ალადასტური 15 ლარი, რქაწითელი - 10?! - კვირის პალიტრა

ალადასტური 15 ლარი, რქაწითელი - 10?!

ვაზის ქვეყანაში ყურძენს  "ცეცხლი ეკიდება"

- ა, ბატონო, წიწაკაა იაფი. მწარეა და არ ფასობს, ტკბილს კი, ყველაფერს, კარგი ფასი აქვს

"ეს რა არის, ფასები მომავალ წელს ნახეთ"

- ალადასტური 15 ლარი, რქაწითელი 10 ლარი, ჰა, 8 ლარადაც შემიძლია მოგცე.

- რა ამბავია? ვაზის ქვეყანაში ვართ...

- აბა, როგორ! ახალი წელია!

- მერე ახალი წლის გამო დაადეთ ყურძენს სარეკორდო ფასი?

- გგონია, ბევრს ვუმატებ? მხოლოდ 2 ლარს ვიგებ კილოდან.

- ახლა შენ რომ მყიდველი იყო, როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე?

- თუ გინდა, იყიდე, თუ არა და გაიარე. დაკითხვებისთვის არ მცალია.

ასეთი დიალოგი გაიმართა საბურთალოს ბაზარში ჩემსა და ერთ-ერთ მოვაჭრეს შორის, როდესაც ყურძნის ფასით აღშფოთება ვერ დავფარე. გამყიდველი გაცხარდა, ჩანთიდან დიქტოფონი და ფოტოაპარატი რომ ამოვაძვრინე და ბაზარში რიგითი მყიდველის სტატუსით მისულმა ჟურნალისტური საქმიანობა დავიწყე. ამ ახალ წელს რას ინტრიგანობ, წადი, სხვა დახლს გადაუღეო, - შემიბღვირა გამყიდველმა და ჭკნობაშეპარულ მტევნებს ისე დააფარა ხელი, თითქოს ავი თვალისგან იცავდა.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ძვირად ღირებული ყურძნით საბურთალოს ბაზარში რამდენიმე კაცი ვაჭრობდა. ერთ-ერთი გამყიდველის გამჭოლი მზერა რომ დავიჭირე, მისკენ გავემართე, - ასე უცნაურად რატომ მიყურებ-მეთქი.

- იმიტომ, რომ არა ხარ მყიდველი. შენნაირი აქ ბევრი მოდის. იკითხავენ ფასს, მერე "ლექციას" წაგვიკითხავენ, რატომ არ უნდა ღირდეს ყურძენი ასე ძვირი და გაიქცევიან ვიშვიშით. დავიღალე.

- გულწრფელად მითხარი, უნდა ღირდეს რქაწითელი ასე ძვირი, როდესაც შემოდგომაზე, რთველზე, ჩალის ფასი აქვს და 50 თეთრად ძლივს ყიდიან გლეხები?

- ყურძენი და ნებისმიერი პროდუქცია სეზონზე ყოველთვის იაფი ღირს. ამიტომაც ჩვენც იაფად ვყიდით, მაგრამ დღესასწაულებზე ყველაფერი ძვირდება. სხვა დროს სომხური ყურძენიც შემოდიოდა საახალწლოდ და ყურძნის ფასის ზრდას ეგ ამუხრუჭებდა. ახლა უცხოური სუფრის ყურძენი რატომღაც არ შემოვიდა, ამიტომაც გაიზარდა ფასები.

- ზედმეტად გაზრდილი არ გეჩვენებათ?

- დეკემბერში ქართული ყურძენი საერთოდაც რომ არის, ძალიან გასაკვირია. აქ რასაც ხედავთ, მაცივრებში შენახულია. შენახვა კი ძვირი ჯდება. აი, სახელმწიფო რომ ელექტროენერგიას გააიაფებს, მაშინ ყურძნის შენახვაც იაფი დაჯდება და საახალწლოდ ასე აღარ გაძვირდება. არ იყიდება. ახლა ცოტ-ცოტას მაინც ყიდულობს ხალხი. კილოგრამობით ვერ მიაქვთ, როგორც ადრე, მაგრამ საახალწლო სუფრის დასამშვენებლად გული არ უძლებთ, ერთი-ორი მტევანი რომ არ გაიყოლონ. ისე, უფრო ის უკვირთ, ამ დროისთვის კარგი ყურძენი როგორ გაქვთო. ფასი არც ისე აკვირვებთ. მე თუ მკითხავ, გასაკვირი მართლაც არაფერია, ხანდახან ახალი წლისთვის გოჭი ძალიან ძვირია, ზოგჯერაც ინდაურზე იაფია. ბაზარი ასეა: ხან იაფია, ხან ძვირი. ა, ბატონო, წიწაკაა იაფი. მწარეა და არ ფასობს, ტკბილს კი, ყველაფერს, კარგი ფასი აქვს.

საუბარში მეზობელი დახლიდან ჩაგვერთვნენ:

- მე გეტყვი, ბიძიკო, რა ხდება. ხელისუფლებამ გლეხებისგან შემოდგომაზე 50 თეთრად ყურძნის დიდი პარტია იყიდა და ბაზარზე მონოპოლია აიღო. ფასებს ეგენი აკონტროლებენ. აბა, გაბედე და შენი გამოიტანე იაფად, მაშინვე დაგაცხრება ვიღაც და პასუხს მოგთხოვს, ფასს რატომ აფუჭებ ან ეს ყურძენი საიდან გაქვსო. ამბობენ, სომხეთიდანაც მაგათ დაბლოკეს იმპორტიო. აქ მაცივრებში დიდი რაოდენობით ყურძენი აქვთ გასაყიდი და სხვას როგორ შემოატანინებენ? შემოდგომაზე რომ გადაუხადეს გლეხებს კაპიკები, ახლა ის ფულიც უნდა ამოიღონ და მოგებაც ნახონ. მერედა, იცი, რამხელა მოგებას ნახავენ? ეს რაა, წლევანდელი ფასები ზღაპრულად მოგეჩვენებათ მომავალ წელს. იცი, რა ფულს აკეთებენ? კვების ყველა ობიექტს ეგენი აწვდიან შემოდგომაზე ჩალის ფასად ნაყიდ ყურძენს. მოკლედ, სანამ ეყიდებათ, ფასებსაც გაზრდიან.

P.S. ბაზრიდან გამოსვლისას პროდუქტით სავსე ჩანთებიან ქალს ვკითხე, ყურძენს არ ყიდულობთ-მეთქი? რას ამბობ, ისეთი ფასი აქვს, რომ ვჭამო, ტკბილი მწარედ მომეჩვენებაო.