ჰერმან მელვილი - "მობი დიკამდე"
24-02-2014
ჰერმან მელვილი - "მობი დიკამდე"
რადგან მელვილის "მობი დიკი" ორ წიგნად გამოდის, შესაბამისად, წინასიტყვაობაც ჩვეულებრივზე ვრცელი იქნება და საშუალება გვაქვს, ამ მართლაც უდიდესი რომანის ავტორსა და მის ქმნილებაზე უფრო მეტი ითქვას. მეორე წიგნში ჰერმან მელვილის ცხოვრების იმ პერიოდზე ვისაუბრებთ, როდესაც ის უკვე "ოფიციალური მწერალი" იყო, აქ კი მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო - ახალგაზრდობის წლები გავიხსენოთ. რაც შეეხება მისი ცხოვრების ბოლო ორ ათწლეულს, მათზე სათქმელიც ბევრი არაფერია - მისი მწერლობა იმ წლებში აღარავის ახსოვ
და...

დიახ, უცნაური და სამწუხაროა, მაგრამ როდესაც 1891 წელს 72 წლის ჰერმან მელვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ გარდაიცვალა ნიუ-იორკის საბაჟოს დამსახურებული თანამშრომელი, რომელმაც იქ 20 წელი კეთილსინდისიერად იმუშავა. ამას წერდნენ კაცზე, რომელსაც ათწლეულების შემდეგ  XIX საუკუნის უდიდესი ამერიკელი მწერალი უწოდეს იმის მიუხედავად, რომ, ცხადია, "ახსოვდათ"
-  XIX  საუკუნეში ამერიკას, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც მარკ ტვენი ჰყავდა.

ჰერმან მელვილი 1819 წელს დაიბადა ნიუიორკელი კომერსანტის მრავალშვილიან ოჯახში - მის მშობლებს 4 ვაჟი და 4 ქალიშვილი ჰყავდათ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ მომავალი მწერლის მამას ფინანსური პრობლემები არ დაეწყო, რასაც ჯერ ფიზიკური ავადმყოფობა, შემდეგ კი ფსიქიკური აშლილობა მოჰყვა და 12 წლის ასაკში უმამოდ დარჩენილი ჰერმან მელვილი იძულებული გახდა, სამუდამოდ ეთქვა უარი ოცნებაზე, რომ საუნივერსიტეტო განათლება მიეღო და უკვე თექვსმეტი წლისა დიდი ქალაქის შრომით ორომტრიალში ჩაერთო, რათა ოჯახს შეხიდებოდა.

მაინც არ უნდოდა, წიგნისა და განათლებისაგან შორს ყოფილიყო და ორჯერ სცადა, სპეციალური კურსები გაევლო და დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მოწყობილიყო, თუმცა უშედეგოდ - კვლავ უსახსრობის გამო. ინჟინრობის შესწავლაც უნდოდა - ესეც ამაოდ.  სასამართლოში ქაღალდების გადამწერად მოეწყო, შემდეგ ცოტა ხნით მაინც მოახერხა მასწავლებლობა... საბოლოოდ კი იმ გზას დაადგა, რომელიც მისი გვარის არაერთმა წარმომადგენელმა გაიარა - ბიძაშვილებმა, პაპამ, პაპის მამამ - გემზე მოეწყო იუნგად. თუმცა იუნგისათვის საკმაოდ დიდი იყო, 20 წლისა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უფროსი ძმის ნაცნობობის წყალობით ბრიტანული სავაჭრო გემი, "წმინდა ლოურენსი", მისი პირველი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა.  თითქმის ორი წელი იცურა ნიუ-იორკსა და ლივერპულს შორის და 1841 წელს უკვე უფრო მკაცრი საზღვაო გამოცდის წინაშე დადგა - ვეშაპმჭერი გემი "აკუშნეტი" მასაჩუსეტსის ნაპირიდან გაემგზავრა შორეულ სარეწ მოგზაურობაში და მეზღვაურებს შორის მელვილიც იყო მეგობართან ერთად (ისე, საინტერესოა, საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი - "ვეშაპმჭერი", როდესაც ყველა სხვა ენაზე "ვეშაპებზე მონადირე", ან "ვეშაპების მკვლელი" ჰქვია და ეს უფრო სწორია).

18 თვის მერე, კაპიტანსა და ბოცმანთან კონფლიქტის გამო,  მარკიზის კუნძულებიდან ერთ-ერთზე მალულად ჩამორჩნენ გემს მელვილი და მისი მეგობარი და როდესაც ამის შესახებ გემზე შეიტყვეს, უკვე ძალიან გვიანი იყო.
ისე კი, ვერავინ იტყვის, კაპიტანთან კონფლიქტში ვინ იყო მართალი, რადგან წლების შემდეგ "მობი დიკში" დაწერა: "ერიდეთ თქვენს გემზე მეზღვაურად ფერმკრთალი ჭაბუკის დაქირავებას, რომელსაც მაღალი შუბლი და ჩაცვენილი თვალები აქვს", - აშკარად საკუთარი ჯეელობის დროინდელ გარეგნობას აღწერდა ამ სტრიქონებით და საფიქრებელია, რომ მხოლოდ ფიზიკურ სისუსტეზე არ აკეთებდა აქცენტს, როდესაც გემთმფლობელებს ასეთ რჩევას აძლევდა.

კუნძულზე აბორიგენებთან მოუხდათ ცხოვრება - იქ მოსახლე სამი ტომიდან ერთ-ერთთან - ტაიპის ტომთან, რომლებზეც დანარჩენი ორი ტომი ამბობდა, კანიბალები არიანო. თუმცა მელვილსა და მის მეგობარს პატივისცემით ეპყრობოდნენ. როგორც შემდეგში წერდა, - თან ტყვეები ვიყავით და თან სტუმრებიო.
ერთი თვის შემდეგ კუნძულს ავსტრალიური ვეშაპმჭერი მოადგა და მეგობრებმაც იქაურობას თავი დააღწიეს, თუმცა, ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც კუნძულ ტაიტიზე ყოფნისას მეზღვაურთა ამბოხში მიიღეს მონაწილეობა. ჰერმან მელვილი დააპატიმრეს, გემი ზღვაში გავიდა, მას კი ტაიტის ციხეში მოუხდა ყოფნა.
გათავისუფლებული უკვე სხვა გემზე მოეწყო, კაპიტანთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, პირობისამებრ, ჰავაის კუნძულებზე გადმოვიდა ხმელეთზე. ჰონოლულუში ფული მალე გაუთავდა, თანაც იქ მოღვაწე ქრისტიან მისიონერებთან კონფლიქტი მოუვიდა და  რამდენიმე თვე ჩვეულებრივ მაწანწალასავით ცხოვრობდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩააღწია ნიუ-იორკში - ისევე უფულოდ, როგორც იქიდან წამოვიდა თითქმის ხუთი წლის წინ, მაგრამ თან ჰქონდა უდიდესი სიმდიდრე: მოგზაურობის შთაბეჭდილებები, უსაზღვრო ფანტაზია და წერის სურვილი.

შედეგმაც არ დააყოვნა: 1946 წელს მისი პირველი რომანი "ტაიპი" გამოვიდა (თანაც ლონდონის ყველაზე ავტორიტეტულმა გამომცემლობამ დაბეჭდა), ხოლო 1947 წელს მეორე რომანი - "ომუ".
დიდება მალე მოვიდა - გრიგალივით მოვარდა, ისე, როგორც ეს ხდება ამერიკაში. მაგრამ მალე ყველაფერი დავიწყებას მიეცა, თანაც "მობი დიკამდე" ჯერ კიდევ შორს იყო..
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები