"საბავშვო კარუსელი" ცნობისმოყვარე გონების საზრდო
17-02-2014
"საბავშვო კარუსელი" ცნობისმოყვარე გონების საზრდო
"ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ბავშვს ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ
მარცხზე"

"ძვირფასო მშობლებო, გირჩევთ ბავშვთან ერთად გადაშალოთ ჟურნალი და შესთავაზოთ
მას ლოგიკური თამაშები..."


კომპიუტერი, ტელევიზორი და გაჯიუტებული ბავშვი, რომელიც ეკრანს არ შორდება - ეს სურათი ბევრ ოჯახშია ყოველდღიური აურზაურის მიზეზი. არც არის გასაკვირი - ყველა დედას ურჩევნია, შვილი წიგნით ხელში დაინახოს და არა - კომპიუტერს მიჯაჭვული. ყველა დედა ოცნებობს, შვილი კარგად სწავლობდეს და ჰარმონიულად ვითარდებოდეს.

ფსიქოლოგები ამ პრობლემით შეწუხებულ მშობლებს
გამოსავალს სთავაზობენ - ეს გონებამახვილური, თავსატეხი თამაშებია, რომლებიც ერთდროულად გასართობიცაა და გონების სავარჯიშოც. 3 წლის ასაკიდან ბავშვს უკვე ყურადღების კონცენტრირება და ლოგიკური აზროვნება შეუძლია. მას ყველაფერი აინტერესებს, უჩნდება ათასი შეკითხვა, რაც იმის ნიშანია, რომ დროა, მის ცნობისმოყვარე გონებას საზრდო მისცეთ. ფსიქოლოგების აზრით, ამ მისიას ყველაზე
უკეთ საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალები ასრულებენ.


ქართულ ბაზარზე საბავშვო-შემეცნებით-გასართობი ჟურნალების არცთუ დიდი არჩევანია. შეუძლია თუ არა ჟურნალს ბავშვისთვის კომპიუტერის ალტერნატივად იქცეს, ამ თემაზე "საბავშვო კარუსელის"“ მთავარ რედაქტორს შორენა ბურდილაძეს გავესაუბრეთ:

- "საბავშვო კარუსელი" სასარგებლო უნარებს უვითარებს ბავშვს. ვიყენებთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგ-ფსიქოლოგების მეთოდებსა და ტესტურ სამუშაოებს. გვაქვს კროსვორდები, რებუსები, თავსატეხები, რომელთა ამოხსნას გონების დაძაბვა სჭირდება. თავსატეხი ავითარებს ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით უნარს.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც სწრაფად ხსნიან თავსატეხებს, ცხოვრებაშიც სწრაფად და იოლად აგვარებენ პრობლემებს.

მშობლებს ვურჩევთ, ბავშვებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა დავალებების შესრულებაში - ბავშვთან ერთად იმსჯელონ, ხმამაღლა იფიქრონ. დავალების გამოცნობა, ამოხსნა დიდი სიამოვნებაა და კომპიუტერულ თამაშებს არაფრით ჩამოუვარდება.

ჩვენი ჟურნალი ყოველკვირეულია, თვის ყოველ ბოლო პარასკევს კი "საბავშვო კარუსელი" გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გამოდის. რაც მთავარია, პატარამ განვითარება უნდა დაიწყოს ჟურნალითა და წიგნით, ვიდრე კომპიუტერული თამაშებით. კომპიუტერთან დაახლოებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, კითხვას კი ბავშვები ძნელად ეჩვევიან... 

- რა ასაკიდან შეიძლება გახდნენ პატარები "საბავშვო ჟურნალის" მკითხველები, ანუ რამდენი წლის ბავშვი გაართმევს თავს თავსატეხებს?

- "საბავშვო კარუსელს" ძირითადად, 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები კითხულობენ, თუმცა გვყავს უფრო პატარა, ხშირად კი უფროსი მკითხველიც. ჟურნალში ბევრი რუბრიკა სასკოლო უნარ-ჩვევების, მათ შორის - კალიგრაფიის დასახვეწადაც. ბავშვს შეუძლია, ისწავლოს თვლა, კითხვა და შეიმეცნოს სამყარო. ბავშვები, რომლებიც მიჩვეული არიან ასეთ თამაშებს, ადვილად ეგუებიან სკოლის გარემოს, არ უჭირთ დავალების გააზრება. არის რუბრიკები, რომლებსაც წერა-კითხვის მცოდნე ბავშვი დამოუკიდებლად გაართმევს თავს. მათი დანიშნულება ცოდნის გაღრმავება ან შემოწმებაა. ყველაფერი შეფუთულია“ლამაზად, რათა ბავშვისთვის მიმზიდველი იყოს. ამასთან, ყველა თამაშს არ სჭირდება გონების დაძაბვა. ასეთია სამაგიდო თამაშები, რომლებიც თითქმის ყველა ნომერში გვაქვს და მინიმუმ ორ მოთამაშეზეა გათვლილი. ამ თამაშის მიზანი ურთიერთობის სწავლებაა. კარგი იქნება, თუ პარტნიორი მშობელი იქნება - დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობის დრო არ აქვთ! მაგიდის თამაში ამ ურთიერთობის დანაკლისს შეავსებს. სულ რამდენიმე პარტია საკმარისია, რომ მშობლებთან ურთიერთობას მონატრებულმა პატარამ მთელი კვირის დანაკლისი აინაზღაუროს.

ყველა თამაშს თავისი წესი აქვს და ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს, უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას. ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მომავალში კიდევ ექნება მოგების შანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძვირფასო მშობლებო, გირჩევთ ბავშვთან ერთად გადაშალოთ ჟურნალი და შესთავაზოთ მას ლოგიკური თამაშები. ამით სარგებლობას მოუტანთ მას და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებთ.

ლელა ზურებიანი
ირაკლი
26 იანვარი 2017 12:39
მომწონს ჟურნალი
ნანკა
20 თებერვალი 2014 21:10
მეც და ჩემს შვილებსაც ძალიან გვიყვარს "საბავშვო კარუსელი", თუმცა იმისათვის რომ პარასკევიდან პარასკევამდე გვეყოს მცირე ფორმატიანია, არადა ჩვენს ბაზარზე 4-6 წლის ბავშვებისათვის დიდი არჩევანი არ არის.

რედაქტორის რჩევით