ეპოქის მოწმე - ალ კაპონე - კვირის პალიტრა

ეპოქის მოწმე - ალ კაპონე

10 მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთადლეგენდარული ჟურნალის, TIME -ის უნიკალური კრებული გამოვა

XX საუკუნის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის პუბლიცისტური ანალიზი, ინტერვიუები პერსონებთან, რომლებმაც შექმნეს უახლესი ისტორია, გმირებისა და ანტიგმირების პორტრეტები, პლაკატები და ფოტომასალა - ყველაზე გამორჩეული, რაც კი TIMEE-ს არსებობის 90 წლის განმავლობაში შეუქმნია, 16 წიგნშია თავმოყრილი.

TIME-ის პირველი გამოცემა 1923 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი სულ უფრო იხვეჭდა პოპულარობას. TIME-ის ანალიტიკოსები, ფაქტობრივად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და უნიკალურ მასალას ქმნიდნენ, რომელმაც აქტუალურობა არც ათეულობით წლის შემდეგ დაკარგა და ახლაც ისეთივე ინტერესით იკითხება. უნიკალური, დღეს უკვე საარქივო ექსპონატად ქცეული ფოტომასალაც, რომელიც სხვადასხვა დროს TIME-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, პერსონებს, გმირებს, მოწმეებსა და მსხვერპლს - მათ, ვინც გასული საუკუნის ისტორიას ქმნიდა და ვინც თავად შექმნა ის საუკუნე, ყველაზე მრავალტირაჟიანი ამერიკული ჟურნალის წიგნებად ქცეული კრებული სულ სხვა პროფილით წარმოაჩენს. აქ წაიკითხავთ ინტერვიუს ადოლფ ჰიტლერთან, მაჰათმა განდისა და ალ კაპონესთან, "ცხელ კვალზე" მიადევნებთ თვალს ომისა და გახმაურებული მკვლელობების ქრონიკას, მოდას, კულტურას, ტექნოლოგიურ განვითარებას... ეს ჭეშმარიტი, თავისუფალი ამერიკული პრესაა, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.

TIME-ის უნიკალური კრებულის პირველი ქართულენოვანი წიგნი დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე პერიოდს მოიცავს. ომის ისტორია და ეპოქალური მოვლენები TIMEE-ის ფურცლებზე სულ სხვაგვარად ჩანს.

ბოროტმოქმედთა სამყაროს მეფე

1931 წლის 17 ოქტომბერს ჟურნალმა  Lიბერტყ-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც კორნელიუს ვანდერბილთ-უმცროსმა ჩიკაგოს მაფიის ნათლიას, ალ კაპონეს ჩამოართვა. ცნობილი მაფიოზი გადასახადების დამალვის გამო გაასამართლეს. ინტერვიუს მსვლელობისას "ბოროტმოქმედთა სამყაროს მეფემ", როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე არ ილაპარაკა; მან აზრი გამოთქვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზეც.

გთავაზობთ ამონარიდებს ალ კაპონეს ინტერვიუდან. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ TIME-ის პირველ ტომში.

უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მომხდარ ყველა ბოროტმოქმედებაზე პასუხს მე ვერ ვაგებ. ალბათ გგონიათ, რომ ჩემი ძალაუფლება განუსაზღვრელია, საფულე კი ფულით მაქვს გაძეძგილი. მაშ, კარგი, დავუშვათ, რომ მართლა განუსაზღვრელი ძალაუფლება მაქვს, მაგრამ ამ არასტაბილურ და მძიმე დროში, მეც ხომ ისეთივე პრობლემები მაწუხებს, როგორიც ნებისმიერ მოქალაქეს. ჩემი შემოსავლებიც ისევე შემცირდა, როგორც სხვების.

ადრე კვარცხლბეკზე პატიოსნება, სიმართლე და კანონი იდო და შვილებსაც ასე ვზრდიდით. დღეს კონტრაბანდულ ალკოჰოლს არალეგალურ სათამაშო ადგილებში უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს, ვიდრე ეს ხუთი წლის წინ, ნიუ-იორკის ყველა ერთად აღებულ ბარში ხდებოდა.

სასმლის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონზე ვლაპარაკობ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მომხდარ ყველა ბოროტმოქმედებაზე; ყველანაირი აკრძალვა უკანონობაა. სწორედ ამის გამო გავეხვიე კორუფციაში და, ვფიქრობ, გავაგრძელებ ამ საქმიანობას, ვიდრე ამ სულელურ კანონს არ გააუქმებენ.

იცოდეთ, ვიდრე კანონი მოქმედებს, ყოველთვის გამოჩნდებიან მისი დამრღვევები, რომლებიც ხელს შეუწყობენ, რომ ჩემნაირი ადამიანების საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ჩემი ორგანიზაცია შიშზე ავაშენე. ის ხალხი, რომელიც ჩემზე მუშაობს, არა მხოლოდ იმიტომ მენდობა, რომ ხელფასს ვუხდი. ყველამ იცის, რაც დაემართება, თუ ეს ნდობა დაიკარგება. ამერიკის მთავრობა ყველას ხელკეტებით და დაპატიმრებით ემუქრება, მაგრამ მათ, ვინც კანონს არღვევს, ეს მუქარა სიცილად არ ჰყოფნით და კარგი ადვოკატებიც ჰყავთ. თუმცა ზოგიერთები, ვინც ნაკლებად მოხერხებულები არიან, ისჯებიან.

მსოფლიო შეიშალა. უწესო ბანკირები, რომლებმაც ხალხის წყალობით გაისქელეს ჯიბეები, მხოლოდ იმის გამო უნდა ისხდნენ ციხეში, რომ ეს ფული ღარიბ ხალხს მოჰპარეს. როგორ ფიქრობთ, ასეთ ბანკირებს მართლა დააპატიმრებენ? რა თქმა უნდა, არა. ისინი ხომ გავლენიან ხალხში ტრიალებენ და ისეთივე უწესოები არიან, როგორიც პოლიტიკოსები! ამ კატეგორიის ადამიანებს კარგად ვიცნობ, მრავალი წლის მანძილზე ვამდიდრებდი და ვაცმევდი მათ.

"კორუფცია" საკმაოდ ნაცნობი სიტყვაა ახლანდელ ამერიკაში. ეს ის "კანონია", რომელიც ჭრის ყველგან, სადაც არ ჭრის სხვა კანონი და, მთელი ქვეყანა დანაღმულია ამით. პატიოსანი ადამიანები სანთლით არიან საძებარი. პატიოსნება, უმანკოება და სიმართლე გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან. მოხერხებულად ავუწყვეთ ფეხი ახალ ცხოვრებას.

თუ პატიოსანი შრომით თავის რჩენა არ შეგვიძლია, სხვა ნებისმიერი მეთოდით უნდა ვაკეთოთ ეს.