"ზურაბ ჟვანიას უშუალო ნებართვით მოგვცეს აქ ჩამოსვლისა და სიმღერის უფლება" - კვირის პალიტრა

"ზურაბ ჟვანიას უშუალო ნებართვით მოგვცეს აქ ჩამოსვლისა და სიმღერის უფლება"

ლელა ვეფხვაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც 9 აპრილს, ერთ მუშტად შეკრულ, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ საქართველოს სიმღერით ამხნევებდა. როგორც "კვირის პალიტრამ" შეიტყო, მასსა და მის ქალიშვილს ახლახან ერევანში გვარის სომხურად გადაკეთება შესთავაზეს.

საკუთარ გაჭირვებულ ყოფაზე თავად ლელა ვეფხვაძე გვესაუბრება.

-  ერთადერთი  მე დავრჩი ცოცხალი, იმათგან, ვინც 9 აპრილს უკრავდა  და  მღეროდა. ესენი იყვნენ: ზურა რაცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი, თინათინ ბირკაძე. თინა  სამი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.… ახლა მეტროში მისი ვაჟი, ბაკური მღერის. არ მინდოდა მისთვის  ხელი შემეშალა და  მოშორებით ამიტომ დავდექი.

- 9 აპრილს, თქვენი წკრიალა ხმით ნამღერი "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს" - დღესაც ყურში ჩაგვესმის...

- მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ენერგიაც მეტი გვქონდა და ხმაც უფრო სუფთა. ეს ყველაფერი ორი ათეული წლის წინ იყო. ყოველდღიურად მეტროში ყოფნა და სიმღერა ხმასაც აფუჭებს და ჯანმრთელობასაც სპობს. ნესტმა სახსრები დამიავადა. მარცხენა ხელი იმდენად მაწუხებს, რომ ხანდახან თუ არ დავასვენე, ვეღარ ვუკრავ. უფალს ყველაფრისთვის მაინც მადლობას ვწირავ... უფრო ცუდად ვიყავით, როცა მეტროში სიმღერისა და მოწყალების მიღების უფლებას არ გვაძლევდნენ.

- ეს როდის იყო?

- "ვარდების რევოლუციის" მერე…ისე გაგვრეკეს ამ ადგილიდან, თითქოს საზოგადოებისთვის საშიში რეციდივისტები ვიყავით...   ბოლოს, ზურაბ ჟვანიას უშუალო ნებართვით მოგვცეს აქ ჩამოსვლისა და სიმღერის უფლება. წელიწად-ნახევრის წინ "წესრიგის დამცველებს" კიდევ რაღაც მოელანდათ, ისევ გამოგვყარეს მეტროდან. უსინათლოებმა კანცელარიასთან აქცია მოვაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვრთეს აქ სიმღერის  ნება.

- გვახსოვს, თქვენი პატარა გოგონა, ნატო ვეფხვაძე, რომელიც მეტროში დიდი ხანია აღარ მღერის. ეტყობა, მის ხმას ძალიან უფრთხილდებით...

- დიახ, ასეა.… ნატო უკვე პატარა აღარ არის. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საესტრადო ვოკალურ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩააბარა. ნატო შეეცადა სხვადასხვა კონკურსზე გასულიყო, მაგრამ არსად აძლევდნენ მონაწილეობის უფლებას. არც "ნუცას სკოლაში"  მიიღეს და  არც "ჯეოსტარში".

- ნატო "ჯეოსტარის" შესარჩევი ტურებიდან ნამდვილად არ გვახსოვს.

- ის სატელევიზიო ჩანაწერებშიც მიზანმიმართულად არ გამოაჩინეს. მარინა ბერიძემ ჩემს შვილს პირდაპირ  უთხრა, - საერთაშორისო ფესტივალებზე ვერ გახვალთ. "ჯეოსტარში" მონაწილეობის უფლება რომ მოგცეთ, შესაძლოა, პროექტის გამარჯვებულიც გახდეთ, მაგრამ მე ეს არ მჭირდებაო. ალბათ ასეთი ხელისკვრის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ნატოს მხედველობის პრობლემა აქვს. თითქოს ყველა ბევრს ლაპარაკობს, რომ უსინათლოებისა და ინვალიდების ინტეგრაცია უნდა მოხდეს დანარჩენ საზოგადოებასთან, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ამისთვის მზად არავინ არის...…

- დიანა ღურწკაიასთვის წარმატებებში უსინათლობას ხელი არ შეუშლია.

- დიანა ღურწკაია ჩემს სკოლაში სწავლობდა, კარგად ვიცნობ, ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ მას გზის გაკვალვაში ძმა დაეხმარა. იგი დიანას დღემდე აფინანსებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. ჩემს ნატოს ძალიან ლამაზი  ხმის ტემბრი აქვს. ჩემი აზრით, მისი სახით ჟიური კონკურსების შესარჩევ ტურებში თავის ფავორიტებს ძლიერ კონკურენტს აშორებს.  იცით, ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება? ქართველებს თავიანთის დაფასება არ უყვართ, სხვისას უფრო ხედავენ და ამჩნევენ. ახლახან  ერევანში სომეხი ბიზნესმენის მიწვევით ჩავედით, რომელმაც იქაურ მუსიკალურ საზოგადოებას წარუდგინა ჩემი შვილი. ნატომ ედიტ პიაფის "ცხოვრებას ვიწყებ ნულიდან" შეასრულა, დარბაზში აღტაცების ოვაციები ისმოდა  (ქალბატონმა ლელამ ტელეფონით გაკეთებული ჩანაწერი მომასმენინა, სადაც ნატო სულ "ბრავო, ბრავოს" ფონზე მღეროდა. - ე.ა.). მოკლედ, ერევანში გვარის სომხურად  გადაკეთება შემოგვთავაზეს იმ პირობით, რომ ჩემს ქალიშვილს კლიპსაც დაუმზადებდნენ, დისკსაც... და ვარსკვლავად აქცევდნენ. ალბათ, ყველასთვის ძნელია ეროვნებისა და გვარის შეცვლა, მაგრამ  ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია. მახსოვს, ის ეროვნული მუხტი, რამაც 9 აპრილს  შეკრა და გააერთიანა ქართველობა. ჩვენს სიმღერას ხალხი მას შემდეგ იცნობს. იმ დროიდან მოყოლებული სიყვარული და სითბო არ გვაკლდება. ამიტომ საკუთარ გვარზე უარის თქმა ამ ყველაფრისთვის ხაზის გადასმად მივიჩნიეთ და სამშობლოში დავბრუნდით.

თუმცა, ნატოც ძალიან მეცოდება, რომლის მომავალიც შესაძლოა სასიკეთოდ შეცვლილიყო. აქ კი ის თვითრეალიზებას ვერასოდეს მოახდენს. იანვრის ბოლოს ისევ ერევანში გველიან...

- დღესდღეობით თქვენი შემოსავალი მხოლოდ მეტროში აღებული გასამრჯელოა?

- პენსიას აქ ნაშოვნი ფულიც ემატება. მოკლედ, მშივრები არ ვართ.

ამ ახალ წელს ხელგაშლილად ვერ შევხვდით, მაგრამ მცირედისთვისაც უფლის მადლობელი გახლავართ. თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წყალობა გაიღო და ჩემისთანა გაჭირვებულს გვერდით დაუდგა. მე მათ დილის ლოცვებში ყოველდღე მოვიხსენიებ. ღმერთმა სიკეთე მისცეს თითოეულ მათგანს!