რას წარმოადგენს ხუდონჰესის ალტერნატიული სქემა?
03-03-2014
რას წარმოადგენს ხუდონჰესის ალტერნატიული სქემა?
"ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის სეისმომედეგობა 10 ბალზე მაინც უნდა იყოს გათვლილი"

35 წლის განმავლობაში არაერთი განხილვისა და ხმაურის შემდეგ ხუდონჰესი თანამედროვე საქართველოსთვისაც საჯილდაო ქვად იქცა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. არავინ დაობს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საამისოდ არ უნდა შეილახოს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.

ცოტა ხნის წინ თბილისში კონფერენცია გაიმართა თემაზე: "ხუდონჰესი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი", სადაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ ხუდონჰესის
მშენებლობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მაპროვოცირებელ ფაქტორად შეაფასა. მისი თქმით,  რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, თუ მოსახლეობის დიდი ნაკადი სვანეთის ტერიტორიიდან ერთბაშად გავა  და იმ ადგილას თავისუფალი სივრცე შეიქმნება, ამან ჩრდილოეთ საზღვარზე შიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ეს კი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით მხოლოდ წამგებიანი იქნება".
ვახტანგ მაისაია, სამხედრო
ექსპერტი, საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური კვლევების ინსტიტუტის თავმჯდომარე:


"თუ ის ტერიტორია დაიტბორება, რასაც მოსახლეობის გასახლება მოჰყვება, ბუნებრივია, რუსეთიდან წამოსული რეალური საფრთხის შემთხვევაში ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გართულდება თავდაცვითი ზღუდეების შექმნა. იქაური მოსახლეობის გადასახლებით სამობილიზაციო რესურსსაც დავკარგავთ. ჩვენ რომ ტერიტორიული პრობლემები არ გვქონდეს, ამას იქნებ არც ჰქონოდა უსაფრთხოებასთან პირდაპირი კავშირი, მაგრამ ეს ხდება ოკუპირებულ ტერიტორიასთან. ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ყველა გზა მნიშვნელოვანია. მით უფრო, ჭუბერის გზა, რომელიც კოდორის ხეობასთან ერთადერთი სახმელეთო კავშირია და თუ ხუდონი აშენდა, ეს გზა დაიტბორება. ენერგეტიკული პროექტები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ქვეყნის უსაფრთხოება".

ენერგეტიკოსთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას ალტერნატიული საპროექტო წინადადებით მიმართავს, რომლის თანახმადაც, ხუდონჰესი შეიძლება ისე აშენდეს, რომ დატბორვას გადაურჩეს როგორც სოფელი ხაიში და სხვა დასახლებული პუნქტები, ასევე ჭუბერის გზა(!).

სიმონ ბახტურიძე, ენერგეტიკოსი, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - 2004 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ  "საქენერგოგენერაციას" მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით ხუდონისა და ნამოხვანის ჰესების საინვესტიციო პროექტების მომზადებაში. მივიჩნიეთ, რომ ინვესტორისთვის იმავე პროექტის შეთავაზება, რომელიც საზოგადოებამ ერთხელ უკვე უარყო და საბჭოთა მთავრობამაც შეაჩერა, არასერიოზული იქნებოდა. გადავწყვიტეთ, პროექტის ახალი სქემები დაგვემუშავებინა და 2006 წელს ენერგეტიკის სამინისტროს შევთავაზეთ კიდეც. სამინისტრომ ის განსახილველად გადასცა გიორგი ჩოგოვაძის სახელობის ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და ეროვნულ ენერგეტიკულ აკადემიას. 2007 წლის 20 აპრილს ინსტიტუტიდან სამინისტრომ მიიღო დასკვნა, რომ წარმოდგენილი ახალი წინადადება საინტერესოა, მაგრამ საჭიროებს  დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებებს. ენერგეტიკული აკადემიიდან კი გვიპასუხეს, რომ  კვლევით სამუშაოებს დასჭირდება 1 მლნ დოლარი და 18 თვე. სწორედ ამ მიზეზით ვერ გაიზიარებდნენ ახალ სქემას, რადგანაც პროექტის მომზადება საჩქარო საქმე იყო. თვითონ განსაჯეთ, რა დრო გავიდა 2007 წლიდან და ხუდონჰესის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.

- რა უპირატესობა აქვს ალტერნატიულ სქემას?
- ალტერნატიული სქემის მიხედვით, კაშხალი აშენდება 6 კილომეტრით ზემოთ, რაც დასახლებულ პუნქტებს გადაარჩენს. ჰესი დარჩება იქ, სადაც ძველი პროექტით არის გათვალისწინებული და წყალსატევს რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება. ამგვარად ენგურჰესსა და ახალ წყალსატევს შორის შეიქმნება ე.წ. განიავების სივრცე, რაც გარემოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სქემა უნაკლოა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთავრობამ უნდა შეისწავლოს ალტერნატიული ვარიანტიც.

სიმონ ბარამიძე, ყოფილი "საქენერგოგენერაციის" არატრადიციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - ჩვენი გათვლით, ამ სქემის პროექტად გადაქცევა და განხორციელება იგივე თანხა  დაჯდება, რაც ძველი პროექტით მშენებლობა ჯდება, გარდა ამისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთეს შედეგს მივიღებთ. ძველი პროექტის მიხედვით, ჰესი გამოიმუშავებს მილიარდ-ნახევარ კილოვატსაათ ენერგიას, ახალი სქემის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,3 მილიარდ კილოვატსაათამდე გავზარდოთ. ჩვენი გათვლით, ახალი სქემის მიხედვით იგივე იქნება წყალსატევის ზედაპირის ფართობი".

ჩვენ დავუკავშირდით ხუდონჰესის საბჭოთა დროინდელი პროექტის ერთ-ერთ ავტორს ბატონ გურამ ქორიძესაც.

- ხუდონჰესის პროექტს 1967 წლიდან მოვყვებოდი, ვიყავი მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე, ასევე თაღოვანი კაშხლის მთავარი ინჟინერი. 1979 წელს დაიწყო სამშენებლო სამუშაო - მშენებლობისთვის ბაზების მომზადება, გაკეთდა სამშენებლო გვირაბი. 1984 წელს დამტკიცდა ტექნიკური პროექტი და დაიწყო მიწისქვეშა ჰესის აშენება, რომელიც, ფაქტობრივად, დასრულდა კიდეც. მისი გამოყენება, ვფიქრობ, დღესაც შესაძლებელია.

დაიწყო კაშხლის ფერდობების დამუშავებაც. შესრულებული სამუშაოს ღირებულება 165 მილიონი მანეთი გახლდათ. ჩემი აზრით, ძველი პროექტით, სადაც იგეგმებოდა და დღესაც აპირებენ ჰიდროელექტროსადგურის აშენებას, ეს ტერიტორია ცოტა სარისკოა. იქ, სადაც კაშხალი უნდა აიგოს, მარცხენა მხარეს ნაშალი ქანებია. მარცხენა მხარესვეა დაახლოებით ოცმეტრიანი სიგანის ნაპრალი, რომელიც ნაყარი ქანებითაა ამოვსებული. მარჯვენა მხარეს კი თიხაფიქლებია, რომელიც ატმოსფერულ ჰაერთან შეხებისას შლას იწყებს. ჩვენი პროექტის სეისმურობა მაშინ 8 ბალით იყო განსაზღვრული, დღეს კი ამბობენ, რომ ეს პროექტი თუ განხორციელდება, 9 ბალზე იქნება გათვლილი, რაც ნიშნავს, რომ პროექტის სამშენებლო მაჩვენებლები ყველა პარამეტრით თითქმის უნდა გაორმაგდეს. მაგრამ, მას მერე, რაც რაჭასა და იმერეთში მიწისძვრა მოხდა, ბევრი რამ კიდევ შეიცვალა... მიმაჩნია, რომ გეოლოგიურ-ტექტონიკური თვალსაზრისით ამ ტერიტორიაზე კლდოვანი ქანები სუსტია, ამიტომაც ნებისმიერი პროექტის სეისმომედეგობა 10 ბალზე მაინც უნდა იყოს გათვლილი.

მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს სააგენტოს გეოლოგიური სამმართველოს უფროსის მოადგილე: - "სერიოზული გეოლოგიური კვლევის გარეშე რთულია დანამდვილებით ვთქვათ, ის ტერიტორია, რომელსაც ალტერნატიული სქემის ავტორები გვთავაზობენ, ივარგებს, თუ - არა. თუმცა ამ ადგილას ენგური კანიონში მიედინება და, როგორც წესი,  ასეთ პირობებში ქანები უფრო მტკიცეა, მაგრამ ამის დასაბუთებას შესწავლა სჭირდება.

როგორც აღმოჩნდა, ახალ სქემას ენერგეტიკის სამინისტროშიც იცნობენ, აი, რა გვითხრა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა: - ენგურის ხეობაში სხვადასხვა ტიპის ჰესის მშენებლობის ბევრი ვარიანტის განხილვა შეიძლება, მაგრამ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ეს ტერიტორიები გამოიკვლიეს, დაასკვნეს, რომ ამგვარი სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად ეს ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო.

ისინი, ვინც სოფელ ხაიშის დატბორვას ეწინააღმდეგებიან, მოითხოვენ, ან შეამცირეთ კაშხლის სიმაღლე, ან ააშენეთ კაშხალი ზემოთო, ანუ იქ, რაც ამ ალტერნატიულ სქემაშია წარმოდგენილი. თუ კაშხლის სიმაღლეს მოვაკლებთ ისე, რომ სოფელი დატბორვას გადარჩეს, მხოლოდ 40-მეტრიანი კაშხალი უნდა ავაშენოთ, რაც მხოლოდ ასმეგავატიანი იქნება, თანაც ენერგიას ზამთარში ვერ გამოიმუშავებს.  როდესაც ხუდონჰესისთვის ეს ადგილი შეარჩიეს, მთელი ხეობის გეოლოგიური და სეისმური შესწავლის შემდგომ ითქვა, რომ ის ყველაზე ოპტიმალურია, არადა იქ, სადაც გვთავაზობენ კაშხლის აშენებას, არაერთგვაროვანი, მცოცავი ქანებია. გარდა ამისა, გვთავაზობენ 200-მეტრიანის ნაცვლად 300-მეტრიანი კაშხლის აშენებას, რაც უფრო ძვირი დაჯდება. თანაც, თურმე კიდევ უნდა ავაშენოთ რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბი, ისე, რომ ჯერ შეუსწავლელია, რა ქანებში მოგვიწევს ამ გვირაბის გაყვანა. ამ ალტერნატივის შესწავლას კიდევ 2-4 წელიწადი და დაახლოებით 50-დან 100 მილიონამდე ლარი დასჭირდება. შედეგად, ან მივიღებთ დასკვნას, რომ კაშხლის აშენება არ შეიძლება, ან გვეტყვიან, რომ შეიძლება, მაგრამ მისი მშენებლობა 3-4-ჯერ ძვირი დაჯდება.

თუ ახალი სქემითაც დაახლოებით იმავე სიმძლავრეს მივიღებთ, გამოდის, ეს ყველაფერი მხოლოდ 184 ოჯახის გამო უნდა შეიცვალოს. დიახ, სოფლის აყრა მტკივნეულია, მაგრამ შესაძლებელია ამის მოგვარება. სახელმწიფომ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ხუდონჰესის არანაირი ალტერნატიული სქემა განხილული არ იქნება!

- ბატონო ილია, სამხედრო ექსპერტები მიანიშნებენ სამხედრო-სტრატეგიულ საფრთხეებზეც.

- თუ რუსეთზეა ლაპარაკი, ჯერ ერთი, რა ქვეყანა ვართ, რომ რუსეთის შიშით ვეღარაფერი გავაკეთოთ? ან რა საფრთხეებზეა ლაპარაკი? ეს ყოვლად უსუსური არგუმენტებია.

ნათია დოლიძე
მაკო
09 აპრილი 2014 19:57
ვინც მხარს უჭერს ხუდონის აშენებას იმ მოსაზრებით, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური სიძლიერისთვის აუცილებელიაო, იმათ მინდა ვკითხო, როგორ იქნება ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა ხუდონის აშენება, როდესაც მთელი ენერგია ინვესტორს გააქვს თურქეთში და მხოლოდ ზამთარში 4 თვის მანძილზე მოგვყიდის (და არ გვჩუქნის) ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენივე მდინარეზე გამომუშვებულ ენერგიას. თუ არ ენდომება არც მოგვყიდის და ვერავინ დაავალდებულებს ამას. ან რა გარანტია გვაქვს, რომ ის მიწა, რომელიც ინვესტორის საკუთრებაშია რამდენიმე წლის მერე რუსეთს არ მიყიდის თავის ჰესიანად? ან როგორ იქნება ეკონომიკისათვის მომგებიანი თუ მთელი 20 წლის მანძილზე მოგების გადასახადს და იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის ინვესტორი. ის კაპიკები კი, რითაც ყველას, განსაკუთრებით კი სვანებს ახარბებენ, ხაიშელებს მოხმარდებაო, კაპიკებია და დაცინვაა იმის სანაცვლოდ, რამხელა ზიანსაც მიაყენებენ ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენს სალოცავებს. მოსახლეობაზე აღარაფერს ვამბობ, მათი გადასახლება ყოვლად დაუშვებელია და არც უნდა იყოს მაგაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ეს პროექტი ქვეყნის არ არის და რეალურად მის კეთილდღეობას არ ხმარდება.
ქეთევანი
09 აპრილი 2014 17:03
სვანები არ დათმობენ თავის მიწას, რაც უფრო მეტად დააძალებენ მით უფრო დიდ წინააღმდეგობას მიიღებენ სვანეთისგან! იმედია დანარჩენი კუთხის ქართველებიც მივბაძავთ ამაში!!!
nana
09 აპრილი 2014 15:13
ეს ვახო ადამიანია, თუ ინტერნეტის ვირუსი?

რედაქტორის რჩევით