"რატომ ღირს ასე ძვირი იაფი ელექტროენერგია საქართველოში?" - კვირის პალიტრა

"რატომ ღირს ასე ძვირი იაფი ელექტროენერგია საქართველოში?"

1997 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის საფასური 300%-ით არის გაზრდილი

"მაგ ჭაღს მხოლოდ ახალ წელსა და აღდგომას ვანთებ"

ამას წინათ ერთ მარტოხელა პენსიონერთან ვიყავი სტუმრად. სახლში შესვლისთანავე, პირველი, რაც თვალში მეცა, ძველმოდური, მაგრამ ულამაზესი ბროლის ჭაღი იყო, რომელზეც მეტად შეუფერებელ მწვანე სადენზე ერთადერთი 100-ვატიანი ნათურა ჩამოეკონწიალებინათ. ვიფიქრე, ეტყობა, ჭაღი აღარ მუშაობს, გადაიწვა-მეთქი. მასპინძელმა ჩემი მზერა დაიჭირა და დანანებით მითხრა: - ეჰ, შვილო, მაგ ჭაღს მხოლოდ ახალ წელსა და აღდგომას ვანთებ. აბა, პენსიონერ ქალს მაგდენი ფული ვინ მომაშავა, ამ ერთი ნათურის საფასურის გადახდაც კი მძიმე ტვირთია ჩემთვისო.

საქართველოში 1997 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის საფასური 300%-ით არის გაზრდილი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი ჩვენთან ღირს. ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ელექტროენერგიის სიძვირეს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის ლაბირინთებს რას გაუგებ კაცი.

მიუხედავად ქართული ეკონომიკის სადავეებთან მოკალათებული ჩინოვნიკების ჩაკვარახჭინებული "ეკონომიკური სასწაულისა", ჩვენ შევეცადეთ ამ ხლართებში მაინც ჩაგვეყო ცხვირი.

მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ "ენგურჰესს" (რომლის წილი უდიდესია ქვეყნის ენერგოწარმოებაში) თურმე (ეს თავად მითხრა "ენგურჰესის" ერთ-ერთმა მენეჯერმა) ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება ერთი თეთრი უჯდება, მოსვენება დავკარგე. ნეტავ რა დავუშავეთ ხელისუფლებას, ასე უმოწყალოდ რომ გვექცევა? საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 2006 წელს კიდევ ერთხელ გაზარდა და ახალი დიფერენცირებული ტარიფები დაადგინა.

ამ ახალ წელს არ გვინდოდა მკითხველისათვის გული გაგვეხეთქა, მაგრამ სიმართლე დაუნდობელია და მისი დამალვა ვერაფერი სამსახური იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.

ამიტომ გთავაზობთ ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ტარიფებს, რომლებიც ოფიციალურად სემეკის დადგენილებაშია მითითებული. მაშ, ასე: "ენგურჰესს", ოფიციალურად, ერთიI კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება - 2,13 თეთრი, "ვარდნილჰესების კასკადს" - 1,17 თეთრი უჯდება, "ვარციხჰესს" - 1,25, "ხრამჰესს" - 1,76. ამ სიაში შედარებით მაღალი ტარიფები დაფიქსირებული აქვთ "ენერგოპროს" ობიექტებს: "გუმათჰესების კასკადს", "ძევრულჰესს", "რიონჰესსა" და "შაორჰესს". აქვე მითითებულია თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაც, რომელიც 6-დან 8 თეთრამდე მერყეობს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ მონაცემებით შეწონილი (საშუალო) ტარიფის ღირებულება, 4,45 თეთრს არ აღემატება.

გენადი მესხია, ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დოქტორი, მცირე, მინი და მიკროჰესების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ელექტროენერგიის ტარიფი წარმოების, დისპეტჩერიზაციის, დანაკარგების, განაწილების საფასურისგან შედგება. თვითO წარმოების ტარიფი კი არის შეწონილი ტარიფი, რომელიც ჰიდრო, თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილს მოიცავს. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება.

- სემეკის დადგენილებაში ტარიფის გაზრდა იმითაა ახსნილი, რომ ქვეყნის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი გაზის ღირებულების ხარჯზე იზრდება.

- ეს დადგენილება სემეკმა 2006 წელს გამოსცა. როცა ტარიფს ადგენდნენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფში თბოელექტროსადგურების წილი 28%-ს შეადგენდა. მას შემდეგ თბოელექტროსადგურების წილი მკვეთრად შემცირდა, მკვეთრად შემცირდა მასობრივი გამრიცხველიანების გამო კომერციული და ტექნიკური დანაკარგიც. ბუნებრივია, ამას ზეგავლენა უნდა მოეხდინა ტარიფზე, მაგრამ მის შემცირებაზე არავის უფიქრია.

