"ასეთია ცხოვრება, არავინ იცის, ვის რა ელის..." - კვირის პალიტრა

"ასეთია ცხოვრება, არავინ იცის, ვის რა ელის..."

"3 წელია, აქ ვცხოვრობ, საჭმელი არ მაკლია, წამალი და სითბო, მაგრამ ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე... 82 წლის კაცი ვარ და სხვა რაღა დამრჩენია?

საბჭოთა საქართველოში პირველი საეკლესიო ზარების ქართველი ჩამომსხმელი ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს

გასულ კვირას ავტობუსის გაჩერებაზე ხანში შესული ქალი მომიახლოვდა. თემქაზე, ხანდაზმულთა პანსიონატში რა ნომერი ავტობუსი მიდისო,“- მკითხა და ჯიბიდან ამოღებულ ხურდას დაუწყო თვლა. ძალიან შევწუხდი, არ ვიცოდი, რა ნომერი ავტობუსი მიდიოდა თემქაზე და რითი დავხმარებოდი მოხუცს. ამასობაში ჩემი მიკროავტობუსი მოვიდა. ტრაფარეტზე თემქაც იყო მითითებული და ქალს სამარშრუტო ტაქსიზე“ მივუთითე. ხურდა რამდენჯერმე გადაითვალა და თავი გააქნია. მივხვდი, საკმარისი თანხა არ ჰქონდა და არ მოვეშვი - ამობრძანდით, მე გეპატიჟებით-მეთქი. სახეზე ღიმილი მოეფინა, მადლობის ნიშნად თავი დამიკრა და ორივე #135 მიკროავტობუსში ჩავსხედით...

რამდენიმე დღის წინ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატს ვესტუმრე. აქ რამდენჯერ ვარ ნამყოფი, აღარც მახსოვს. დაცვა მიხსნის, რომ ცუდი ამინდის გამო ყველა ბენეფიციარი თავის ოთახშია. მისგან ვიგებ, რომ ჩემი ძველი რესპონდენტებიდან ბევრი ცოცხალი აღარ არის... პანსიონატი 1980 წელს გაიხსნა. ამ კედლებში სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორიც იყვნენ საბჭოთა კავშირის გმირი, მფრინავი ზაქარია ხიტალიშილი, მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი ზაზა ბაწელაშვილი, ცნობილი პედაგოგი ყარამან ყიფშიძე და პროფესორები ელენე დიდებულიძე და ოტია კახაძე.  ამჟამად პანსიონატში 92 ბენეფიციარია. ყველა მათგანი წარსულით ცხოვრობს.

82 წლის ნიკოლოზ ციბაძეც სამი წელია პანსიონატის მკვიდრია. მისი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, როგორც პირველი საეკლესიო ზარების ჩამომსხმელი საბჭოთა საქართველოში. ინტერვიუზე ძლივს დავითანხმე: გულს უნდა უხაროდეს, რამე რომ გავიხსენო, ჩემს გულს კი არაფერი უხარიაო, - მითხრა.

ნიკოლოზ ციბაძე: - 15 წლისას მშობლებთან კონფლიქტი მომივიდა, შინიდან წამოვედი და  რუსეთს გავეშურე. შორეულ აღმოსავლეთში ამოვყავი თავი. რომ არა შემთხვევით გაცნობილი მამისტოლა კაცი, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა, არ ვიცი. ძეგლებს ასხამდა და საფლავის ქვებს აპირკეთებდა. მან მასწავლა ხელობა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. 9 წელი ვიცხოვრე მასთან. ოჯახის წევრები მეძებდნენ, მაგრამ ვერ მომაგნეს... 25-წლის ვხდებოდი საქართველოში რომ დავბრუნდი. ახლაც მახსოვს, ჩემების გაოგნებული სახეები, როდესაც სახლში შევედი, გარდაცვლილი ვეგონე და მგლოვობდნენ. მერე ოჯახი შევქმენი - მეუღლე პედაგოგი გახლდათ,  ერთი ვაჟი, ბესო გაგვიჩნდა. მეუღლე ოთხი წლის წინ გარდამეცვალა.

- პანსიონატში როგორ აღმოჩნდით?

- ბანკმა სახლი წაგვართვა. ერთოთახიან ბინაში, ჩემი ვაჟი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო. 3 წელია, აქ ვცხოვრობ, საჭმელი არ მაკლია, წამალი და სითბო, მაგრამ ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე. 82 წლის კაცი ვარ და სხვა რაღა დამრჩენია? ასეთია ცხოვრება, არავინ იცის, ვის რა ელის... ბევრი  ღვაწლმოსილი ადამიანია აქ თავშეფარებული, მათთან საუბარს რა სჯობია და მეც ჩემი მტკივნეული გულით ვუერთდები.

გულის ავადმყოფობა იქიდან დამჩემდა, როცა მე და ჩემმა ვაჟმა საეკლესიო ზარების ჩამოსასხმელი საამქრო დავკარგეთ.  გულს უხარია ჩვენი პანსიონატის ეზოში წმინდა მარკოზ ეფესელის სახელობის ტაძარი რომ აშენდა. ამბობენ, ამ წმინდანის სახელზე აგებული ტაძარი დღემდე საქართველოში, რუსეთსა და წარმოიდგინეთ, საბერძენთშიც არ ყოფილა. ბესომ სამხატვრო აკადემია რომ დაამთავრა, მითხრა, საამქრო გავაკეთოთ და ზარები ჩამოვასხათო. პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა და დავიწყეთ ამ მადლიანი საქმის კეთება. ბესო შარშან სიმსივნით გარდამეცვალა. ერთი შვილიშვილი  და შვილთაშვილი დამრჩა.

- პირველი ზარი როდის ჩამოასხით?

- საბჭოთა საქართველოში პირველი საეკლესიო ზარი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 1985 წელს ჩამოისხა, 154 კილოგრამს იწონიდა და თავდაპირველად სვეტიცხოველს ამშვენებდა, შემდეგ ჯვრის ეკლესიაზე აიტანეს. ვამაყობ, რომ იმ პერიოდის საქართველოში პირველი ზარი მე ჩამოვასხი. ხუროთმოძღვრის აგებულ ტაძარს სამრეკლო აუცილებლად სჭირდება, სამრეკლოს - ხმაშეწყობილი ზარები.

როცა დედოზარი რეკავს და სხვა ზარებიც ხმაშეთანხმებულად უერთდებიან, ეს ზეციური მუსიკაა, ადამიანების ტაძარში შემოკრების, მათი განწმენდის, ზიარების, ამაღლების, ზეციური სიყვარულის სიმფონიაა.

ზარს ჩამოსხმისას სპილენძს, თითბერს, კალას, ალუმინსა და ზოგჯერ ოქროსაც შეურევენ. ამ ლითონების ნაერთია ზარის ჩამოსხმის საიდუმლო. მე და ჩემს ვაჟს 127-ზე მეტი საეკლესიო ზარი გვაქვს ჩამოსხმული. და საქართველოს ყველა რეგიონში აგებულ ტაძრებს ამშვენებენ. ჯვრებსაც ვასხამდით.

ჩვენს პანსიონატთან ახლოს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩემი ჩამოსხმული ზარი რეკავს. ქუთაისში ჩვენი ჩამოსხმული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი დგას.

ხშირად დავდივარ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სულით ხორცამდე მიტაცებს ამ ტაძრის სამრეკლოში აჟღერებული ცხრა ზარის კომპოზიცია, რომელთა რეზონანსი და ტონთა სიხშირე კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის აკუსტიკური სისტემითაა გათვლილი და ჩამოსხმულია გერმანიაში. როდესაც საეკლესიო ზარებზე ჩამოვარდება საუბარი, ძალიან ვღელავ, ზოგჯერ ცრემლიც მომადგება თვალზე. ნოდარ მამისაშვილს, ამ დიდებულ ხელოვანსა და მამულიშვილს დავესესხები: "საოცარ ხმებს გამოსცემს ზარი, ზოგჯერ სულში ჩამწვდომს, ზოგჯერ გულს აფორიაქებს... ჟღერენ, გუგუნებენ, წკრიალებენ და მაინც იდუმალნი არიან, თითქოს, მათში სულიერებისა და ყოფიერების ჰარმონია გამთლიანებულა". როდესაც ეს სიტყვები წავიკითხე, ერთი უბრალო, რიგითი მუშაკაცი, საეკლესიო ზარების ჩამომსხმელი ხელოსანი, ავტირდი... ამაზე უკეთესად საეკლესიო ზარებზე ვერავინ ვერაფერს იტყვის.

თორნიკე ყაჯრიშვილი