ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები - ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო - კვირის პალიტრა

ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები - ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო

2014 წელი ვანო მაჩაბლის საიუბილეო წლად გამოცხადდა

"ერთი ვერსიით, მაჩაბელი ილიამ მოაკვლევინა და მერე აკაკი დაეხმარა გვამის დაწვაშიო"(!)

რას ვიფიქრებდი, თუ ერთი უბრალო მისამართი ამდენს დაიტევდა: წეროვანი, კოტეჯი #N407. მისამართი-მეთქი და უმისამართობა უფრო ეთქმის... თორემ ამ ერთმანეთის მსგავს კოტეჯებს შორის რა უნდა ვანო მაჩაბლის სახლ-მუზეუმს?! რა უნდა და ის, რომ სოფელი თამარაშენი, სადაც 1854 წლის 8 თებერვალს მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ვანო მაჩაბელი დაიბადა, - ადგილი, რომელიც მართლაც მისამართი იყო მაჩაბლების კარ-მიდამოსი, საქართველოს სამწუხარო რეალობაში აღარ არსებობს. ვანო მაჩაბელმა ამჯერადაც გაიზიარა საქართველოს ბედი - დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში, კიდევ ერთხელ შეეწირა ქვეყნის უბედობას!

#407-მა კოტეჯმა ამ დღეს ბევრ სტუმარს უმასპინძლა. ფეხაკრეფით, მოწიწებით შედიოდნენ სამშობლოშემოძარცული ქართველები დროებით თავშესაფრად აგებულ პატარა შენობაში. ალბათ, თითოეული მათგანი ყელში მობჯენილ ცრემლს ყლაპავდა. იქნებ სიმბოლურიცაა, რომ მამულიშვილი, რომელსაც ილიას საქმის გამგრძელებლად მოიაზრებდნენ, რომელიც მაჩაბელთა დიდი გვარის ჩამომავალი იყო, დღეს ამ მცირე ოთხ კედელს შორის მოქცეულა თავისი მემკვიდრეობით. აღარსად არის მაჩაბლიანთ დიდი სახლი და მისი რიკულებიანი, ფართო აივანი. მტრის სურვილი იყო, მისი კვალი არ უნდა დარჩენილიყო ქართულ მიწაზე, როგორც ნიშანი დაკარგული და წართმეული მიწის ყივილისა...

მუზეუმი განადგურებულია

თამარაშენი დღეს მიწასთან არის გასწორებული. დანგრეულია მაჩაბლისეული ისტორიული ნაგებობაც - სახლი, რომელიც პირველად 90-იან წლებში ააფეთქეს. მას მერე, მაჩაბლის მემორიალური შენობის აღდგენა მოხერხდა, თუმცა 2008 წელს საბოლოოდ გაანადგურეს. რუსულ საინფორმაციო წყაროში ვკითხულობთ: На месте сожжённых и покинутых сел Тамарашени планируется построить аэропорт с удлиненной взлетно-посадочной полосой, способной принимать тяжелые транспортные самолеты.

დიდი ადამიანები ზოგჯერ სულელურ ამბებს ეწირებიან...

1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას, ივანე მაჩაბელი შინიდან გავიდა და საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა, რაც მრავალი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა.

