პროფესია - სვანი! ანუ "მაიტა ნასოსი"... - კვირის პალიტრა

პროფესია - სვანი! ანუ "მაიტა ნასოსი"...

"ვდგავარ თავიდან ფეხებამდე გალუმპული მერვეკლასელი ბიჭი და კბილებით ვიცავ ნაძვის ხეს"

მსახიობსა და რეჟისორს სოსო ჯაჭვლიანს "რევოლუციამდელი" ბავშვობა ჰქონდა და სათამაშოებს... თვითონვე ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთშია გაზრდილი, ჯიხვებზე სანადიროდ შუა აზიაში დადის. ამჟამად კომედიურ ფილმზე მუშაობს, რომელსაც "მაიტა ნასოსი" ერქმევა. თუ გაინტერესებთ, რის ფასად მიიტანა ნაძვის ხე შინ და როგორი მეკვლეები და თოვლის ბაბუები არიან სვანეთში, სოსო ჯაჭვლიანთან ინტერვიუ წაიკითხეთ.

- რა უყვარს სოსო ჯაჭვლიანს?

- სიმშვიდე მიყვარს... კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა ისე დააჩქარა დრო, რომ ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია. შეიძლება, ათი წელი არ გინახავს შენი ახლობელი, მაგრამ ყოველდღე ელაპარაკები ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით და აქვეა რა, შენ გვერდით... ამას წინათ, მთელი დღე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მშვიდად ვიყავი... მიზეზს ერთხანს ვერ მივხვდი. მერე გამახსენდა, მობილური ტელეფონი გამომირთავს...

- სიმშვიდე თუ გიყვართ, სვანეთში საცხოვრებლად წასვლაზე არ გიფიქრიათ? იქ იმდენად ცოტა მოსახლეა დარჩენილი...

- კინემატოგრაფისტთა აგარაკებია გლდანის ზემოთ. ორას ორმოცი ნაკვეთია და თვრამეტი წელიწადია მხოლოდ მე ვცხოვრობ, მეტი სიმშვიდე რაღა გინდათ? მიწასაც ვამუშავებ იქ, საქონელსაც ვუვლი. შრომა ნამდვილად არ მეთაკილება...

- ჯიხვზე თუ გინადირიათ?

- ოღონდ, სვანეთში არა, შუა აზიაში ვყოფილვარ არხარებზე სანადიროდ. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ფრინველზე, მელაზე სანადიროდ. მერე კი, როცა წამოვიზარდე, სვანეთიდან წამოვედი  და ჯიხვზე სანადიროდ კი არა, ახლობლების სანახავად ვეღარ მივდივარ...

- ბავშვობიდან რა გახსოვთ ყველაზე მძაფრად?

- სხვანაირი თოვლი იყო თითქოს სვანეთში, მშრალი. რომ დადიხარ და ხრაშახრუში გაუდის... კიდევ - მესტიის კულტურის სახლში ისეთ საახალწლო საღამოებს აწყობდა პლატონ დადვანი, მსგავსი არსად მინახავს... რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგიო, - ჩვენზეა ნათქვამი (იცინის). სად იყო მაშინ ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები - თვითონვე ვამზადებდით სათამაშოებსაც და გირლანდებსაც...

- სვანებზე ხშირად ხუმრობთ?

- ჩვენ საოცარი იუმორი გვაქვს და ამის მიზეზსაც მივაგენი. მთაში თორმეტიდან რვა-ცხრა თვის განმავლობაში ზამთარია. მთელი დღეები ცეცხლთან სხედან, სასმელ-საჭმელი არ აკლიათ და დროს ლაზღანდარობაში ატარებენ... ისე, სვანეთშიც ჩვეულებრივ ხვდებიან ახალ წელს. ამზადებენ საკლავს, ტკბილეულს, ერთმანეთს სტუმრობენ... ლენჯერელი სვანების ამბავს მოგიყვებით: მიადგა მეკვლე ოჯახს და იძახის - მეკვლე ვარ, კარი გამიღეთო. წინაღამის ნაქეიფარი მასპინძელი ზლაზვნით წამოდგა ლოგინიდან - რა მოგაქვსო? ხვავი, ბარაქა!.. კიდევო? - ნება-ნება იცვამს ოჯახის პატრონი. გამრავლება, გახარება, ყველაფერი კარგი! კიდევ? - დრო გაჰყავს მასპინძელს... მეხუთედ რომ შეეკითხა, გაყინულმა მეკვლემ, - თქვენი ამოწყვეტა და ამოჟუჟვა მომაქვს, დროზე კარი გააღე, გავიყინეო, - დაუღრიალა...

- სვანების თოვლის ბაბუას მართლა "სვანთა კლაუსი" ჰქვია?

- აბა რა (იცინის)! ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ თოვლის ბაბუა რომ ჩამოიყვანეს სვანეთიდან. გია ჯაფარიძე ასრულებდა მის "როლს". ჩავიდნენ გია და კობა სუბელიანი სვანეთში. იქაური ამბავი მოგეხსენებათ, - უცებ შეიცვალა ამინდი და ჩარჩნენ. მფრინავმა - ხუთი წუთითაც რომ გაიხსნას გზა, მოვასწრებთ გაფრენასო, მაგრამ არ გინდა გაიგო, როდის დადგება ის "ხუთი წუთი"? გია სადღაც წაიყვანეს საქეიფოდ და ამ დროს არ გაიხსნა გზა? კობა თბილისში დატოვებულ ცოლ-შვილზე დარდობდა და გია არც გახსენებია, ისე ჩახტა ვერტმფრენში. გიამ რომ მოირბინა, უკვე ჰაერში იყო ვერტმფრენი. გადაირია კაცი, - თქვენ მე მართლა თოვლის ბაბუა ხომ არ გგონივართ, წამიყვანეთ აქედან, თქვენი დედაო... კობა იხსენებდა - საერთოდ არ მწყენია გინება, ოღონდ იქიდან, დროზე წამოვსულიყავი და აღარაფერს დავეძებდიო...

- ერთხელ თქვით, - რისკიანი არა, ჯაჭვლიანი ვარო... არც აზარტული ხართ?

- აზარტული რაღაცის გაკეთების, მიღწევის დროს ვარ, თორემ კაზინოში სიარული არ მიტაცებს. რისკიანი? ჩემს ბავშვობაში საახალწლოდ ნაძვის მოჭრა აკრძალული იყო. მე და სოსო ჯაფარიძემ მოვჭერით და რადგან ყველა ხიდზე მეტყევეები იდგნენ, გაყინულ მდინარეზე გადავიარეთ. ყინული ჩამიტყდა და სასწაულებრივად გადავურჩი დახრჩობას. ძლივს ამოვბობღდი ნაპირზე და ამ დროს მეტყევეები დაგვადგნენ თავს. ვდგავარ თავიდან ფეხებამდე გალუმპული მერვეკლასელი ბიჭი და კბილებით ვიცავ ნაძვის ხეს. რომ ვერ წაგვართვეს, ჩვენს ნაძვებს კენწეროები მოამტვრიეს... გადავირიე, ნაჯახს ხელი ვტაცე და მეტყევემ ძლივს გამასწრო... მერე წავედი, ორი ნაძვი მოვჭერი მეტყევეების თვალწინ და შინ მივიტანე. ხმის ამოღება ვერც ერთმა მეტყევემ ვერ გაბედა...

- "სვანი" უკვე გამოვიდა კინოეკრანებზე. ახლა კომედიაზე მუშაობთ...

- ფილმს პირობითად "მაიტა ნასოსი" ჰქვია და ანეკდოტების სიუჟეტებზეა აგებული. ერთ ეპიზოდში ნიკა არაბიძის გმირი სვანებზე ჰყვება ანეკდოტებს, დავიჭერთ და ფეხებით გადმოვკიდებთ კოშკიდან. ამ სცენას რომ ვიღებდით, ჩემმა მეზობელმა გამოიარა - ბექსტონა რატიანმა. კაცი 30 წელიწადი არ მყავდა ნანახი და გამარჯობა არც უთქვამს. პირდაპირ ის გვკითხა, - რას აკეთებთო. ეს მამაძაღლი სვანებზე ჰყვებოდა ანეკდოტებსო, - ვუთხარით და იცი, რა მითხრა? მამაშენი ცოცხალი რომ იყოს, გული გაუსკდებოდა - ამ პატარა კოშკზე რომ დაგიკიდებიათ. ახლავე წაიყვანეთ და ყველაზე მაღალი კოშკიდან გადმოკიდეთო!

- ახალი ანეკდოტიც გვითხარით...

- ახალს არა, "კლასიკურ" ანეკდოტს გეტყვით. სვანს ურეკავენ: - გივი, სად ხარ? - რესტორანში ვარ, ვქეიფობო. რა დროს რესტორანია, შენს ცოლს წაღმა-უკუღმა დაათრევენო. გადაირია სვანი, გავარდა და ავტოავარიაში მოყვა. წევს ხელფეხდამტვრეული საავადმყოფოში. მივიდა მამამისი და ეუბნება, - გივი შენ არ გქვია, ცოლი შენ არ გყავს და ნეტავ, სად გარბოდიო... სასაცილო კია, მაგრამ დღევანდელ დღესაც ასეთი გულით, დაუფიქრებლად თუ გავიქცევით მოყვასის და სამშობლოს დასახმარებლად, ყველაფერს ეშველება...

- მკლავჭიდი არ გვიხსენებია...

- საქართველოში სპორტის ეს სახეობა რომ არსებობს, ვახტანგ მუსელიანის დამსახურებაა. უამრავი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გაუზრდია. 1991 წელს, აქ რომ ერთმანეთს ვხოცავდით ქართველები, მკლავჭიდში საქართველოდან პირველი ჩემპიონი ერეკლე გურჩიანი გახდა, ორ საათში ზაურ ცხადაძემაც მოიგო. ზაური გვსაყვედურობდა - სულ იმას გაიძახით, სვანია პირველი ჩემპიონიო. ეგრეა და რას იზამ - ერეკლე გაგარინია და შენ კიდევ ტიტოვი-მეთქი (იცინის)...

დღეს კი მკლავჭიდი მგონი, აღარც ახსოვთ. რამდენიმე თვის წინ, გენადი კვიკვინია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. მანამდე, ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ რად გინდა? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტელევიზიამ იცოდა, აეროპორტში კაციშვილი არ დაგვხვედრია... სამაგიეროდ, სამი დღის შემდეგ ოსლოში ქართველმა "ვაჟკაცმა" გეიაღლუმში გაიმარჯვაო და გაზეთი და ჟურნალი არ დარჩენილა, მისი ფოტოებით არ აეჭრელებინათ გვერდები...