"წარმოიდგინეთ, ეს რა კატასტროფა იქნებოდა"
17-02-2014
"წარმოიდგინეთ, ეს რა კატასტროფა იქნებოდა"
"არაერთი სამეცნიერო კვლევით საბუთდება, რომ საქართველოში არსებულ სავარგულებზე იმ რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, რაც თავისუფლად გამოკვებავს 8 მილიონ მოსახლესაც კი"

"გენმოდიფიცირებული საკვების რეგულაციის საქმეში მარტო მთავრობა კი არა, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს!"


გენმოდიფიცირებული პროდუქტების მასობრივი წარმოება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე არნახულ მასშტაბს მიაღწია, თუმცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის რეგულირებული ამგვარი პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა. ახალმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრი უკვე დაიწყო. ამის თაობაზე საქართველოს
პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე გვესაუბრება:


- აუცილებლად შემუშავდება კანონი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ; შემუშავდება ქვეყანაში ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემა. ამ მიმართულებით მუშაობისას საზოგადოებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ის ხელისუფლების მოკავშირე უნდა გახდეს. 

- გენური ინჟინერიის მომხრეთა არგუმენტებით, 2050 წლისათვის მოსახლეობა პლანეტაზე გაორმაგდება და
ორგანული პროდუქტებით გამოკვება შეუძლებელი გახდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია გენმოდიფიცირებული წარმოება, რადგან გენმოდიფიცირებულ მცენარეებს შედარებით მეტი მოსავლის მოცემა შეუძლიათ...

- ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის დაპირებები არ გამართლდა. ხომ ცხადია, რომ მათ ვერ გადაჭრეს სიღარიბისა და შიმშილის პრობლემა და ამავე დროს, უმძიმესი საფრთხე შეუქმნეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ერთადერთი სარგებელი გმპ-ს (გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების) გამოყენებას მათი მწარმოებელი კომპანიებისათვის მოაქვს. ამ გიგანტმა კომპანიებმა დღემდე ვერ შეძლეს დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენა გენმოდიფიცირებული პროდუქტების უვნებლობაზე. რაც შეეხება უმძიმეს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შედეგები რამდენიმე ათწლეულში უფრო ზუსტად გამოვლინდება, თუმცა ამჟამად არსებული მონაცემებიც სავალალო სურათს წარმოგვიჩენს: ფრანგმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ღვიძლსა და თირკმლებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
როგორ ფიქრობთ, კიბოს დაავადების სტატისტიკის ზრდა, ისევე როგორც ალერგიისა, არ უკავშირდება გენმოდიფიცირებულ პროდუქტს?!

გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანა ასევე გამანადგურებელ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და კულტურული ჯიშების წარმოშობის კერებს და არც ფერმერთა ინტერესებს ემსახურება. უახლოეს წარსულში მძიმე დღეში ჩააგდო ქართველი ფერმერები გენმოდიფიცირებული კარტოფილისა და სიმინდის დათესვამ. გენმოდიფიცირებულმა ბამბის ნათესებმა ათასობით ფერმერი გააკოტრა ინდოეთსა და ინდონეზიაში. გენმოდიფიცირებული მცენარეების გავრცელება საფრთხეს უქმნის ცოცხალი ბუნების სხვა წარმომადგენლებს, მაგალითად, მწერებს, ფრინველებს და არღვევს ბუნებაში ჩამოყალიბებულ ეკოსისტემებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში მიიღო ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 1994 წელსაა რატიფიცირებული. აღიარებულია, რომ საქართველო შესაშური ბიომრავალფეროვნებითა და უნიკალური კლიმატური პირობებით ხასიათდება, აქვს ენდემური და რელიქტური როგორც კულტურული, ისე ველური ფლორა და ფაუნა. რაც შეეხება საკვების მოსალოდნელ დეფიციტზე აპელირებას, საქართველოში ამ საფრთხეზე ლაპარაკი სისულელეა: არაერთი სამეცნიერო კვლევით საბუთდება, რომ საქართველოში არსებულ სავარგულებზე იმ რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, რაც თავისუფლად გამოკვებავს 8 მილიონ მოსახლესაც კი.

- როგორია ამ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილება?
- გმპ-ს ევროპის ქვეყნებმა უმკაცრესი აკრძალვები დაუწესეს. ამ თვალსაზრისით ლიდერი დანიაა, რომელმაც გენმოდიფიცირებული კულტურების როგორც იმპორტი, ისე ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსპერიმენტი აკრძალა. ირლანდიაში 2009 წელს აიკრძალა ყველა სახის გენმოდიფიცირებული კულტურის მოყვანა. იგივე ხდება ფინეთში. საფრანგეთში 2008 წელს მთავრობამ აკრძალა გენმოდიფიცირებული სიმინდის მოყვანა. ალბათ, გახსოვთ სატელევიზიო რეპორტაჟები: როგორი უძლური აღმოჩნდა საფრანგეთის პოლიცია ფერმერების პროტესტის წინაშე, რომლებმაც არ დაუშვეს გენმოდიფიცირებული ვაზის ჯიშების დარგვა. ისიც გვინახავს, ესპანელებმა გენმოდიფიცირებული კულტურების ნათესები როგორ გადაწვეს.

უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთმა, იტალიამ, შვეიცარიამ, ბოსნიამ, ხორვატიამ, ლატვიამ და ალბანეთმა თავიანთი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გენმოდიფიცირებული კულტურებისაგან თავისუფალ ზონებად გამოაცხადეს. ბრიტანეთში რესტორანიც კი ვალდებულია მენიუში მიუთითოს, კერძის მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროდუქტი თუ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს.

- რომელი ქვეყნები აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ კულტურებს?

- დღეისათვის შეერთებულ შტატებში მოჰყავთ გენმოდიფიცირებული სიმინდი, სოია და რაფსი. ჰავაიზე იზრდება გენმოდიფიცირებული პაპაია. ნებადართულია ასევე შაქრის ჭარხლის, პომიდვრის, ყაბაყის მოყვანა. კანადა ფართოდ იყენებს გენმოდიფიცირებულ კულტურებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტის მწარმოებლები თავიანთ მოსახლეობას მეტ-ნაკლებად იცავენ ასეთი პროდუქციისაგან და ძირითადად საექსპორტოდ აწარმოებენ. ჩინეთი გენმოდიფიცირებული პროდუქტის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, თუმცა თავად ქვეყანაში ნაკლებად მოიხმარს.

საუკუნის დასაწყისში აშშ-ში, იტალიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში ტარდებოდა ცდები გენმოდიფიცირებული ყურძნის შესაქმნელად. ამაზე საუბარი საქართველოშიც იყო. წარმოგიდგენიათ, ეს რა კატასტროფა იქნებოდა, ეს ხომ ქართული ვაზისა და ღვინის დაღუპვის ტოლფასია?

- სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ უნდა ხდებოდეს ამ სფეროს რეგულაცია?
- მსოფლიოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების კომერციალიზაციისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია, თუმცა ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ერთნაირ პრინციპებს: უსაფრთხოებას, არჩევანის უფლებას (ინფორმირებულმა მომხმარებელმა თავად გააკეთოს არჩევანი, რას მოიხმარს) და სავალდებულო მარკირებას. სრულად აკრძალვა ვერ მოხერხდება. გმ პროდუქტი ისე უნდა იყოს მარკირებული, შეიძლებოდეს გარჩევა: შეიცავს თუ არა ის გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. აუცილებელია საზოგადოების მუდმივი ინფორმირება იმის შესახებაც, თუ რომელი კომპანიები არიან გენმოდიფიცირებული პროდუქტების მწარმოებლები.

მაგალითად, ევროკავშირში სავალდებულოა საკვებ პროდუქტს ჰქონდეს ნიშანდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის შესახებ. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რაოდენობა საკვების შემადგენლობის 0,9%-ს აღემატება და თან პროდუქტი დაფასოებული არ არის, მისი რეალიზაციის ადგილას, მაგალითად, თაროზე, შესამჩნევი წარწერა უნდა იყოს.

- ბატონო გოგი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ვითარების გამოსასწორებლად?

