შეიარაღებული მშვიდობა - კვირის პალიტრა

შეიარაღებული მშვიდობა

10 მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ, გაზეთ   "კვირის პალიტრასთან"  ერთადლეგენდარული ჟურნალის, TIME   -ის უნიკალური კრებული გამოვა

შტეფან ცვაიგი 1881 წელს ვენაში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაიბადა. იგი მე-20 საუკუნის უდიდესი მწერალია. მისი შემოქმედება მოიცავს რომანებს, ნოველებს, პიესებსა და ესეებს. შტეფან ცვაიგის მოღვაწეობა ორივე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა და იგი იმ მძიმე წლების ტრაგიკული მოვლენების უშუალო მოწმე იყო. მოწოდებით ჰუმანისტი, პაციფისტი და აპატრიდი, როგორც ის თავის თავს უწოდებდა, მაღალი ევროპული ფასეულობებით გაერთიანებულ ევროპაზე ოცნებობდა. ნაციზმი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო, ამიტომ ჯერ ინგლისში გადასახლდა, ხოლო მოგვიანებით, 1941 წელს - ბრაზილიაში. ერთი წლის შემდეგ, 22 თებერვალს, შტეფან ცვაიგმა მეუღლესთან ერთად ქალაქ პეტროპოლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი 1890 წელს პოსტიდან გადადგა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შორის აღარ არსებობდა ის ურთიერთობები, რაც ამ კონტინენტზე თითქმის 20 წლის განმავლობაში ქმნიდა მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველს. ეს მშვიდობიანი პერიოდი ძირითადად სამხედრო ძალების გაერთიანებასა და გადაიარაღებას მოხმარდა და ამ პროცესში ოტო ბისმარკმა დიდი როლი შეასრულა.

1882 წლის 20 მაისს მან ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას ავსტრია-უნგრეთსა და იტალიასთან. მათი გაერთიანება "სამთა კავშირად" იქცა და საფრანგეთს დაუპირისპირდა.

ამ ე. წ. "შეიარაღებული მშვიდობის" ფონზე, რომელიც საფრანგეთ-პრუსიის ომის (1870-1871) შემდეგ დაიწყო, ევროპის ქვეყნებმა დასავლური პოლიტიკური სცენარის თანახმად, რომლის პარადიგმასაც ლიბერალიზმი და პარლამენტარიზმი წარმოადგენდა, ტერიტორიების დაპყრობა დაიწყეს. ამან კი მოგვიანებით კოლონიურ-იმპერიალისტური სახე მიიღო და ამ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, დანარჩენი "თავისუფალი" ტერიტორიებიც ჩაეგდოთ ხელში. ევროცენტრიზმის იდეოლოგიის თანახმად, ევროპამ გაინაწილა ტერიტორიები აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში, რომლებიც მოგვიანებით დაძაბულობის კერად იქცნენ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის მასები დაუპირისპირდნენ გავლენიან პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, რომელთა რიცხვიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, დღითი დღე მატულობდა. 1906 წლიდან მოყოლებული, ევროპაში შიდაპოლიტიკურმა პრობლემებმა აშკარად იჩინა თავი. 1912-1913 წლების ბალკანეთის ომებს 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში ფრანც ფერდინანდზე თავდასხმა მოჰყვა, რის შემდეგაც იმავე წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ სერბეთს ომი გამოუცხადა, კონფლიქტში ჩაერთვნენ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც, რაც შემდგომ პირველ მსოფლიო ომში გადაიზარდა.

ომის ქარცეცხლში გახვეული ევროპა ის ადგილი აღარ იყო, სადაც შტეფან ცვაიგი ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეძლებდა. ამას იგი დიდი გულისტკივილით აღნიშნავდა: "სრულ სიცარიელეს ვგრძნობ, არ ვიცი, რომელი გზით უფრო სწორი იქნება სიარული". შემდეგ კი სრული თავდაჯერებით ამბობს: "უსამშობლოო ადამიანი თავისუფალია. ის, ვინც არავის შეეკვრება და არავის ემონება, თავისუფალია თავისი შინაგანი არსით", - წერდა იგი სიკვდილის წინ დაწერილ ავტობიოგრაფიაში "ფესვებს მოწყვეტილი".

"უსაფრთხო ოქროს საუკუნისა" და ავსტრიის მონარქიის "პირმშო" ცვაიგი თვალს ადევნებდა, როგორ ძლიერდებოდა იტალიაში ფაშიზმი, გერმანიაში - ნაციზმი, ხოლო რუსეთში - ბოლშევიზმი. მათ შორის ყველაზე საშინელი ჭირი მისთვის ნაციზმი იყო. ცვაიგი ამბობდა: "სწორედ მან მოწამლა ჩვენი ევროპული კულტურა. თავად გავხდი იმის მოწმე, როგორ გადაიქცა ჰუმანურობა ველურობად, რომლის მსგავსიც ჯერ არავის უნახავს, ეს იყო წინასწარგანზრახული ბოროტება, ანტიჰუმანურობიდან რომ იღებდა სათავეს".

ძველი წესრიგის დასასრული

ცვაიგის დროინდელი ბურჟუაზიული ვენა "წესრიგის მოყვარული ის სამყარო იყო, რომელშიც ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. ეს იყო სამყარო სიძულვილის გარეშე, რომელსაც ჯერ არ განეცადა ავტომობილების, ტელეფონების, თვითმფრინავებისა და რადიოს გავლენა, სადაც ცხოვრება სხვა რიტმში მიედინებოდა, ხოლო დროს და სივრცეს სულ სხვა განზომილება ჰქონდა". ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: "1914 წლის 28 ივნისს სარაევოში გასროლის ხმა გაისმა და ძველი სამყარო ხუხულასავით დაინგრა. დამთავრდა იმ სიმშვიდის და საღი აზრის ეპოქა, რომელიც ასე მშობლიური იყო ჩვენთვის". 60 წლის შტეფან ცვაიგმა გადაწყვიტა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა და, როგორც თავად თქვა, ეს უნდა მომხდარიყო "ახლა, როცა ჩემი მშობლიური კულტურა გარდაიცვალა და ევროპამ, ჩემი სულიერების კერამ, საკუთარი თავი გაანადგურა".