იმ კომპანიებს, რომელთაც განცხადება შეიტანეს სემეკში და ტარიფის გაზრდა მოითხოვეს, ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ელექტროენერგიის თვითღირებულება. ტარიფი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც სემეკს დადგენილებაში აქვს მითითებული - მინიმუმ 3-4 თეთრით მაინც.

- "ენგურჰესს" ამ დადგენილების მიხედვით ელექტროენერგიის გამომუშავება 2,13 თეთრი უჯდება, სინამდვილეში კი თურმე 1 თეთრს არ აღემატება. გამოდის, წარმოების ტარიფებიც ხელოვნურად არის გაზრდილი?

- რომ ვამბობ, ელექტროენერგია 3-4 თეთრით იაფი უნდა იყოს-მეთქი, იმ ოფიციალურ მონაცემებს ვგულისხმობ, რაც სემეკის დადგენილებაშია მითითებული. სინამდვილეში რა უჯდება ამა თუ იმ ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავება, ვინ იცის, ვინმემ შეამოწმა? რა ფასიც მოუვიდა "კომერციულ გუნებაში" ენერგოკომპანიას, ის დააწესა და სემეკმაც მექანიკურად, შემოწმებისა და კონტროლის გარეშე დაუმტკიცა.

- ე.ი. მეტი მოგების მისაღებად კომპანია ყოველთვის შეეცდება, იცრუოს?

- ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. სემეკი სიტყვაზე ენდობა კომპანიებს და ეს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია, სხვაზე რომ არაფერი ვიფიქროთ. საეჭვო სხვა გარემოებაც არის: სემეკმა ამ ბოლო დადგენილებით რატომღაც მხოლოდ 9 ჰესს გაუზარდა ფასები და ტარიფებზე ახალი დაანგარიშებები მიატანინა. გეკითხებით, რატომ მხოლოდ ცხრა ჰესს?

"ტარიფის მორგებას" სხვადასხვა მიზნისთვის, თავის დროზე, ხელს უწყობდნენ ნოღაიდელი და ბენდუქიძე, სემეკი მათ ხელში ბრმა იარაღი იყო. ზემოჩამოთვლილი ობიექტები, ძირითადად ერთ კომპანიას - "ენერგოპროს" ეკუთვნის. გენერაციისა და განაწილების ენერგოობიექტების ერთი მეპატრონისთვის მიყიდვა სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძის "ელექტროენერგეტიკის რეფორმის" პროექტის საფუძველი იყო. ამ მზაკვრული პროექტით "ენერგოპრო" ენერგიის 61%-ის მფლობელი გახდა. რატომღაც არავინ დაინტერესებულა, ვისი მითითებითა და დირექტივებით გაზარდა სემეკმა ტარიფები? რამდენად სწორია გენერაციის ობიექტების ერთი მეპატრონისთვის გადაცემა? ამან ხომ ელექტროენერგიის წარმოების მონოპოლიზება გამოიწვია? როგორც მინისტრი ამბობს, ელექტროენერგიას თურმე 4 ქვეყანაში ვყიდით. სამაგიეროდ, არასაკმარისად გვაქვს მაღალი სიმძლავრის გადამცემი ხაზები. 2003-04 წლებში სპეციალისტებს არაერთხელ გვითქვამს, რომ მისახედი იყო მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ეს მომგებიანი იქნებოდა არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. ახლა გამოფხიზლდნენ და 500-კილოვატიანი ხაზის მშენებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი.

მთავრობა იგნორირებას უკეთებს ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, მათ შორის თვითდაფინანსებად პროგრამებსაც. ეს არის სახალხო პროექტი, რომელიც "სიმენსის" ეკონომნათურების მოსახლეობისთვის უფასოდ დარიგებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყნებმა გამოიყენეს: ეკონომნათურები საბიუჯეტო სახსრებით შეისყიდეს და მოსახლეობას უფასოდ ან სიმბოლურ ფასად მიაწოდეს. 5,6 მლნ ცალი ენერგოდამზოგი ნათურის დანერგვით ქვეყანაში ყოველწლიურად 1145 მლნ კვტსაათი ელექტროენერგია დაიზოგებოდა, პიკის საათებში ენერგოქსელში სიმძლავრის დეფიციტი 400 მეგავატით შემცირდებოდა. ამ პროგრამას ყველანაირად ხელს უშლიან. ევროკომისიაში მითხრეს, ძალიან კარგი პროექტია, ლობირებაც გავუწიეთ, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას ჩვენ ვერაფერს ვუბრძანებთო!

P.S. ბუნებრივია, ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს უბრძანებს, მათ შორის, ვერც თავისი მოსახლეობის სიყვარულს. ამისთვის ელემენტარული რამ, ნებაა საჭირო.