"ჯვრის დასაწერად შეყრილები კინაღამ გავიყარეთ" - კვირის პალიტრა

"ჯვრის დასაწერად შეყრილები კინაღამ გავიყარეთ"

ბიძინა კვერნაძის უცნობი ფოტოები საოჯახო ალბომიდან

2009 წლის ივლისი, სიღნაღი. ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ბიძინა კვერნაძის შემოქმედებითი საღამოს გასამართად ემზადებიან. ოპერის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ბოლო რეპეტიციას გადის. 80 წლის კომპოზიტორი სასტუმროს აივნიდან გადაჰყურებს საიუბილეო სამზადისს... სწორედ მაშინ გავიცანი ქართული ლეგენდა... მისი მუსიკა იმდენად მრავალფეროვანი და სრულყოფილია, რომ  კიდევ ბევრი საუკუნე იცოცხლებს...

ბიძინა კვერნაძეზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე ფოტო, რომლებიც დღემდე კომპოზიტორის ოჯახში ინახება, ჯერ არც ერთი გაზეთის ფურცლებზე არ დაბეჭდილა და არც  ეკრანზე გამოჩენილა.  ბიძინა კვერნაძის უცნობი ფოტოები და ისტორიები "კვირის პალიტრაში" პირველად იბეჭდება. უნიკალური ფოტოები რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა პროექტის - "შეხვედრა წარსულთან" - ფარგლებში.

ჯვრისწერა ქორწინებიდან 40 წლის შემდეგ

ნესტან მესხი, ბიძინა კვერნაძის მეუღლე:„არ შეიძლებოდა, ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდით. ის კომპოზიტორი იყო, სულ კონსერვატორიაში ჰქონდა საქმე და მეც... ჩვენ გვაკავშირებდა ყველაზე მთავარი, მუსიკა. გაცნობიდან ხუთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ. მაშინ ჯვრის დაწერა არც გვიფიქრია, სხვა დრო იყო... ქორწილი ჯანსუღის მამამ, ივანე კახიძემ გადაგვიხადა თავის სახლში... ეს ფოტო ჩვენი ჯვრისწერის დღეს, 2005 წელს არის გადაღებული. დაახლოებით 40 წლის შეუღლებული ვიყავით, როდესაც შვილები გადაგვეკიდნენ, ჯვარი უნდა დაიწეროთო. უცებ გადავწყვიტეთ და კამოს ქუჩაზე მამა ალექსანდრემ დაგვწერა ჯვარი. ეკლესიაში რომ მივდიოდით, გაგვახსენდა, რომ მარტო ერთი საქორწინო ბეჭედი გვქონდა, რომელიც მე მეკეთა. ვიფიქრე, გზაში სადმე გავაჩერებ და უბრალო  ბეჭედს ვუყიდი, ბიძინა რას გაიგებს-მეთქი. ჩავსხედით მანქანაში, საჭესთან, როგორც ყოველთვის, მე დავჯექი. სანამ ეკლესიამდე მივედით, ყველა მაღაზია, სადაც მეგონა, რომ ბეჭედს ვიყიდდი, დაკეტილი დამხვდა. ბიძინამ მკითხა, სად არის ჩემი ბეჭედიო... გზაში ისეთი უთანხმოება მოგვივიდა ბეჭდის გამო, რომ ჯვრის დასაწერად შეყრილები კინაღამ გავიყარეთ. მერე ამ ამბავს ხშირად ვიხსენებდით სიცილით.

ერთი სიტყვით, დაიწყო ჯვრისწერა. მოძღვარმა გვითხრა, მომეცით თქვენი საქორწინო ბეჭდებიო. ცივმა ოფლმა დაგვასხა... ჩვენი ქალიშვილი ფისასო არ დაიბნა და ჩემს ჩანთას, რომელიც ოქროსფერი რგოლებით იყო გაფორმებული, ერთი რგოლი მოხსნა. მივაწოდეთ მღვდელს ჩემი ბაჯაღლოსა და ჩანთიდან მოხსნილი ოქროსფერი რგოლი. დავიწერეთ ჯვარი... ჩემი მეჯვარე ჩემი უახლოესი მეგობარი და ბიძაშვილი ცინუკი ჯანელიძე იყო, ბიძინას მეჯვარე - რეჟისორი გურამ მელივა. ეკლესიიდან მოვედით და ერთ ქათამზე გემრიელად ვიქეიფეთ...

რუსთაველზე

ეს ფოტო 60-იან წლებში, რუსთაველზეა გადაღებული. მასზე ახალგაზრდა თაობა: რეჟისორი თამაზ მელივა, მხატვარი რეზო თარხან-მოურავი, კინორეჟისორი გია ბადრიძე, სულხან ნასიძე, კარიკატურისტი გიგლა ფირცხალავა და ბიძინა კვერნაძეა. მაშინ ხალხი ფეხით დადიოდა, ერთმანეთს ქუჩაში ხვდებოდნენ.

ბიძინას უახლოესი მეგობრები იყვნენ პეტრე გრუზინსკი, რეზო ლაღიძე, ნოდარ გაბუნია, შოთა მილორავა, გუგული თორაძე, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი, გივი ორჯონიკიძე, ჯანო კახიძე, რეჟისორი გურამ მელივა...

ბოლო პერიოდში გული სწყდებოდა, რომ  მეგობრების უმრავლესობა ცოცხალი აღარ იყო. გია ყანჩელის უცხოეთში წასვლაც ძალიან განიცადა. როცა აბანოთუბანში გადმოვედით საცხოვრებლად, ანზორ ერქომაიშვილსა და გია ბადრიძესთან მეგობრობდა...

"სად იწყება სამოთხე"

ეს ფოტო ახალგაზრდა რეჟისორის, მურმან ქართველიშვილის გადაღებულია, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ვიდეორგოლის გადაღება უნდოდა, სადაც მსახიობები იქნებოდნენ შეკრებილი. მთხოვა, როცა მეგობრები შეიკრიბებით, დამირეკეთო.

სწორედ ამ დღეს, როცა ვახშმად სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე და სხვა მეგობრები გვესტუმრნენ, დავურეკე მურმანს. ეს ვიდეორგოლი, რომელსაც აღმოსავლური მუსიკა ადევს, სახელწოდებით: "სად მთავრდება უდაბნო და სად იწყება სამოთხე",“დიდხანს ტრიალებდა სხვადასხვა არხზე...

პატრიარქთან ერთად

ბოლო დროს ყოველ ახალ წელს პატრიარქთან ვხვდებოდით. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა და ახლა, როცა ბიძინა აღარ არის, მე ისევ საპატრიარქოში ვხვდები ახალ წელს. ხშირად ეძახდნენ საპატრიარქოში.

ეს ფოტო მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრშია გადაღებული.

ჩუბჩიკას შარჟი - შეშინებული ბიძინა ხის კენწეროზე...

ბიძინა აზარტული არ იყო, თუმცა ხშირად დადიოდა მეგობრებთან ერთად სანადიროდ და სათევზაოდ.

ერთ-ერთი ნადირობისას დათვების მთელი ოჯახი გადაჰყრიათ. თოფით ჩასაფრებულ ბიძინას ისე შესცოდებია დათვები, არ უსვრია.

მერე რომ ჰკითხეს, რატომ არ ესროლეო, უთქვამს: ოჯახი ბელებთან და სიდედრთან ერთად მოდიოდა და როგორ მესროლაო. საოცარი იუმორი ჰქონდა.

კარიკატურაზე, რომელიც 1973 წლის 16 დეკემბერს ჩუბჩიკამ დახატა, სწორედ ეს ნადირობაა გაშარჟებული, რომელსაც ავტორმა დაარქვა„"ბიძინა კვერნაძის გასვლა კახეთში დათვზე". შეშინებული ბიძინა ხის კენწეროზეა ამძვრალი და დათვები შურდულს და თოფს უღერებენ...

ერთ-ერთი ბოლო ფოტო...

ეს ფოტო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. რაღაცას გაკვირვებული ჰყვება. გაოცებულ ბიძინას ყოველთვის ასეთი სახე ჰქონდა. მიყვარს ეს ფოტო. როგორი იყო ბოლო ხანს? ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა. პირიქით, ძალიან მოსიყვარულე გახდა, განსაკუთრებით - პატარების მიმართ. ისე არ დაიძინებდა, ბავშვებისთვის არ დაეხედა, როგორ სძინავთო.

თორნიკე ყაჯრიშვილი