საუკუნეზე მეტი გავიდა და კითხვა: სად გაქრა ივანე მაჩაბელი?“პასუხგაუცემელია. იმთავითვე რამდენიმე ვერსია გავრცელდა: თვითმკვლელობისა, რომელსაც ვანო მაჩაბლის რთული პერიოდით ხსნიდნენ, (ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება ბანკისა და ,,დროების" გამო, ავადმყოფობა, ვალები), მეორე ვერსიით - მკვლელობაში აკაკი წერეთელს ადანაშაულებდნენ (ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბლის სიყვარულის გამო). ვანო მაჩაბლის სიყვარულზე არაერთი ლეგენდა არსებობს. ამბობდნენ, მას სხვა ქალი უყვარდა და ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი ითხოვა ცოლად, რომელსაც იმხანად ბევრი ეტრფოდა და გათხოვების მერეც ჰყავდა თაყვანისმცემლები... ქმარმა საყვარელთან მიუსწრო და უბედურება დატრიალდა - ვანო მაჩაბელი, რომელიც მძიმედ იყო ავად, ხელჩართული დაპირისპირებისას მოწინააღმდეგეს შემოაკვდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ივანე მაჩაბელმა მეუღლესთან და აკაკი წერეთელთან ერთად ივახშმა (აკაკი ხშირად სტუმრობდა მეგობარის ოჯახს). მამაკაცები მხიარულ გუნებაზე იყვნენ და ნარდიც ითამაშეს. 10 საათისთვის დასაძინებლად დაიშალნენ. დილით ანასტასიას საწოლ ოთახში ვანო აღარ დახვდა. ხელუხლებელი იყო ნივთები: საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული... ჩვენებების მიხედვით, ვანო ღამის 4 საათზე ვიღაცას ესაუბრა აივნიდან. გოროდოვოიმ“გაიხსენა, რომ თავადმა ღამის 4 საათზე ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა და გოლოვინსკის პროსპექტისკენ გაუყვა.

გაქრა... ეძებდნენ მტკვარში, ტყეში, მდინარის პირას... ამაოდ.

ამ ჩვენებით აკაკი წერეთელს ეჭვმიტანილის როლი ერგო... თითქოს ტასოს საყვარელი და ვანოს მკვლელი იყო - მაჩაბელი წაადგა თავს მოტრფიალეებს, აკაკიმ მოკლა მეტოქე და მერე საკირეში ჩააგდოო... არადა, აკაკი  ტასოს სიყვარულს გულში ფარულად ატარებდა, რაც დასტურდება ,,სიკვდილის წინე აღსარებაში". მგოსნის გრძნობა ტასოსთვის გვიან გახდა ცნობილი, რის გამოც ქალმა მასთან მეგობრობაზეც კი ხელი აიღო. უერთგულესი და შეყვარებული მეუღლე მთელი სიცოცხლე ელოდა ქმარს. თუმცა ამბობდნენ იმასაც, რომ ორმა კაცმა ტასო ბაგრატიონისგან ზუსტად იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს. ერთი აკაკი წერეთელი იყო, მეორე - სოსიკო მერკვილაძე...

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: ვანოს გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, სამი გემით ბათუმიდან გავიდნენ ,,დუხაბორები", რომელთაც მფარველობდა სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის უფროსი ვაჟი). სავარაუდოდ, ღამის 4 საათზე მან წაიყვანა ივანე მაჩაბელი, როგორც თარჯიმანი. ერთი გემი ჩაიძირა...

მაჩაბლის ტრაგიკული სიკვდილი ხელს აძლევდათ სოციალ-დემოკრატებს, მაშინ კი ამუშავდა ჭორების მანქანა-გენერატორი და რა აღარ თქვეს: ილიამ მოაკვლევინა და მერე აკაკი დაეხმარა გვამის დაწვაშიო... ვანო მაჩაბელი ისედაც მძიმედ იყო ავად და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, მაგრამ ეჩქარებოდათ - ილიასაც უნდა გახეთქოდა გული მათი მონაჭორის მოსმენის შემდეგ! მაშინ წიწამურთან აღარ დასჭირდებოდათ ტყვიის გასროლა..

.

სიმბოლური იყო, რომ მაჩაბელი, რომელიც დიდ საქმეს აღასრულებდა თავისი ერისთვის, რომელიც ილიას ძლიერ ფესვზე ამოყრილი ყლორტივით იყო, ილიასვე დაუპირისპირეს. არადა, მათ ერთი საქმე უნდა ეკეთებინათ.

