საიდან მოდის "კოკო"...
24-02-2014
საიდან მოდის "კოკო"...
კოკო შანელი - მსოფლიო მოდის მეამბოხე

"მოდა ჭკნება, მხოლოდ სტილი რჩება", -  ეს სიტყვები ლეგენდარულ კოკო შანელს ეკუთვნის. ელეგანტური სისადავე - სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ეს შანელის სტილია, რომელმაც ქალი მოხერხებულ შარვალში გამოაწყო და ქალურისა და მამაკაცურის შეხამება ასწავლა.


მსოფლიოში ცნობილმა მადმუაზელმა, თავისი 87-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში, ქალებს უზადოდ ჩაცმა, სუნამოს განუმეორებელი არომატი, მოდის სახლი და შეუფასებელი რჩევები უსახსოვრა, რომელთა უმეტესობაც ერთგვარ აფორიზმებადაც კი  იქცა! კოკო შანელი - იდუმალი და
უცნაური, საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, რომელთა საიდუმლო არასოდეს გაუხსნია. მალავდა ასაკს, დაბადების ადგილს, წარმომავლობას, განათლებას (რომელიც მას არც ჰქონია), ასევე, მამაკაცებთან თუ ქალებთან ურთიერთობას, რომლებიც მუდმივად ჰყავდა. შანელს მხოლოდ ერთი რამ სურდა ეჩვენებინა, რომ ის ახალი საუკუნის ქალია, კაცობრიობას კი ემანსიპირებული ქალის იდეას ჩუქნიდა.
ბევრს ლაპარაკობდა თავის ბურჟუაზიულ ოჯახზე, აღზრდაზე, შეხვედრებზე, ბრწყინვალე ბავშვობაზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სიცრუე იყო...

კოკო შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა. მამა სვამდა. მას რამდენიმე ძმა და და ჰყავდა, რომელთა შესახებაც არასოდეს ლაპარაკობდა. მამა წინდებით ვაჭრობდა, დედა - ბოსტნეულით.

ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა, მამამ ბავშვები მაშინვე მიატოვა. კოკო და მისი დები ბავშვთა სახლში მიაბარეს. დაწესებულება ძალიან მკაცრი იყო. ეს სიმკაცრე კი აისახებოდა როგორც შენობის არქიტექტურაში, ისე აღსაზრდელების ჩაცმულობაში, რომლებიც მოკლე შავ კაბებში იყვნენ გამოწყობილი. შემდგომ შანელმა ეს კაბა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დანერგა. უნიჭიერესმა ქალმა მსოფლიო თავისი ბავშვობის ტანისამოსით შემოსა.
20 წლის შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და ქალაქ მულენში ტრიკოტაჟის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად საღამოობით ერთ-ერთ კაფეში მღეროდა, სადაც ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი "კოკო". ბავშვთა სახლიდან გამოსვლისას მხოლოდ კერვა იცოდა და პატარა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა - ხალათებსა და წინსაფრებს კერავდა, სამოსს ჯიბეებს აკერებდა. თავგამოდებული შრომით პატარა ბინისთვის ფული შეაგროვა. ის ქუჩა, სადაც მაშინ კოკო ცხოვრობდა, დღეს მისი სახელობისაა. საოცრად გამხდარი იყო, კორსეტის ტარება არც სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცების მოხიბვლა იმთავითვე შეძლო. პირველი მამაკაცი კავალერისტი ეტიენ ბალზანი იყო, ობოლი, მდიდარი ახალგაზრდა, ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ბალზანის სასახლეში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა ტანსაცმლისა და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კეიპელი. არტურის დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში ქუდების ატელიე გახსნა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსეს ნაჭრისგან, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის გამოიყენებოდა.

მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები ვიწრო ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. 1919 წელს არტურ კეიპელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების ეპოქა. მას არ ჰქონდა სამგლოვიარო სამოსის ტარების უფლება, რადგან არტურის ოფიციალური მეუღლე არ იყო... კოკოს არასოდეს ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები.

1920 წელს დიდმა მთავარმა დიმიტრი რომანოვმა კოკო შანელს გააცნო რუსეთის სამეფო კარის ყოფილი პარფიუმერი ერნესტ ბო. მათ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შექმნეს 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი სუნამო ქალის სურნელით“Chanel #5.
შანელი ბისექსუალი იყო, თუმცა ამას მალავდა. უყვარდა მამაკაცის ტანსაცმელი და ნივთები... თანდათანობით, მუდმივად შავებში გამოწყობილი ქალი მსოფლიო მოდის მეამბოხედ იქცა. ის პირველი იყო, ვინც კორსეტი უარყო, ჩაიცვა შარვალი და შალის ნაქსოვი სვიტერი. პირველმა გამოიყენა ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები (ხელოვნური მარგალიტები და სხვა, რომელსაც შემდგომში ბიჟუტერია ეწოდა), მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მან ინოვაციური ტენდენციები შემოიტანა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს პოპულარობას. შანელის მოდის იმპერიის”შემოსავლები წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. გარდერობში კოკოს გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ სამი მოდური კოსტიუმი  იპოვეს.


