თენგიზ პაჭკორია: გულით სულ სოხუმში ვარ . . . (ექსკლუზივი)
პირდაპირ ეთერში ჩვენებას რომელი რუსი ოპერატორი გაბედავდა... მოგვიანებით კი, უამრავმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა სოჭის ოლიმპიური სტადიონის პრეს-ლოჟაში აღმართული პლაკატი - ჯორჯია, სოხუმი! ბოლო წლებია, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ამ პლაკატით უცხოელებსაც შეახსენებს იმას, რაც ქართველებმა არასდროს უნდა დავივიწყოთ - საქართველო და სოხუმი განუყოფელი ცნებებია! სოხუმელი ჟურნალისტი და მისი პლაკატი აქამდეც არაერთხელ გვინახავს - სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე, იურმალას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების თუ მატჩებისას... "კვირის პალიტრა" თენგიზ პაჭკორიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:
თენგიზ პაჭკორია:
- ასეთ მშვიდობიან "აქციებს" 2011 წლიდან ვაწყობ სპორტული, თუ სხვა სახის ღონისძიებების დროს, ჩემს სულიერ მდგომარეობას გამოვხატავ. 1992-93 წლის ომის შემდეგ, თბილისში მხოლოდ ფიზიკურად ვარ, თორემ გულით და გონებით სოხუმში ვარ! ამიტომაცაა, რომ ყველგან ამ ეკიპირებით – მაისურზე წარწერით "Georgia, Sokhumi" დავდივარ: საქართველოში, ევროპაში, რუსეთში, მათ შორის მოსკოვში და სოჭშიც ვიყავი შარშან. პლაკატი სლოვენიაში გამართულ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზეც გავშალე. ასე ვიყავი იურმალაშიც, ჰოლანდიაშიც და ა.შ. საქართველო ჩემი სამშობლოა, სოხუმი კი მშობლიური ქალაქი -საქართველოს შემადგენელი ნაწილი. სოხუმში გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა, იქ ვხოვრობდი და ვმუშაობდი 1993 წლის 21 თებერვლამდე, სანამ საავიაციო იერიშის შემდეგ არ განადგურდა ჩემი და მეზობლის სახლები, რომლის დროს დაიღუპა ჩემი მამა ბოჩია, მე და დედაჩემმა ნანულიმ კი მივიღეთ მრავალი ჭრილობა. ეს იყო ომი და არავისზე არა ვარ გაბრაზებული, მესმის, რომ ომის დროს იღუპება მშვიდობიანი მოქალაქეებიც ორივე მხრიდან.... იმედია, საქართველო მშვიდობიანად, ყველა მხარის თანხმობით გაერთიანდება. ასე ვფიქრობ და ამასვე ვეუბნები უცხოელებს, როცა წარწერების შესახებ მეკითხებიან...
- ვინმემ იცოდა, რას აპირებდით?
- წინასწარ არავისთვის მითქვამს – არც მეგობრებისთვის თბილისში და არც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელების ან სპორტსმენებისთვის უხერხულობა რომ არ შემექმნა... არც შემიქმნია! თუმცა, ზოგიერთი ისედაც მიხვდა - ვგრძნობდით, ამ პლაკატს სოჭშიც რომ ვნახავდითო......
- როგორც ვიცი, ოლიმპიური სტადიონის პრეს-ლოჟაში თქვენმა პლაკატმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
- სპეციალურად შევარჩიე ადგილი, რომელიც საპატიო ლოჟის გვერდით მდებარეობდა, ზემოდან კი VIP-ლოჟა დაჰყურებდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები ისხდნენ. პლაკატი დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში მეჭირა – ბევრი კოლეგა მეუბნებოდა – შემოტრიალდი, სხვა რაკურსით გადავიღებთო ფოტოებს. ამ დროის განმავლობაში, საპატიო ლოჟიდან მისასალმებელი შეძახილები მომესმა: "ბიჭო, ბიჭო", "გრუზია!" და ა.შ. გარდა ამისა, ქართული დელაგაციის გამოსვლის დროს, პლაკატი აღლუმის ერთ-ერთმა ქართველმა მონაწილემაც დაინახა და ხელით მანიშნა, - გხედავო! წარწერა "Georgia, Sokhumi!" უამრავმა ფოტო და ვიდეო კამერამ დააფიქსირა, სიმბოლური აქციის დროსაც და მერეც - სტადიონზე, ქუჩაში...
- პლაკატით რომელიმე კოლეგა ხომ არ გაანაწყენეთ?
- როცა ჩემს უკან მსხდომი უკრაინელი, მოლდოველი და გერმანელი ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ პლაკატის აღმართვას ვაპირებდი, დახმარება თავად შემომთავაზეს – მითხრეს, ახლა გამოვა საქართველოს დელეგაცია მოედანზეო. სხვათა შორის, გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ისიც კი შემომთავაზეს - რამე გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, სახლამდე მიგაცილებთო... ავუხსენი, რომ ამის საჭიროება არ იყო. მით უმეტეს, ოლიმპიურ სტადიონთან ახლოს ვცხოვრობდი...
- წამითაც არ შეგშინებიათ? რაც არ უნდა დარწმუნებული იყოს თავის სიმართლეში, რუსეთში ასეთი პლაკატის გამოფენას ბევრი ვერ გაბედავდა...
- მე რუსეთში ბევრი ახლობელი და კოლეგა მყავს ნაცნობი, მიუხედავად ომებისა, მე შევინარჩუნე პირადი მეგობრობა ამ ხალხთან. 2012-2013 წლებში იგივე ეკიპირებით ვიყავი სოჭშიც, მოსკოვის ცენტრშიც...
- აგრესია არც ხალხისგან გიგრძნიათ?
- უმეტესობა თბილად მხვდება და ესმის, რას ნიშნავს ეს წარწერა ჩემს სპორტულ მაისურზე ან ქურთუკზე.. ზოგი გაკვირვებით მიყურებს. რამდენიმემ ისიც კი მითხრა, აფხაზეთი ხომ უკვე გამოეყო საქართველოსო?! მე ვპასუხობ - გაეროს მიერ აღიარებული ნორმებით, აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ვეუბნები, რომ მთავარია ის, რომ ჩემს გულში ასეა და მუდამ ასე იქნება, გულისნადების გამოხატვას კი ვერავინ ამიკრძალავს-მეთქი! ბევრი აფხაზი მყავს ახლობელი და ნაცნობი. აფხაზების რადიკალურად განწყობილ დიდ ნაწილს ეს წარწერა არ მოსწონს, ზოგს ესმის ეს ჩემი გულისტკივილი. მე მათ ვეუბნები – ჯორჯია – ჩემი ქვეყანაა, სოხუმი კი – ჩემი მშობლიური ქალაქი და ჩემს გულში სოხუმი საქართველოს ნაწილია და ეს ორი ცნება ჩემთვის განუყოფელია. ვეუბნები, რომ მე მათ არაფერს არ ვართმევ, მე უბრალოდ ვარ სოხუმელი და ამიტომ დავდივარ ასე. არავინ იფიქროს, თითქოს ჩემი მშვიდობიანი აქცია აფხაზების ან რუსების წინააღმდეგ იყოს მიმართული – არავითარ შემთხვევაში, თავისი შინაარსით ეს ჩემი მშვიდობიანი აქცია არის ჩემი და ჩემი ქვეყნის სატკივარი... ქართველ სპორტსმენებს "სოჭი-2014"-სთვის ბოიკოტი რომ გამოეცხადებინათ, მე მაინც ჩამოვიდოდი, ოლიმპიადასაც გავაშუქებდი და პლაკატსაც გავშლიდი სტადიონზე გახსნის დროს!
რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)