ასე წერდა წმინდანად შერაცხილი ექვთიმე თაყაიშვილი: "ილია ჭავჭავაძე ჩემ დროს იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ "ივერიის" რედაქტორი. ეს სამი დაწესებულება წარმოადგენდა უმთავრეს ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მართალია, არსებობდა კიდევ ქართული დრამატული საზოგადოება, მაგრამ ის სულს ღაფავდა. ხან აკაკი წერეთელი იყო მისი თავმჯდომარე, ხან ვინ...

ილია თუმცა ითვლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ, მაგრამ სრულიად ვერ ესწრებოდა მის სხდომებს. ჩემს დროს იქ მის მოადგილედ ითვლებოდა ვანო მაჩაბელი, რომელიც საადგილმამულო ბანკის დირექტორიც იყო. პირველ ხანებში ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის არავითარი უსიამოვნება არ ყოფილა, ისინი თანხმობით მუშაობდნენ. ვანო მაჩაბელიც დიდი პატრიოტი იყო, ნიჭიერი, განათლებული, კარგი მუშაკი და თან სიმპათიური ადამიანი. ჩვენ საზოგადოებაშიც გავრცელებული იყო აზრი, რომ ილიას მემკვიდრე საზოგადო საქმეებში ვანო მაჩაბელი იქნებოდა. ილიასა და ვანოს შეხმატკბილებული მუშაობა ხომ, სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ ერთად თარგმნეს "მეფე ლირი".

იმხანად ილიას უკვე ბევრი ემდუროდა, მუშაობას მოუკლო და დიდ დროს ანდომებს ქაღალდის თამაშსო. ზოგიერთი პირშიც ამხელდა.

მერე მოხდა რაღაც კონფლიქტი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის. რა იყო მისი მთავარი მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადად ჩანდა, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმე უკან-უკან მიდიოდა. ვანო მაჩაბელმა განაცხადა, ილიამ დროზე არ იზრუნა ბანკის ბილეთების კონვერსიაზე და ამიტომ მსესხებელნი დავკარგეთო. ეს ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდნენ, რომ როცა ადამიანი წლოვანებაში შედის, მას ვეღარ მოვთხოვთ პირვანდელ ენერგიასა და შრომას; იმის მაგიერ, რომ ილიასათვის პენსია დაენიშნათ და ისე, პატივისცემითა და მადლობით აღენიშნათ მისი დამსახურება და ამრიგად გამოეცვალათ თავმჯდომარე, მათ საზოგადო კენჭისყრით გაშვება მოუნდომეს და აშკარა წინააღმდეგნი გახდნენ მისი".

სამწუხაროდ, დიდი ადამიანები ზოგჯერ სულელურ ამბებს ეწირებიან, მაგალითად, საკუთარი ცოლის მოარშიყისადმი მოქნეულ მძიმე უთოს (ასე ითქვა მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ... სწორედ ეს ვერსიაა გატარებული როსტომ ჩხეიძის პიესაში "26 ივნისის საიდუმლო", რომელიც დოკუმენტური ჩანაწერების საფუძველზე შეიქმნა).

სიმბოლურია ისიც, რომ მას მერე, რაც იდუმალ ვითარებაში გაქრა ვანო მაჩაბელი, ათასი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა სიმართლე არც გაირკვა. მიზეზი - სიყვარულიცა და პატივისცემაც, რიდიცა და დავიწყების სურვილიც, საიდუმლოს ერთგულებაცა (დანამდვილებით იციან, რომ ორმა-სამმა კაცმა იცოდა სიმართლე და სამარეში წაიღო) და ტკივილის სიმწარეც...

დაპირისპირებებსა და დაუფიქრებელ ქცევას, ღალატსა და გაუაზრებლობას კი რაც მოსდევს თან, ყველამ ვიცით.

უკანასკნელი სიმბოლო: თამარაშენის დღევანდელი მისამართი - კოტეჯი N#407...