ორი სიცოცხლე - ათვლის წერტილი საქართველო იყო - კვირის პალიტრა

ორი სიცოცხლე - ათვლის წერტილი საქართველო იყო

შავშეთელი არსენა, გურჯი ჟანდარმები და შემონახული საქართველო

ხელმძღვანელის, გიგი გარაყანიძის, გარდაცვალების შემდეგ პირველი დიდი კონცერტი რუსთაველის თეატრში სულ ახლახან გამართა ეთნომუსიკის თეატრმა "მთიები" კიდევ ერთხელ გააცოცხლა ქართული ტრადიციები. კიდევ ერთხელ თქვა თავისი სიტყვა - ტკივილით, მაგრამ ვაჟკაცურად! "ზარი" - ასე ერქვა რუსთაველის თეატრში მოწყობილ საღამოს...

ზარი

მას მერე, რაც "მთიების" ხელმძღვანელი გიგი გარაყანიძე და წევრი - გიგა ხაინდრავა ტრაგიკულად დაიღუპნენ, "ზარი" ეთნომუსიკის თეატრის სათქმელიც იყო და შინაგანი განწყობაც. თუმცა, "მთიები" რა "მთიები" იქნებოდა, გატეხილიყო, უნდა ამდგარიყო, წელშიც გამართულიყო და იმ საქმისთვის არ ეღალატა, რომელსაც ედიშერ გარაყანიძემ ჩაუყარა საფუძველი.

ანსამბლი "მთიები" და ფოლკლორული სტუდია "ამერ-იმერი"  ედიშერ გარაყანიძემ დააარსა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ბრძანებდა: "ედიშერ გარაყანიძე 1979 წელს 22 წლის ახალგაზრდა მოვიდა ეკლესიაში. როგორც მგალობელმა და რეგენტმა სიონის საკათედრო ტაძრის გუნდში დაიწყო მოღვაწეობა და სიცოცხლის ბოლომდე აქ მსახურობდა. ეს პერიოდი ერთ-ერთი ურთულესი იყო მორწმუნეთათვის.

ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ეკლესიაში მოსულ ყოველ კადრს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს და მრავალ პრობლემას უქმნიდა მათ. ბატონმა ედიშერმა გაუძლო დროის გამოცდას და წარმოაჩინა თავი, როგორც უნიჭიერესმა, პატრიოტმა პიროვნებამ. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მან ქართულ ფოლკლორს, საეკლესიო საგალობელთა შესწავლას და პირვანდელი სახით მათ აღდგენას მოახმარა. ანსამბლი "მთიები" და ფოლკლორული სტუდია "ამერ-იმერი"” სერიოზულ განაცხადად იქცა, რომელმაც ეროვნული სულის აღორძინებას შეუწყო ხელი".”

ედიშერ გარაყანიძე სრულიად ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა მეუღლესთან, ქალიშვილსა და ახლო ნათესავთან ერთად, იმავე მანქანაში იჯდა ვაჟიც - გიგი (გიორგი), ის სასწაულებრივად გადარჩა. არა მარტო ადგა სარეცლიდან, ძალაც იპოვა, რომ ტკივილი დაეძლია. მაგრამ მას უფრო ხანმოკლე სიცოცხლე ეწერა - 30 წლისა გარდაიცვალა. ვიდრე ცოცხალი იყო, იმასვე აკეთებდა, რასაც მამამისი - საქართველოს დასაკარგად განწირულ ტრადიციებს, ეთნომუსიკას დავიწყებას სტაცებდა ხელიდან.

რუსთაველის თეატრის სცენაზე ვაჟკაცებმა უხმოდ შემოიტანეს ქამარ-ხანჯალი. ომში ან ხიფათიან გზაზე დაღუპული მოყმის უბედურებას სწორედ ამ უხმო რიტუალით აცნობებდნენ ხოლმე ოჯახს. ცოცხალი იარაღს არ მოიხსნიდა, ისე, როგორც სამშობლოს არასოდეს განუდგებოდა. გაისმა ზარი... გიგი გარაყანიძისა და გიგა ხაინდრავას არყოფნამ კიდევ ერთხელ გაჰკვეთა სივრცე და ტკივილად დაეშვა სცენაზე.

დავუჩოქებ საქართველოს

შარშან, როცა გიგი გარაყანიძე გარდაიცვალა, დავწერე, დედაბოძი წაიქცა-მეთქი. მართლაც დედაბოძად იყო შემდგარი ეთნომუსიკის თეატრს. თუმცა "მთიებით" არ იწყებოდა მთავარი საზრუნავი, არც "მთიებით" მთავრდებოდა - ათვლის წერტილი საქართველო იყო.

ჯოკია გუგავა, "მთიების" წევრი და გიგი გარაყანიძის ახლო მეგობარი მიამბობდა: "2002 წელს მე და გიგი ტაო-კლარჯეთში ვიყავით. შავშეთში  რესტორნის მეპატრონეს შევხვდით, რომელმაც ჩვენს პატივსაცემად ქართულად ამღერა იქაური მუსიკოსი. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს  XVI საუკუნის საქართველოში ვიყავით - იმდროინდელი მტყველება, იმდროინდელი სამყაროს აღქმა... იუსოფელში აბდულა ქანთარ-ოღლი, ახოვანი 40-45 წლის კაცი გავიცანით. არსენა დავარქვით, გვარად ქანთარია იქნები-მეთქი, - ვუთხარით. სავახშმოდ რომ დავსხედით, ჩვენ ერთი ჭიქით ავწევდით, ის ორი ჭიქით სვამდა...  გაგვაფრთხილეს, ნასვამები ჟანდარმებს მოერიდეთო. გარეთ რომ გამოვედით, ჟანდარმი გამოჩნდა... არსენა ხმაურობდა, როგორც შეგვეძლო ვაწყნარებდით, რომ ნასვამობა არ დასტყობოდა. იმან,  ხელი აუწია ჟანდარმს, გაუმარჯოსო, იმანაც - გაუმარჯოსო, - ქართულად. მერე მივხვდით, რომ უმრავლესობა ქართველები იყვნენ... არსენა არ გვიშვებდა, წამოდით, ჩემმა შვილებმაც ნახონ ცოცხალი გურჯებიო. მერე ეს უშველებელი კაცი მუხლებზე მოეხვია გიგის და ტირილით სთხოვდა, არ წახვიდე, დღეს ჩემთან წამოდიო... უცნობმა არსენამაც კი იგრძნო გიგიში სამშობლო!"

რუსთაველის თეატრის სცენაზე ფერფლიდან აღმდგარი ცოცხალი გურჯები იდგნენ. პირველად მაშინ დაიფერფლნენ, ედიშერ გარაყანიძე რომ დაიღუპა, მერე ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ - ყოველ ჯერზე, როცა სიკვდილი ალალივით ჩამოუქროლებდა და საუკეთესოს წაართმევდა... და მაინც იდგნენ! ის საქართველო აყენებდა ფეხზე, რომელიც საკუთარ სხეულებში გაეტარებინათ და დაებუდებინათ - ნამდვილი, ცოცხალი გურჯების საქართველო!