"ბრალი დამდეს მე, როგორც თურმე ხაზარების შთამომავალს, ქვეყნის დაქცევაში" - კვირის პალიტრა

"ბრალი დამდეს მე, როგორც თურმე ხაზარების შთამომავალს, ქვეყნის დაქცევაში"

თი-ბი-სი ბანკის მთავარ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საკმაოდ ემოციურად განაცხადა, რომ იწყებენ კამპანიას სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ. საქმე ეხება ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ რამდენიმე  სტატიას, რომელთა მიხედვით მამუკა ხაზარაძეს და თი-ბი-სი ბანკს ჰბრალდებათ ორი კომპანიის - "გუდვილისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" - გაკოტრების მცდელობა. ამავე დროს, მამუკა ხაზარაძეს ეროვნულ გმირთან, მერაბ კოსტავასთან ხელდახელ დაპირისპირებაშიც ადანაშაულებენ.

მამუკა ხაზარაძე: -  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხუთი თვის წინ გაზეთ "ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა ინტერვიუ ვინმე ზაალ კასრელიშვილთან, რომელსაც თურმე ჰქონია ინფორმაცია ჩემი და ლაშა პაპაშვილის შესაძლო მოტაცების შესახებ. ასეთი რამ  თუ იცი და გული შეგტკივა, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მიხვიდე იმასთან, ვისაც საფრთხე ემუქრება და გააფრთხილო. პრესაში რატომ უნდა გაიქცე, ან გაზეთმა რატომ უნდა დაბეჭდოს შეუმოწმებელი ინფორმაცია? მე და ლაშა პაპაშვილს ხომ შვილები, ნათესავები, მეგობრები გვყავს, ისინი ხომ ინერვიულებენ, სანამ გაიგებენ, რომ ეს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია?! ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. რაკი ყველაფერი გაირკვა, ჩვენ დეზინფორმატორს აღარ გამოვედევნეთ, მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და იმავე გაზეთში გამოჩნდა ახალი ბრალდებები ე.წ. ეკონომიკური კრიმინალის შესახებ. გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც ბრალი მედებოდა მე, როგორც თურმე ხაზარების შთამომავალს, თბილისის ამაოხრებელს და ქვეყნის დამაქცევარს... ჩვენ ეს სტატიაც რეაგირების გარეშე დავტოვეთ, მაგრამ მოთმინების ფიალა აივსო, როცა თი-ბი-სი ბანკს და მე ბრალი დაგვდეს ბანკის ბიზნესმენების გაკოტრების იარაღად გამოყენებაში. თურმე ჩვენ ხალხს ბიზნესს ვართმევთ. ბრალმდებელ-ცილისმწამებლებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს და მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს კი არა, ბანკსაც შეეხნენ, რომელსაც მარტო მე არ წარმოვადგენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამართლებრივი ბრძოლა დავიწყოთ.

- თქვენ ამბობთ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს თქვენი და ბანკის წინააღმდეგ, რატომ, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან?

-  ამის უკან, ვფიქრობ, გამომძალველები დგანან. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც პოლიტიკური მტრები მყავს. ჩვენ ვართ ფინანსური ორგანიზაცია და ამიტომაც ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ფულს უკავშირდება.

- ფიქრობთ, რომ ვიღაც გაშანტაჟებთ?

-  ადვოკატებმა უკვე დაიწყეს საქმის წარმოება და სიმართლე დადგინდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ქვეყანა ვერასოდეს აშენდება, თუ მედიასა და ბიზნესს ნორმალური ურთიერთობა არ ექნებათ. ყველა კითხვა-პასუხი არგუმენტირებული და ლოგიკური უნდა იყოს და ერთმანეთის შეურაცხყოფას არ უნდა ისახავდეს მიზნად. მედიაც ბიზნესია, ისევე, როგორც ბანკი, მაღაზია და სხვა, თუმცა, მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი დაწყებული კამპანია არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძის ღირსების დასაცავად გალაშქრება. ეს კამპანია დავიწყე იმისათვის, რომ  საქართველოში შეწყდეს ბინძური ცილისწამებების სერია. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ დიდ პატივს ვცემ ღირსეულ ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან.

- 1989 წელს მერაბ კოსტავასთან თქვენი დაპირისპირების ამბავიც გავიხსენოთ, რა მოხდა სინამდვილეში...

- ინციდენტი, რომელიც "გეპეიში" 1989 წლის 18 თებერვალს მოხდა,  რამდენჯერმე ამოატივტივეს, თუმცა, ვერ მივხვდი, რატომ. რამდენჯერმე ისიც გაიხსენეს, რომ  "გეპეის" კომკავშირის კომიტეტის მდივანი ვიყავი. არადა, იმ დროს ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი გახლდით. იმ დღეს, დილის 9 საათზე, ძალიან მაღალი სიცხით მივედი სამსახურში, დავეთხოვე და მალევე ტაქსით დავბრუნდი შინ. ისე მოხდა, ღმერთი რომ გადაგარჩენს არეულობაში მონაწილეობისგან. არც ერთი დოკუმენტური მასალა, ვერც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ვერ დაადასტურებს, რომ მე არათუ ინციდენტის მონაწილე, შორიდან მაყურებელი მაინც ვიყავი. სამაგიეროდ, არსებობენ მოწმეები, ვინც იტყვის, სად ვიყავი იმ დღეს.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პირველ ადგილზე ღირსებას ვაყენებ და შვილებსაც ასე ვზრდი. ამიტომაც ერთი ადამიანიც თუ დაადასტურებს, რომ მე არათუ მონაწილე, მაყურებელი მაინც ვიყავი იმ ამბების, რაც მერაბ კოსტავას წინააღმდეგ მოხდა, არა მხოლოდ თი-ბი-სი ბანკს, საერთოდ ბიზნესს დავანებებ თავს.

- ზაალ კასრელიშვილს იცნობთ?

- არ ვიცი, ვინ არის. მას კავკასიის საქმეების შემსწავლელი ჰქვია. შე დალოცვილო, თუ რამ გაინტერესებს, მოდი, მკითხე, იქნებ შემიძლია, პასუხი გაგცე?! მოწვევის მიუხედავად პრესკონფერენციაზე არ მოვიდნენ და, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ რაღაც არაჯანსაღ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე. ადამიანი შეიძლება მოკლა ტყვიით ან სიტყვით, მაგრამ სიტყვით მკვლელობა უარესია. ეს არის სინდრომი, დაავადება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. როგორ მოხდება ეს - კანონმდებლობის დახვეწით თუ სხვა ფორმით, დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ უდავოა: ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, დაიცვან სიმართლე და საკუთარი თავი და ვერავინ ვერ უნდა გაბედოს, ბრალი დასდოს და ცილი დასწამოს უდანაშაულო ადამიანებს.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს, რომელმაც ბოდიში მოგვიხადა, რომ კომენტარს ამჯერად ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ხაზარაძე პასუხს ორშაბათის "ასავალ-დასავალში" იხილავს.