"რუსული" დელიკატესები: ხინკალი, ხაჭაპური და ჩურჩხელა(!) - კვირის პალიტრა

"რუსული" დელიკატესები: ხინკალი, ხაჭაპური და ჩურჩხელა(!)

"შე ოჯახაშენებულო, გტაცებენ სულსა და გულს, სისხლს გწოვენ და რაღა დროს სიცილია!"

სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას ინტერნეტსივრცეში ტურისტებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია გაჩნდა: "დააგემოვნეთ რუსული დელიკატესები: ჩურჩხელა, ხაჭაპური, ხინკალი". ეს სარეკლამო შეტყობინება ამერიკული ტანსაცმლისა და აქსესუარების რითეილერის American Eagle Outfitters-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

საიდან იღებს სათავეს ყოველივე ქართულის დასაკუთრების სურვილი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გვესაუბრება:

- შეიძლება მხოლოდ "ღრმა" დილეტანტმა თქვას, რუსული ხინკალი და ჩურჩხელა გასინჯეო. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ასეთ პროპაგანდას მიზანმიმართულად ეწეოდნენ. ჩვენი ვალია, ხმლით თუ არა, სიტყვით მაინც გამოვხატოთ პროტესტი. ქართული კერძების რუსულად გამოცხადება და ტურისტებისთვის შეთავაზება მეტისმეტია... ბევრ ქართველს ამაზე გაეცინება, მაგრამ ეს სასაცილო არ არის!

სომხები ჩურჩხელას "არმიანსკოე ჩუდად" ნათლავენ, იყო შემთხვევა, როცა შოთა რუსთაველიც არაქართველად გამოაცხადეს, ჩვენი ხალხური საგანძურის ნიმუშები კი სხვა ერის კუთვნილებად შერაცხეს.

ჰოდა, ვინც ამაზე იცინის, მინდა ვუთხრა: რა გაცინებს, შე ოჯახაშენებულო, გტაცებენ სულსა და გულს, იქ გიფათურებენ ხელს, სადაც არაფერი ესაქმებათ, სისხლს გწოვენ და რაღა დროს სიცილია! საკადრისი პასუხი მხოლოდ ერთია: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შაგვეცილება!"…

ჩვენი გენიალური ქართული ხალხური სიმღერები, ძირითადად, ქართული სუფრის ტრადიციიდან იღებს სათავეს. ჩვენი წინაპრები ნიჭსა და შესაძლებლობებს სუფრასთან განსაკუთრებულად ავლენდნენ. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთმა გენიოსმა, რომლის სახელი და გვარი სამწუხაროდ არ ვიცით, სავარაუდოდ, სუფრასთან წარმოთქვა: "მტერო, დამჩაგრე, არ ვტირი,/ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,/მაგრამ არ დამიკვნესია. /მაცალე ერთი ავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის კვესია,/სულ წმინდად მოგამკევინო,/რაც ჩემთვის დაგითესია!"

ახლა ორი გზა გვაქვს, რომ ამ დიდებული წინაპრის სულს ვუთხრათ: გავდედლდით და ტყუილად დაგიწერია ეს ლექსი-თქო ან  პირნათლად უნდა შევასრულოთ მისი დანაბარები.

ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც საოცარი ოპტიმიზმით არის აღსავსე. სწორედ ამის გამოხატულებაა ეს სიტყვებიც: "არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის ვიყავ ცადო, არაფერი არ გამოვა, არაფრისთვის უნდა ვცადო!" შესაძლოა, ჩვენმა მცდელობამ სასურველი შედეგი არც მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენი არჩევანი მუდმივი ბრძოლაა. ვერაფრით ვეგუები იმას, რომ ისევ ქართველები ეხმარებიან სხვებს ყოველგვარი ქართულის დასაკუთრებაში. ასე ორ შაურად ყიდიან სულს, ყიდიან ისე და იმ ფასად, როგორც ეყიდებათ!

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიან და უცხოელებს ქართული ცეკვების ილეთებს ასწავლიან, რასაც მერე საკუთრად ასაღებენ.

ერთმა აჭარელმა სომხებს აჭარული ცეკვის ილეთები ასწავლა, რაც შემდეგ სომხებმა თავიანთ ცეკვად გამოაცხადეს.

არცთუ დიდი ხნის წინ სტავროპოლში ვიყავით, კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზები, ოსები, ჩერქეზები, ჩეჩნები. აღფრთოვანებულები გვიკრავდნენ ტაშს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი გვითხრეს, რაც თქვენ  წარმოადგინეთ, იმაში კარგად ჩანდა ქართული სული, თუმცა ჩვენი ცეკვები მაინც ძალიან ჰგავს ერთმანეთსო. რომელი-მეთქი? მაჩვენეს ილეთი. ეს თქვენი ილეთი არ არის-მეთქი და ვუხმე ჩვენი ანსამბლის წევრს მსგავსი ილეთის შესასრულებლად. მერე მივუბრუნდი თანამოსაუბრეს და ვთხოვე, გაემეორებინა იგივე მოძრაობა. ცხადია, ვერ გაიმეორა. ვერ გააკეთეთ, რადგან  ეს მოძრაობა თქვენი სულიდან გამომდინარე არ არის-მეთქი, - ვუთხარი ნიშნის მოგებით...

ზოგიერთი ქართველი ამბობს, დაე, სხვებმაც იცეკვონ ჩვენი ცეკვები, იმღერონ ქართული ხალხური სიმღერები, ჩვენსას მაინც ვერ წაგვართმევენო. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა სამშობლოს გაყიდვის, ღალატის ტოლფასია.

გული მწყდება, რომ ასე ორ შაურად ვიყიდებით! 1977 წელს ამერიკაში გასტროლები გვქონდა და იმხანად "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაწერა, მიატოვეთ ყველაფერი და მიდით ნამდვილი ქართველების კონცერტზე, ნახეთ ეს საოცრება, ეს ხალხი საცოდავი მიმბაძველები არ გეგონოთო. ჯერ კიდევ იმ დროს, ამერიკაში მიხვდნენ, თუ რა იყო ნამდვილი ქართული სულის გამოვლინება.

მახსოვს, სან-ფრანცისკოში კონცერტის შემდეგ სომეხმა ქალმა გადმომცა ფირფიტა, რომელზეც ინგლისურად და სომხურად ეწერა: "სომხური ხალხური სიმღერები". მითხრა: აი, ნახეთ სომხური და ქართული სიმღერები როგორ ჰგავს ერთმანეთსო. ამ ფირფიტაზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩაწერილი იყო "ხასანბეგურა", "ჩაკრულო" და სხვ.

იმ ქალმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ქართული სიმღერები იყო ჩაწერილი, მაგრამ უტიფრად სომხურად გამოაცხადა. მივიტანე ცეკაში ფირფიტა, სადაც ერთ-ერთი თანამდებობის პირი აღშფოთდა, დაიქადა, ამის ჩამდენს კუდით ქვას ვასროლინებო, მაგრამ მოგვიანებით მითხრა, ფირფიტა დავკარგეო და ამ თემას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. მაშინაც პოლიტიკა იყო ისეთი, რომ ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არ აწყობდათ.

- თქვენი აზრით, გამოსავალი სად არის?

- ჩვენთან არ მოქმედებს კანონი, რომლითაც პასუხს მოვთხოვთ ჩვენი ეროვნული საგანძურის მიმთვისებლებს. კარგი იქნება, თუ ამისთვის საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნება. სხვა შემთხვევაში ბრძოლა მხოლოდ პროპაგანდისტული საშუალებებით, განსაკუთრებით კი კალმით მოგვიწევს.