ავტობიოგრაფიული წიგნიდან

"ერთი რამ ვიცოდი: უნდა მიმეღწია დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობა კი ფულია.
ეტიენ ბალზანმა ერთ დღეს მითხრა: -  აგარაკზე წავალ, ცხენებს დოღისთვის მოვამზადებ.

- ეტიენ, მასწავლებელი არ გჭირდება?
- პატარა კოკოს ჩემთან ერთად წამოსვლა სურს? წავიდეთ!
მან თან წამიყვანა... ეტიენი კარგი საყვარელი აღმოჩნდა, საკმაოდ გულუხვიც, თუმცა მასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, არაფერში ვჭირდებოდი. ყველაფერი მქონდა: დიდი ნათელი ოთახი, პირადი სააბაზანო, მოსამსახურე, საკვები, სასმელი, გასართობი... მეურნეობის მართვას ეტიენი სრულიად სამართლიანად არ მანდობდა, არც მე მივისწრაფოდი ამისკენ. ისღა მრჩებოდა, რომ ჯირითის დროს მისი მხიარული კომპანიით დავმტკბარიყავი, თუმცა ეტიენმა ჩემი მთავარი პრობლემა არ იცოდა: ჯირითისთვის შესაფერისი ტანისამოსი არ მქონდა. თუ ქალის უნაგირზე დასაჯდომად ამორძალის სამოსი და ქუდი მჭირდებოდა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც არ მქონდა (ბალზანს არაფერს ვთხოვდი) და რომელიც ჩემს სხეულს ისე მოერგებოდა, როგორც ბრილიანტის ყელსაბამი თხას, ე. ი. მამაკაცის უნაგირით ჯირითი უნდა მესწავლა.

თუ არ გიხდება ის, რასაც ყველა ატარებს, განა ეს არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ მოდა შეცვალო? ვინაიდან შესაძლებლობა არ მქონდა, ძვირფასი სამოსი მეტარებინა, სხვები მივაჩვიე ეტარებინათ ის, რაც მე მიხდებოდა!"

მოკლე, შავი კაბა


კოკო და მისი დები ბავშვთა სახლში მიაბარეს. დაწესებულება ძალიან მკაცრი იყო. ეს სიმკაცრე კი აისახებოდა როგორც შენობის არქიტექტურაში, ისე აღსაზრდელების ჩაცმულობაში, რომლებიც მოკლე შავ კაბებში იყვნენ გამოწყობილი. შემდგომ შანელმა ეს კაბა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დანერგა. უნიჭიერესმა ქალმა მსოფლიო თავისი ბავშვობის ტანისამოსით შემოსა.

კოკო შანელის ოქროს ციტატები

რაც უფრო ცუდად მისდის ქალს საქმე, მით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს.

არ მიყვარს გრძელი პიჯაკები - მამაკაცთან საუბრისას ვერ ვხედავ მის ჩემდამი ინტერესს.

ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს ორი რამ - რა სურს და ვინ სურს.

არ მისთხოვდეთ მამაკაცს, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს.

არ მაღელვებს, რას ფიქრობთ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ.

თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.

არ არსებობს უშნო ქალი, არსებობენ მოუვლელი და ზარმაცი ქალები.

ქალი მომავალზე გათხოვებამდე წუხს, მამაკაცს კი დაოჯახებამდე არ აწუხებს მომავალი.

სილამაზეზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ გულიდან და სულიდან. სხვაგვარად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით.

ქალს, რომელიც არ ხმარობს კოსმეტიკას, საკუთარი თავი დიდი ვინმე ჰგონია.

თავის შეკავება, როდესაც გეწყინათ და სიმშვიდე, როცა გეტკინათ - აი, ეს არის იდეალური ქალი.

ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.

სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან.

ჩემი ჩაცმის სტილი დაცინვას იწვევდა, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების საიდუმლო - მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა.

ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ არის. თუ იძულებული ხარ, მასში მაღალი ფასი გადაიხადო, ესე იგი, ის ფარსია.

თუ უფრთოდ დაიბადე, ნუ შეუშლი ხელს მათ გაზრდას.

ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი - მისი პასპორტი, მკერდი კი - საერთაშორისო პასპორტი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით