"საყვარელი" "ჩვეულებრივი" ამერიკული რომანი ამერიკელ საზოგადოებაზე
10-02-2014
"საყვარელი" "ჩვეულებრივი" ამერიკული რომანი ამერიკელ საზოგადოებაზე
ტონი მორისონის სახელი ქართულენოვან მკითხველს ბევრს ვერაფერს ეტყვის, რადგან თქვენ ახლა ქართულად თარგმნილი მისი მხოლოდ მეორე წიგნი გიჭირავთ ხელში (პირველი - "წყალობა" 2013 წელს გამოვეცით). ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: "ჩემს ცხოვრებაზე ბევრად საინტერესო ჩემი წარმოსახვაა", წინასიტყვაობისთვის განკუთვნილ ამ ორიოდე გვერდში მის ბიოგრაფიაზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა: ტონი მორისონი აფროამერიკელი  მწერალი ქალია. იგი 1931 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში, თუმცა მაშინ ქლოა არდელია დაარქვეს და გვარადაც უოფორდი იყო.
ტონი 12 წლის ასაკში კათოლიკედ მონათვლისას მიღებული ახალი სახელის შემოკლებული ფორმაა, ხოლო გვარი მეუღლისგან მიიღო, რომელსაც  მეორე ვაჟზე ორსულად ყოფნისას, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა. 23 წლისამ ოჰაიოში ჰოვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ კორნელის უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის წოდებაც მიიღო და ისევ ჰოვარდში დაბრუნდა, როგორც პროფესორი.

ქმართან გაშორების
შემდეგ საგამომცემლო სფეროში გადაწყვიტა გადასვლა - თვითონაც უკვე ჰქონდა ლიტერატურული ცდები და სხვის ნაწერებსაც დიდი ინტერესით რედაქტორობდა: საგამომცემლო ფირმა "რანდომ ჰაუსში" ისეთი ცნობილი აფროამერიკელების ავტობიოგრაფიები მოამზადა გამოსაცემად, როგორიც არიან მოკრივე მუჰამედ ალი, უფლებადამცველი და პოლიტიკური მოღვაწე ანჟელა დევისი და მსახიობი და პროდიუსერი ენდრიუ იანგი. ამის პარალელურად თავისი პირველი რომანის ("ყველაზე ცისფერი თვალები") ხელნაწერებსაც გზავნიდა სხვადასხვა გამომცემლობაში. ეს რომანი იმ მოთხრობიდან "გაიზარდა", რომელიც ერთ დროს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მწერალთა სემინარზე დაწერა. მასში მოთხრობილი იყო შავკანიანი გოგონას ამბავი, რომელიც ცისფერ თვალებზე - თეთრი ადამიანების "მთავარ უპირატესობაზე" ოცნებობდა. მაგრამ ამ პირველ რომანშიც, ისევე როგორც "საყვარელში", მთავარი თეთრების მიერ დაჩაგრული შავების ამბავი კი არა, არამედ თვით "შავ საზოგადოებაში" არსებული პრობლემებია: როგორ კიცხავენ ცისფერ თვალებზე მეოცნებე გოგონას, ანდა რატომ არ აფრთხილებენ ბეიბი საგზს მეზობლები და მის სიკეთეზე საპასუხოდ კვლავ მონობისათვის წირავენ მის შთამომავლებს ("საყვარელი").

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თვით მწერლის ნათქვამი: "ყველაზე ცისფერი თვალები" სწორედ იმიტომაც დავწერე, რომ რასიზმის შესახებ თვითონ გამეგო მეტი, რადგან ბავშვობაში ეს თითქმის არ მიგრძნია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, და იმის მიუხედავადაც, რომ ტონი მორისონი ხშირად მონაწილეობს როგორც ფემინისტების, ასევე ანტირასისტულ კონგრესებში, მკითხველი ნუ დაელოდება "საყვარელში" ნურც ბიჩერ-სტოუსეული "ბიძია ტომის ქოხის" (ჩიქორთული თარგმანის გამო "ბიძია თომას ქოხად" რომ მოიხსენიებდნენ) პათოსს ("ყველა თეთრი ცუდია, ყველა ზანგი - კარგი") და ნურც მარკ ტვენის ჯიმის გენიალურ მონოლოგებს "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლიდან", რომლებმაც ბევრ ამერიკელს პირველად აფიქრებინა, რომ მათი და მათი მამა-პაპების ყოფილი მონებიც ადამიანები არიან; სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ მწერალი დღემდე არ არის ნამყოფი აფრიკაში და მისი ფრაზაც: მძულს პატრიარქატი, მაგრამ არც მატრიარქატი მინდაო, მრავლისმეტყველია.

