაჩემის ჩხუბი მესმოდა, - ფოტოების დამზადებას შხამქიმიკატები სჭირდებოდა. ერთი წვეთიც რომ მოხვედროდა ტანსაცმელს, წასული იყო იმ სიმწრით ნაყიდი სამოსის საქმე, სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდი. მაინც არ ვეშვებოდი და სხვა რა გზა ჰქონდათ... ადგა მამიდაჩემი და მიყიდა ფოტოაპარატი.

- ფოტოების დასაბეჭდ ფულს საიდან შოულობდით?!

- თავისუფლების მოედნის ახლოს ჭავჭავაძის კლუბი იყო. იმ კლუბიდან რუსთაველზე, კინოთეატრ "სპარტაკში" დავარბენინებდი კინოს ფირებს - ჩავიდებდი ჩანთაში სამ უშველებელ "ბაბინას" და გავრბოდი "სპარტაკისკენ". იქაც სამ ცალ "ბაბინას" ავიღებდი და ჭავჭავაძის კლუბისაკენ გამოვრბოდი. ერთსა და იმავე ფილმს ერთგან კენტ საათებში უშვებდნენ, მეორეგან - ლუწ საათებში და უნდა მიმესწრო. ამ გარბენა-გამორბენაში დღეში 3 მანეთს მაძლევდნენ. მერე გაზეთებიდან ჰონორარის აღებაც დავიწყე, - ხშირად ადამიანის ბედი რაიმე შემთხვევაზეა აწყობილი, - ერთხელ სკოლაში ბავშვებს სურათებს რომ ვუღებდი, მოვიდა "ნორჩი ლენინელის" ჟურნალისტი მზია კოჭლავაშვილი და მთხოვა, - ფოტო ჩვენი გაზეთისთვისაც დაგვიბეჭდეო. ამის მერე გავაგრძელე და გავაგრძელე. ასე დავრჩი სამუდამოდ ამ ქალბატონის მადლობელი. არ შემიძლია უფოტოაპარატობა, ერთხელ მაინც ჩაუჩხაკუნებლად დღე არასოდეს დამიღამებია.

- აპარატის ჩხაკუნი ბევრს გვიყვარს, მაგრამ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოხელოვანს შორის ვერ ვხვდებით. არც პრეზიდენტებთან და პირველ ლედისთან მუშაობის საშუალება გვაქვს.

- იმაზე მეუბნებით, შევარდნაძესთან და სანდრასთან რომ ვმუშაობდი?

- მაგაზეც. თუმცა მათ გარდა თქვენს ობიექტივში მსოფლიოს სხვა ვიპ-პირებიც მოხვდნენ. მოდი, ეს ამბები შევარდნაძით დავიწყოთ...

- რატომ შევარდნაძით?

ზვიად გამსახურდიას პირველი ოფიციალური ფოტო მე გადავიღე. კაცს ნახევარი საათი ვატრიალებდით აქეთ-იქით. ის კი ხმას არ იღებდა. სამაგიეროდ, ქალბატონი მანანა გვხელმძღვანელობდა: ახლა ამ მხრიდან გადაიღეთ, ახლა იმ მხრიდანო, განათება იქ დადგით და აქ დადგითო.

- რა არიან ეს ქალები! წარმომიდგენია, პრეზიდენტის ცოლები როგორ იქცევიან ფოტოს გადაღებისას.

- თუ სიმართლეა, სიმართლე იყოს, ფოტოგრაფებს ყველაზე მეტად ეგ გვეზარება, ქალები რომ პრეტენზიებს გვიყენებენ. ზოგი ჭირვეულობს, - ფორმაში არ ვარო. არადა, თავისი სილამაზე ყველა ქალს აქვს, თუ ფოტოგრაფი მაინცდამაინც ამ ქალის მტერი არ არის, ამას ხედავს. თანაც მითითებებს რომ იძლევიან, ვგიჟდები, - ვინც გიღებს, იმან უკეთ არ იცის, რას აკეთებს?! ერთხელ ნანული შევარდნაძემ ყველა ფოტო დამიწუნა. მერე ვუთხარი, - მაშინ ისე იჯექით, არ ჩამერიოთ-მეთქი. დამიჯერა და ფოტოს რომ დახედა, - მართლა რა კარგი გაგიკეთებიაო!

- სანდრა როგორი იყო?

- ეგ მგონი, ერთადერთი ქალია, რომელიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა იღებ. პირველად ჰოლანდიაში წავყევი გადაღებაზე და, ცოტა დაძაბულიც ვიყავი, - ადამიანს რომ არ იცნობ, არ იცი, რა მოსწონს, როგორი ხასიათისაა. მაგრამ გავიხედოთ და, ველოსიპედით არ მოდის?.. ბაზარში მთელი სერია გადავუღე... ფოტოები რომ ნახა, - რა კარგი გამოსულაო! იმაზე რომ ეფიქრა, პირველი ლედი ვარ და ჩემთვის ბაზარში თევზის ჭამა უხერხულია, არიქა, არავინ გაიგოსო, ფოტოებიც ვერ გამოვიდოდა თავისუფალი. ყველაფერი თავისუფალი ძალიან კარგია!

- მე ვიტყოდი, ყველაფერი კარგია, რაც ყალბი არ არის! პოლიტიკოსები კი ხშირად არიან ყალბები. ამიტომ თქვენ უნდა გიმადლოდნენ, თუ ფოტოებზე მაშინ დარჩნენ, როცა მართლა ნამდვილები იყვნენ, მაგალითად, შევარდნაძე, - მისი ოჩამჩირის შტაბში გადაღებული ფოტო, აღწერაც არ შეიძლება, რამდენ განცდას იტევს.

- კი, არის ასეთი ფოტო, - გალის იმჟამინდელი გამგებელი, რუდიკ ცატავა  და შევარდნაძე გალის სამურზაყანოს ბატალიონის ტრაგედიაზე ლაპარაკობენ. წინა ღამეს ამ ბატალიონის რამდენიმე მებრძოლი ერთად ამოწყდა...

შევარდნაძეს აფხაზეთშიც ვახლდი და სამაჩაბლოშიც. მაგაზე მამაცი კაცი არ მინახავს. როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ და შტაბში ბომბი ჩამოგვიგდეს.

იატაკზე დავეყარეთ. ამ დროს გაიღო კარი, დაგვადგა თავზე შევარდნაძე, - რა იყო, ბიჭებო, ერთმა ბომბმა შეგაშინათო?! არადა, იმ ბომბს 10-15 მეტრში ავტობუსი შუაზე გაეგლიჯა. მეორედ იაპონიაში მივფრინავდით "ილ-68"-ით. უცებ სალონში რაღაც ცეცხლმოკიდებული ბურთი შემოვარდა. ამის დანახვაზე სისხლი გაგვეყინა: სფერული ელვა იყო, მისი აფეთქება და - ჩვენი ფერფლი სამუდამოდ გაიფანტებოდა გალაქტიკაში. რას გვიშველიდა, მაგრამ უნებურად იატაკზე გავწექით. ამ დროს გამოვიდა შევარდნაძე, შეგვათვალიერა და, - რა მოგივიდათ, საშიში რა არისო! თვალიც არ დაუხამხამებია. ამასობაში ის ბურთი სალონიდან გაიწოვა - ყველა თვითმფრინავს აქვს ელვის ენერგიის გამწოვი, თუ რასაკვირველია, აფეთქებას გადაურჩა.

- მოკლედ, ფოტოაპარატმა "ბედსა გწიათ", მაგრამ ხიფათიც ხომ შეგამთხვიათ...

