"რუსეთი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა" - კვირის პალიტრა

"რუსეთი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა"

"როგორც ჩანს, მონური ფსიქოლოგია მოგვერია"

ოლიმპიადის გახსნის შემდეგ ქართველ საზოგადოებაში კამათმა თემაზე - უნდა წასულიყო თუ არა ქართული სპორტული დელეგაცია სოჭში, პიკს მიაღწია. აზრი, როგორც თავიდან, ამჯერადაც ორად არის გაყოფილი. "კვირის პალიტრამ" რამდენიმე მოსაზრება მოისმინა.

გოგა ხაინდრავა: - ხელისუფლების მოქმედება პრაგმატიზმით უნდა იყოს განპირობებული. მიმაჩნია, რომ ბოიკოტის შემთხვევაში მარტო დავრჩებოდით. ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორიც არიან აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი - ბოიკოტში არ მონაწილეობენ და ვინ გაიგებდა ჩვენს ხმას? ოლიმპიადების დროს ომები ჩერდებოდა. ფაშისტურ ბერლინში გამართული ოლიმპიადისთვის ბოიკოტი არავის გამოუცხადებია. ფაშისტებს სძულდათ ფერადკანიანები, ადამიანებად არ თვლიდნენ, მაგრამ ჯესი ოუენსი ჩავიდა ბერლინში და ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველებსაც აქვთ შანსი, გაიმარჯვონ და ქვეყნის ღირსება დაიცვან.

- ოლიმპიადაზე წასვლის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა გახსნის ცერემონიალზეც კი საქართველოს ისტორია მოჰპარა...

- სად ნახავ უკეთეს არენას, სადაც მთელი მსოფლიო იკრიბება და სადაც რუსეთი საკუთარ ტყუილებში გაება? ოქროს საწმისის ძეგლის აღმართვით და არგონავტების მითის ფრაგმენტით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენს სასარგებლოდ დაუშვა შეცდომა. მან აღიარა, რომ არა მხოლოდ აფხაზეთი, სოჭიც დაპყრობილია და რომ კოლხეთი რუსეთის ტერიტორია არასდროს ყოფილა. ხომ ცნობილია, რომ არგონავტებს რუსეთში არ უმოგზაურიათ! ამ ტყუილის გამოყენება გონივრულად შეიძლება.

სპორტსმენები ოლიმპიადაზე ქვეყნის ღირსების დასაცავად ჩავიდნენ. თუ ასეა, ჩვენ არ უნდა წავიდეთ თურქეთსა და ირანში გამართულ შეჯიბრებებზეც - ჩემთვის უდიდესი დანაკარგია ის ქართული მიწაც, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია. მრისხანე მეზობელთან ურთიერთობისას უგუნურმა საქციელმა რაც მოგვიტანა, კარგად ვიცით და იქნებ გონიერმა ნაბიჯებმა მდგომარეობა გამოასწოროს. მეტსაც გეტყვით, ყველა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მოგვიწონა ეს ნაბიჯი. ბოიკოტი რომ პოლიტიკური იარაღი ყოფილიყო, მას ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები გამოიყენებდნენ, მაგრამ სოჭში ყველა ჩავიდა. პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთის როლსა და მნიშვნელობას ყველა ხედავს... დროდადრო ჩვენი სახელოვანი მეფეებიც თავდახრილი ეახლებოდნენ ხოლმე დამპყრობელს. სამყაროს მართავს არა სამართლიანობა, არამედ პრაგმატიზმი. ფინეთმა თავის დროზე ბევრი დაუთმო რუსეთს, რათა საკუთარი ღირსება და დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა... წავიდა მსოფლიო სოჭის ოლიმპიადაზე? უნდა წახვიდე შენც.

ქეთათო პოპიაშვილი: - ვფიქრობ, რუსეთი ყოველ წამს შეეცდება ჩვენი ღირსების გათელვას. ამიტომაც წინააღმდეგი ვიყავი... არასერიოზულად მიმაჩნია მიდგომა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობით პოლიტიკურად არაფერს ვკარგავთ და რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩირაღდნებით მორბენალი ქართველების ცქერა პუტინის მიერ ათასჯერ დაწინაურებულ კაცთან ერთად, რომლის ვინაობაც თურმე არ იცოდნენ. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის მფრინავი პუტინმა დააწინაურა სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია დაბომბა! პოზიცია, რომ სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, მაგრამ პოლიტიკური დელეგაცია იქ არ მიდის, მწვადის და შამფურის პოლიტიკას ჰგავს. არ მეგონა, ამდენი სიბნელე Uთუ იყო საქართველოში და ადამიანები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ოლიმპიადის გახსნის დღესვე საქართველოს ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო, დანისლული იყო. რუსეთმა კლანჭები გამოაჩინა და შემაშფოთებელია, თუ ვიღაც ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მე და ჩემმა მეგობრებმა ოლიმპიადის გახსნის დღეს, შუა რუსთაველზე გავაბით მავთულხლართი და გადავკეტეთ გზა იმის ნიშნად, თუ რა შეიძლება მივიღოთ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ. როგორც ჩანს, მონური ფსიქოლოგია მოგვერია და საფრთხეს მანამდე ვერ გავაცნობიერებთ, სანამ მართლა რუსთაველზე და მრგვალ ბაღთან არ გაგვივლებენ მავთულხლართს. რუსეთი ყოველ წამს არღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და როცა უნდა, მაშინ შემოგიღებს კარს, რომ უფრო მეტი წაგგლიჯოს!