- უპირველესად უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. წინა ხელისუფლების "დამსახურებით" ჩვენ გვაქვს კანონი "სურსათის უვნებლობის შესახებ", რომელიც საერთოდ არ ცნობს ტერმინს "გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი". ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა კანონპროექტი "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ". ამ პროექტით, რომელსაც, იმედია, პარლამენტში მალე დავამტკიცებთ, საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება. მაგრამ კანონპროექტი არ ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის საბაზრო ქსელში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მხრივ რაიმე ტიპის რეგულაციებს არ აწესებს. ასევე 2013 წლის 31 დეკემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების გარკვეულ მოთხოვნებს ადგენს: თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას.

- თუ დადგენილება უკვე მიღებულია, რატომ ვერ სრულდება?
- მარკირების შესახებ დადგენილება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ სრულდება, სხვა უფრო მკაცრი აკრძალვებიც რომ მივიღოთ, მათი აღსრულებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. ქვეყანაში უნდა იყოს რამდენიმე ლიცენზირებული საერთაშორისო სტანდარტის სათანადო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელთა თანამშრომლებს ექნებათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება. საქართველოში სტანდარტებთან მეტ-ნაკლებად შესაბამისი 5 ლაბორატორია არსებობს. მთავრობაც უნდა დაეხმაროს მათ და თუ საჭირო გახდა, ტექნიკურ აღჭურვას საბიუჯეტო სახსრებიც უნდა მოხმარდეს. რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ქვეყანას გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების მიმართ, ეს მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, ამაში საზოგადოების ფართო ფენა უნდა ჩაერთოს.

ნათია დოლიძე
Jondi
25 თებერვალი 2014 06:18
მილიონერი გოგი თოფაძე მეუბნება მე ღარიბ გლეხს რომ ვიმყოფინო ნახევარი ტონა სიმინდი ერთ ჰექტარზე და ერთი თროხა, როცა შეიძლება 6 ტონა მოვიყვანო და 6 ძროხა ვარჩინო და არამარტო კუჭის გამოვსებაზე ვიფიქრო არამედ დანაზოგი გამიჩნდეს და ჩემა შვილებმა თბილისში სწავლა შეძლოს.(ამ სწავლას რა შედეგი გამოაქვს სხვა საქმეა)

მე გადავწყვიტავ თავად რა სიმინდს დავთესავ გოგი, შენ კი შენს მილონებს მიხედე. იმიტომ რომ ჩვენი ნატურალური სიმინდს ამერიკული ჰიბრიდი ფასით შვიდჯერ გაუსრებს და მაინც ამერიკულ გენმოდიფიცირებულს შევჭამთ ღარიბი ხალხი. ასე რომ ჩემს ჯამრდეთლობას და ღარიბი ხალხის ჯამრთელობას ეს იდიოტური შეზღუდვა არ უშველის. შენ კიდევ ყოველთვის შეგეძლება ბიო-ს ჭამა.

უმრავლოსებოა არგუმენტების სტატიაში არის სუფთა ბლა ბლა ბლა: მაგ, თოფაძემ აღმოაჩინა რომ თურმე გენმოდიფიცირებული სიმინდი აჩენს კიბოს? (სასაცილოა, მილიარდები იხარჯება ამის გაგებაზე და არავინ იცის და თოფაძემ ექსკლუზიურად გაიგო) გმპ-მ თურმე მსოფლიოში არ გაამართლა, ან თითქოს ტექნოლოგიებმა სიღარიბე არ შეამსუბუქა და ასე შემგებ. ყველაფერი არის დუქნის დონეზე ლაპაპრაკი და მეცნიერების წინააღმდეგ წასვლა.

პ.ს. საფრანგეთი, შვედეთი, ბრიტანეთი რომ მოგყავს მაგალითებად ესენი ერთ ერთი უმდიდრესი ქვექნებია მსოფლიოში და შეუძლიათ ამის ფუფუნება რომ ბიო ჭამონ, ჩვენ კი უღარიბესი და რომ მისჯი ნახევარ ტონას ჰექტარზე კეთილი ინებე და სხვა ალტერნატივა შემომთავაზე.

რედაქტორის რჩევით