- უხიფათოდ ცხოვრებას რა ინტერესი აქვს! ფოტოგრაფები სხვის ომში მიდიან გადასაღებად და ჩემს ომში როგორ არ წავიდოდი! მაგრამ ომი ისედაც საშინელებაა და ჩემს ომებს რომ ვიღებდი, კიდევ უფრო საშინელი იყო, - რა არ გადავიტანეთ, თუ ამას გადატანა ჰქვია, ჩვენი მიწა სხვას აქვს!.. ისე, ჩეჩნეთის ომშიც ვიყავი, - "როიტერის" სააგენტომ გამგზავნა სოლიდური ჰონორარით, - უცხოეთის ომებში სწორედ ეს არის მთავარი, გარდა აზარტისა და ინტერესისა, სიკვდილზე წასვლას მატერიალურადაც უნდა ჰქონდეს სტიმული. ამ ალმოდებულ გროზნოში ვიღაცებმა რომ დაინახეს, უცხოელი ჟურნალისტები ჩამოდიანო, ევაკუირებული მოსახლეობის ბინების გაქირავება დაიწყეს. მთელი ჩვენი სადარბაზო ერთს ჰქონდა დაქირავებული და მერე ჩვენ მოგვაქირავა, - 8 კაცი 1.000 დოლარს ვიხდიდით.

იმ დროს ბასაევი სამშობიაროში შევარდა, მშობიარეები ტყვედ აიყვანა და რუსებს ულტიმატუმი წაუყენა, - თუ არ გამატარებთ, ამათ დავხოცავო. ამის გადასაღებად დამწვარ მანქანაზე ავძვერი. მაშინ რუსები დაჰყაბულდნენ და ბასაევი დერეფნით გაიყვანეს. ისე, მაგარი ხალხია ჩეჩნები, - აგერ, ჩეჩნის ქალები აქციას ატარებდნენ, - "ძირს იარაღი და შეწყდეს სისხლის ღვრაო", მერე იღებდნენ ავტომატებს და შვილებს უდებდნენ ხელში, - მიდი, იომეო! ამ ქალების თვალებში რომ ჩაგეხედა, ჟრუანტელი დაგივლიდა.

- ჟრუანტელის მომგვრელი თვალები ქართველების ფოტოებზეც ბევრია. ჭაბუა ამირეჯიბის თვალები ლამის მთელ სამყაროს დასცქერის ზემოდან... ეს ფოტო როგორ გადაიღეთ?

- ყველას თვალებში ის ჩანს, რაც თავად კაცშია. ფოტოგრაფმა კი ის წამი უნდა დაიჭიროს, როცა ეს ზედაპირზე ამოვა. იმ დღეს ჭაბუა დავით გურამიშვილის მედლით დააჯილდოეს. ვასიკო მაღლაფერიძემ უთხრა, - ასეთი ჯილდო მხოლოდ თქვენ და პატრიარქს გაქვთ მონიჭებულიო. ის ხომ ვერ ლაპარაკობდა, - ერთი გამჭოლად შეგვათვალიერა და მერე დაგვიწერა, - "აბა, სად უწმინდესი და სად -  მე!"

- ყველა ფოტოს გადაღება გახსოვთ?

- ყველასი. თვალი რომ დავხუჭო, ყველა კადრი გაცოცხლდება, ყველა გამოხედვა...

- რაღაც სევდა გაკრთა თქვენს ხმაში, წლების გასვლას თქვენი ფოტოკადრებივით თქვენც მძაფრად აღიქვამთ?

- ეგ სიმძაფრე კი არა, სიღრმეა. რაც ბევრი წელი აქვს გავლილი ადამიანს, მით მეტ სიღრმეში "გადაიხედება" მისი ფოტოდან.

- როცა ინტერნეტით წლის ბოლოს წლის საუკეთესო ფოტოებს ვათვალიერებ, თქვენს ფოტოებსაც ველი ხოლმე...

- შესაძლოა ეს ჩემი ნაკლიც არის, მაგრამ ჩემი ფოტოები არც ერთ კონკურსზე არ გამიგზავნია. ყოველთვის სხვები გზავნიან და მათი დამსახურებაა, რასაც მივაღწიე...

რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში ვმუშაობდი, სან-ფრანცისკოში. კალიფორნიის შტატში ხშირად არის ხანძრები. მე რომ ვიყავი, მაშინაც დაიწვა ერთი სოფელი. იმ სოფელში ფოტორეპორტაჟი გავაკეთე და "ნიუ იორკ თაიმსსა" და "ვაშინგტონ პოსტში" გავგზავნე. ორივე გაზეთმა მეორე დღესვე პირველ გვერდზე გამოიტანა. აი, ასეა. მაგრამ როგორც ბატონი ჭაბუა იტყოდა: "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს"...