ასე რომ, "საყვარელი" არის "ჩვეულებრივი" ამერიკული რომანი ამერიკელ საზოგადოებაზე და ამ თვალსაზრისით არაფერს ცვლის ის, რომ მას საფუძვლად უდევს ცნობილი ტრაგიკული ამბავი უბედური დედისა, რომელმაც საკუთარი ხელით მოკლა შვილი, როდესაც დარწმუნდა, ბავშვს კვლავ მონობა ელოდა.

რომანი 1987 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ წელსვე პულიცერის პრემია მიიღო, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნობელის პრემიების კომიტეტის მკაცრი წევრებიც კი მოხიბლა. თანაც ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ნობელის პრემია ავტორს მისი მთლიანი შემოქმედებისთვის, ან ასეთი ფორმულირებით - "ესა და ეს რომანი და მისი სხვა ნაწარმოებები" კი არ მიენიჭა, არამედ ამ კონკრეტული წიგნისთვის; ჟურნალმა "თაიმმა" კი მორისონის ეს რომანი 1923-2005 წლებში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული 100 საუკეთესო რომანის სიაში შეიტანა - თუკი გონებაში თვალს გადავავლებთ ამ პერიოდის ამერიკელ, ინგლისელ თუ ირლანდიელ ბუმბერაზ მწერალთა და მათ რომანთა სიას, ეს აღიარება ნობელის პრემიაზე არანაკლებად შეიძლება ჩაითვალოს.
"საყვარელის" მიხედვით ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს, მთავარ როლშიც ისეთი პოპულარული მსახიობი და ტელეწამყვანი ათამაშეს, როგორიც ოპრა უინფრია და 80 მილიონიც დახარჯეს. თუმცა ფილმის შემოსავალმა ხარჯის მეოთხედი ძლივს ამოიღო და 1999 წლის "ოსკარზეც" "მხოლოდ" საუკეთესო კოსტიუმების ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ფილმის ლიტერატურული პირველწყაროს ღირსებას - არის ბევრი რამ, რაც ეკრანზე ვერ გადადის, მით უმეტეს, თუ სცენარი ზუსტად არ მიჰყვება წიგნს და ბევრი მნიშვნელოვანი პასაჟი  ამოღებულია. 2005 წელს ლიბრეტო დაიწერა და "საყვარელის" მიხედვით ოპერაც დაიდგა ამერიკაში.

კინო და ოპერა იქით იყოს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ თარგმანში ბევრი რამ იკარგება ორიგინალიდან, მაგრამ არსებობენ ავტორები ან ნაწარმოებები, რომლებიც განსაკუთრებით "ზარალდებიან" ამ მხრივ. ზემოხსენებული "ჯიმის მონოლოგები" (მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლიდან") ამის ერთ-ერთი მაგალითია: ინგლისური ენის საფუძვლიანად მცოდნეები ამბობენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მთარგმნელთა ასწლოვანი მცდელობის მიუხედავად, მათი ემოციის სრულად გადმოთარგმნა შეუძლებელია. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ ტონი მორისონის შემთხვევაშიც ასე ყოფილა: ჩვენ ძალიან კარგ თარგმანს გთავაზობთ, მაგრამ  XIX  საუკუნის ამერიკული სამხრეთის ზანგური სლენგის მარგალიტების სრულყოფილად თარგმნა, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

სასიხარულოა, რომ ამ მკითხველთა შორის ამიერიდან ქართველებიც ვიქნებით.
zviad guruli
01 მაისი 2014 15:33
Jondi-ს
რატომ გაგიკვირდათ? :(

Jondi
11 თებერვალი 2014 06:26
გამიკვირდა ესეთი კარგი სტატია. ჩაგეთვალათ

მორისონის უმრავლესობა ნაწარმოებებისა წაკითხული მაქვს თუმცა ყველაზე დიდი სიამოვნება "სოლომონის სიმღერამ" მომანიჭა. აუცილებლად ეს უნდა იყოს თარგმნილი ქართულად თუ უკვე არ არის.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები