"მიდი! ეცი! მოკალი!.." - კვირის პალიტრა

"მიდი! ეცი! მოკალი!.."

მიმდინარე წლის 2 მარტს თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, კავკასიური და ქართული ნაგაზების მეთხუთმეტე, საიუბილეო გამოფენა მოეწყობა.

საქართველოში პირველი ოფიციალური გამოფენა 1931 წელს, რიყეზე ჩატარებულა, მას შემდეგ, 2000 წლამდე აღარ გამართულა. საუკეთესო ნაგაზები - 1000 წყვილი - რუსმა კინოლოგებმა და სელექციონერებმა გაიყვანეს ქვეყნიდან, მოგვიანებით კი უძველესი ქართული ჯიშის ძაღლი ოფიციალურად წაგვართვეს და დაარეგისტრირეს, როგორც კავკასიური ნაგაზი.

გია გიორგაძე, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი:

- ამჯერად გამოფენაზე სერბეთიდან  საერთაშორისო კატეგორიის ექსპერტი ჩამოდის. ბოლოს ის 1997 წელს იყო საქართველოში. მაშინ ქართული ნაგაზები გამოფენებზე არ გამოჰყავდათ - მათი გამოჩენა ასლან აბაშიძის დამსახურებაა. ყაზბეგურა მთის ქართული ძაღლია და პირველად გამოფენაზე 2002 წელს გამოჩნდა. სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ ვერ მიხვდა, რომ ასეთი სანახაობა არაფრით ჩამოუვარდება ქართულ ჭიდაობას თუ რაგბის. ეს არის ეროვნული სიმდიდრე, რომლის გამრავლება-განვითარებისთვის ფულის გაღება არც ერთ ბიზნესმენს არ სურს. წელს, თბილისის ზოოპარკის გარდა, სპონსორი არ გვეყოლება. აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უკვე მეორე წელია, უსასყიდლოდ გვითმობს ფართობს... გამოფენაზე გასაყვანი ძაღლების ჩაწერა 25 თებერვლამდე გაგრძელდება. დღეისათვის ქართულ ნაგაზს გაქრობის საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ქართველებმა ჯერ ვერ ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჯიშიანი ძაღლები გვყავს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქართული და კავკასიური, უცხოური წარმოშობის ოთხფეხა მეგობრებიც ხშირად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არიან ვეტერინარულ დაწესებულებებსა და კლუბებში. ეს ნიშნავს, რომ ძაღლი არ არსებობს!

კავკასიური ნაგაზი, მეცხვარესთან ერთად, ქართველობის სიმბოლოა, მესაზღვრეა. თუკი საძოვრებზე ქართველი მეცხვარე და ძაღლი წლების განმავლობაში არ გამოჩნდებიან, მათ ადგილზე სხვა მოვა და პრობლემებიც შეგვექმნება. სახელმწიფოები თავს იწონებდნენ საკუთარი ცხენებით, ძაღლებით... თუ არ ჰყავდათ, გამოჰყავდათ ჯიშები, ჩვენ კი გვყავს და ვერ ვუვლით! საქართველოს ახლა ერთადერთი ჯიში ჰყავს, ყაზბეგურა, მაგრამ - დაურეგისტრირებელი. სანამ ქვეყანაში არ იქნება კანონი ძაღლების შესახებ, პრობლემები ვერ მოგვარდება. უნდა აიკრძალოს ქუჩაში ძაღლებით ვაჭრობა. სელექციის და გასხვისების საკითხი კლუბებში უნდა გვარდებოდეს. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ძაღლის მფლობელებს დაავალდებულებს, იყოლიონ მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული ძაღლი, მიუხედავად იმისა, ჯიშიანი იქნება თუ შერეული.

ძაღლები მკვდრებს დარაჯობდნენ

ამას წინათ კულტურისა და მეცნიერების მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გულისამაჩუყებელი ამბავი გაიხსენა: "1993 წელს, სექტემბერში, ომის მიწურულს დაღუპული მეომრების ცხედრებს აეროდრომზე მივასვენებდით და თვითმფრინავებს ველოდით მათ გადმოსაყვანად. ფრენა რომ გაჭირდა, ცხედრებიც დაგროვდა... ჩემს მეგობარს, ძველ მფრინავს, თავისი "მოსკვიჩით" აეროპორტთან გაუვლია. ტყვიების ცეცხლში მანქანიდან გადმოსულა და  დამშვიდობებია აეროპორტს, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. ის იყო, მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, ჯოჯოხეთური ხმები მომესმაო. თურმე ცხედრებისკენ დამშეული ღორების კოლტი მიიწევდა, ძაღლებს კი ცხედრებისთვის უზარმაზარი წრე შემოერტყათ და გაავებული უყეფდნენ ღორებს. ჩემი მეგობარი ამბობდა, - ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს ვხოცავდით, ძაღლები კი მკვდრებს დარაჯობდნენ. არ მიყვარდა მანამდე, მაგრამ იმ დღიდან ძაღლზე ერთგული აღარავინ მეგულებაო.

დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ძაღლების ჩხუბი

ბოლო დროს გახშირდა ცხოველებთან სასტიკად მოპყრობის ფაქტები.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, მამა-შვილი (შვილი მოზარდია) პიტბულის ჯიშის ლეკვს წვრთნის, ძაღლს საჩხუბრად გეშავენ. გაწვრთნის მეთოდი კი იმდენად ამაზრზენია, რომ გამიჭირდა, ბოლომდე მენახა. როგორც ჩანს, გამოხმაურებათა მიხედვით ვიდეოს ავტორი მიხვდა, რომ შარში გაეხვეოდა და ჩანაწერი ქსელიდან გააქრო. პიტბული დაახლოებით სამი-ოთხი თვის იქნებოდა, მისი მსხვერპლი მეტისი, პატარა ზომის ძაღლი კი თოკით ჰყავდათ შეკრული, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწია. საწყალს პირიც აკრული ჰქონდა. მისი საცოდავი წკმუტუნი შეგძრავდათ(!!!). პიტბულმა არ იცოდა, როგორ ეჩხუბა ადამიანების შეთავაზებული მსხვერპლით და როგორც სათამაშოთი, ისე ერთობოდა, მსუბუქად ჰკბენდა, ეს კი ჩხუბის დამკვეთებს აღიზიანებდა და მომავალ გლადიატორს უყვიროდნენ: "მიდი! ეცი! დაფერთხე! მოკალი!.." განსაკუთრებით ამაზრზენი იყო მოზარდის შემართება...

უძველესი დროიდან ცნობილია - ქალი რომ დაორსულდება, მშობიარობამდე მისი ყური, თვალი, გონება მხოლოდ მშვენიერს, ლამაზს, სასიამოვნოს უნდა აღიქვამდეს, რომ ნაყოფი ჰარმონიულად განვითარდეს. ჩვილის აღსაზრდელად უამრავი სპეციალური პროგრამა იქმნება, რომ ბავშვი სრულფასოვნად, მშვიდად, ჯანსაღად განვითარდეს და ქვეცნობიერში დალექილმა კომპლექსებმა მოწიფულობის ჟამს საბედისწეროდ არ იჩინოს თავი. რაღა შორს წავიდე - ცნობილია, რომ მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილი სადისტი კანიბალი ბავშვობაში ცხოველებს აწამებდა... მიმაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ძაღლების ჩხუბი და მით უფრო - ამ პროცესში მოზარდების მონაწილეობა.

ცოტა ხნის წინ ზესტაფონის რაიონში ვიღაცამ ძაღლი მოკლა და მერე თავი მოაჭრა. დასაჯეს? როგორც ვიცი - არა. რამდენი სისხლიანი ორთაბრძოლა იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, რამდენი აკეთებს ამაზე ფულს? დაუსჯია ისინი ვინმეს? არადა, კანონი ხომ არსებობს?

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლი ინტერნეტსივრციდან გააქრეს, ძნელი არ იქნება მისი ავტორის ვინაობის დადგენა. იქნებ არაერთი მოზარდი ვიხსნათ ფსიქოლოგიური სტრესისგან, რომლის შედეგად ვეღარ არკვევენ, რა სჯობს - ძალადობა თუ სიყვარული, კეთილშობილება თუ სისასტიკე?

წაუკითხეთ ბავშვებს ნოდარ დუმბაძის "ძაღლი", გოდერძი ჩოხელის "თარეშა", ჯეკ ლონდონის "თეთრი ეშვი"... ასწავლეთ, რომ არაფერია ამქვეყნად სიყვარულსა და მეგობრობაზე ძვირფასი! მათ კი, ვისაც მონსტრებად სურთ ბავშვების გაზრდა, მოსთხოვეთ პასუხი, თორემ ხვალ გვიან იქნება!..