"ცხენმა შვილი გადამირჩინა" - კვირის პალიტრა

"ცხენმა შვილი გადამირჩინა"

კაცის და ცხენის სევდიანი ამბავი

გინახავთ გაჭენებული ცხენის უნაგირზე შემდგარი მხედარი? ალბათ, საუკუნეების განმავლობაში მრავალი ასეთი და უფრო რთული ილეთის მომსწრეა ცხენოსნობის უძველესი კულტურის მქონე ქართველი ერი. დღეს გასაოცარი ილეთების შემსრულებელი ნუგზარ გიოშვილი ასაკის გამო ვეღარც ბედავს მაყურებლის გაოცებას. არადა, ოდესღაც არა მხოლოდ კინოში იღებდნენ, როგორც საუკეთესო კასკადიორს, ჰოლანდიაში დედოფლის საიუბილეო ღონისძიებაზეც მიიწვიეს და სხვა ქართველ ცხენოსნებთან ერთად ევროპელები გააოცა.

ნუგზარ გიოშვილი დღეს ერთ-ერთ კერძო სატყეო მეურნეობაში მუშაობს და გარემოს დაცვაზე ზრუნავს...

-  ბავშვობაში კახეთში ნათესავებთან რომ ჩავდიოდი, ცხენებს მიმალავდნენ, რადგან ვწვრთნიდი და მათთან ერთად კონცერტებს ვატარებდი. დაიწყებოდა თუ არა არდადეგები, სოფელში გავრბოდი და მეზობლები ერთმანეთს აფრთხილებდნენ, მოვიდა ცხოველების რისხვაო. 1983 წელს, ზაფხულში, ჩემი შვილი ბაკურიანიდან არ მოგვყვებოდა, ცხენებიან კარუსელზე უნდოდა ყოფნა. რომ დამეყოლიებინა, დავპირდი, დაბადების დღEეზე კვიცს გიყიდი-მეთქი. გავიდა ერთი წელი და მის დაბადების დღეზე სადღეგრძელო რომ უნდა მეთქვა, ზურგი შემაქცია, მატყუარა ხარო... შემრცხვა და მეორე დღესვე გავიქეცი ყულარში - კარგი ცხენსაშენი იყო - ვუყიდე კვიცი და ქუდია დავარქვი. გზაში მანქანის ძარა ჩავარდა და ცხენმა ფეხი იტკინა. ელდა მეცა, ქუდია იპოდრომზე, ვეტერინართან გავაქანე... ასე დავუახლოვდი ცხენოსნებს.

დიღომში, კინოსტუდიის ახლოს ვმუშაობდი და ქუდიასაც კინოსტუდიის ცხენებთან ერთად ვუვლიდი. ერთ დღესაც შემომთავაზეს, ტრიუკების გაკეთება სცადეო. დავიწყე სწავლება, წვრთნა... მოგვიანებით რამდენიმე ფილმში გადამიღეს. ქუდია არა, მაგრამ მყავდა კინოსტუდიის ცხენი გიგი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. მასთან ერთად წავედი 1990 წელს ჰოლანდიაში, დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე - იქაურმა ჟურნალისტებმა თბილისში ყოფნისას ჩვენი ვარჯიში და ხელოვნება რომ ნახეს, ქალაქ ოლდენზაალში მიგვიწვიეს, იქ საცხენოსნო დღესასწაულები იმართებოდა.  მთელ საბჭოეთში ცხოველის დღიური ნორმა იყო განსაზღვრული ოდენობის ქერი და შვრია, იქ კი ჩვენს ცხენებს ძვირფასი ბოსტნეულით უმასპინძლდებოდნენ. ვერ გაიგეს ჩვენმა ცხენებმა რატომ უნდა ეჭამათ ის, რაც არასდროს გაესინჯათ და ძალით ვატენიდით პირში. ჩვენ რომ ნახერხს ვუყრიდით თავლაში, იქ ბუმბულივით ნამჯას უფენდნენ...

ჰოლანდიაში შესანიშნავი სანახაობა მოვაწყვეთ, მე ერთი ვიყავი, ვინც ცხენზე ფეხით დგებოდა, მაგრამ სხვებიც სასწაულებს აკეთებდნენ... გადარეული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა... ამის შემდეგ ისეთ პოპულარულები გავხდით, რომ ძალინ მალე  ამერიკაში მიგვიწვიეს. შემოგვთავაზეს, თუ ჯგუფს შეკრებთ და პროგრამას მოამზადებთ, 1992 წელს, ამერიკაში გურულების პირველი ჩასვლიდან მე-100 წლისთავზე, გელოდებითო. სამანეჟო პროგრამა უნდა მოგვემზადებინა. მანეჟში ტრიუკების შესრულება იოლია, რადგან რამდენიმე წრეზე იოლად ახერხებ ცხენის მართვას, ჩვენ კი პირდაპირ მანძილზე გარბენისას ვმუშაობდით, რაც ძალიან ძნელია - მოკლე მანძილსა და წამებში უნდა გათვალო ყველაფერი და შენი სხეულიც და ცხენიც ერთდროულად მართო... მოკლედ, საქართველოში მძიმე დრო იდგა, ჩვენ კი ცხენები ვიყიდეთ, თბილისის ზღვაზე თავლა გავაკეთეთ, ცირკი დავიქირავეთ და შევუდექით პროგრამის მომზადებას. ცირკში მუშაობდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შესანიშნავი ილეთების მცოდნე ნანა მელქაძე. ნანა ერთადერთი ქალი იყო, რომელიც გაქანებული ცხენის მუცლის ქვეშ ძვრებოდა. მასთან ერთად პროგრამა მოვამზადეთ, მაგრამ რად გინდა - მაშინდელმა ხელისუფლებამ  ამერიკაში არ გაგვიშვა და ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა... ერთხელ ვარჯიშის დროს, წვიმიან ამინდში უნაგირზე ფეხი დამიცურდა და ქვას დავარტყი. წამებში მთელი კიდური გამიშავდა. ერთი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი.

ერთ დღეს მოვიდნენ ბიჭები, უნდა წამოხვიდე თავლაში, შენი ცხენი არ ჭამს და ახლოსაც არ გვიკარებსო. რომ მივედი, იდგა შეკაზმული და შეშლილი. დამინახა თუ არა, დაწყნარდა.

საოცარი ვინმე იყო. დიქტორი ერქვა პასპორტით, გიგი მე შევარქვი. ჩემი უმცროსი ვაჟი ცოცხალი რომ მყავს, მისი დამსახურებაა. ისეთი გონიერი იყო, რომ ვენდობოდი, ბავშვთან ერთად სასეირნოდ ვუშვებდი. ერთხელ ჩემმა ცხენმა შვილი გადამირჩინა. ერთ დღესაც მოდის უცნაურად გაფართოებული თვალებით, თითქოს წელს მოათრევს, ჩემი შვილი ზურგზე აზის. თვალებით მეუბნება, ჩამოსვიო. ცხენს ბარძაყზე დობერმანის ჯიშის ძაღლი კბილებით ჩაჰფრენოდა და არ ეშვებოდა. სისხლი გამეყინა იმის წარმოდგენაზე, რა შეიძლება მომხდარიყო, ცხენი ყალყზე რომ შემდგარიყო, ამ საოცარმა არსებამ კი დიდი ტანჯვის დათმენით მომიყვანა ბავშვი! წარმოგიდგენიათ, რა ტკივილს გაუძლო? ბავშვი მოვაცილე თუ არა, ცხენმა ძაღლი ფეხის ერთი გაქნევით ზემოთ გატყორცნა... ჰოლანდიაში სხვა ცხენებთან ერთად აუქციონზე გაყიდეს გიგი. ჰოლანდიაში წასვლა ერთ-ერთმა მაშინდელმა კოოპერატივმა დააფინანსა, ცხენებიც მისი იყო. გიგი აქ ათას მანეთად იყიდეს, ვემუდარებოდი ხელმძღვანელს, 6.000 მანეთს გაძლევ, ოღონდაც დამითმე-მეთქი,  მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჰოლანდიაში კი განა ძვირად - 6.000 დოლარად გაყიდა და ეს მაშინ, დოლარი 30 კაპიკი რომ ღირდა. ვერ ვუყურე მისი წაყვანის პროცესს... ბიჭები მეუბნებოდნენ, ძლივს შეიყვანეს მანქანაში, გეძებდა, ყველაფერი დაანგრიაო. უკეთეს მცველს ვერ ინატრებდი. სულ უკან დამყვებოდა. ახლაც მგონია, რომ სახლიდან გამოსვლისას უკან მომყვება და მიცავს.