Game Jam - კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი საქართველოში - კვირის პალიტრა

Game Jam - კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი საქართველოში

საქართველოში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი -  Game Jam გაიმართა. 27 გუნდი 32 საათის განმავლობაში ერთმანეთს საუკეთესო კომპიუტერული თამაშის შექმნაში ეჯიბრებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გლობალური კომპიუტერული თამაშების ფესტივალს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წელს იმართება, საქართველო ორდღიანი ღონისძიებით შეუერთდა.

Game Jam-ი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოკლე პრეზენტაციებისა და იდეების გაზიარების შემდეგ, მონაწილეები გუნდებად დაჯგუფდნენ და იდეების ხორცშესხმას შეუდგნენ. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახლდათ.

მარათონის 14-15 წლის მონაწილეებმა მთელი ღამე იმუშავეს და შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს. საქართველოში პირველი Game Jam-ის გამარჯვებულად გუნდ "ბაზინგას" კომპიუტერული თამაში - Alter Ego  დასახელდა. საუკეთესო თამაშის შემქმნელებს ვირტუალური რეალობის ეფექტის შემქმნელი ჩაფხუტი (Oculus Rift) გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს სხვა პრიზიც ერგო - ახალ კომპიუტერულ თამაშს,  Alter Ego-ს, გეიმ-დეველოპერთა საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე განათავსებენ.

ნიკა როსტომაშვილი, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორიის დამფუძნებელი: "ვიდეოთამაშების ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა, რომელსაც მომხმარებლის რაოდენობა წლიდან წლამდე ემატება. კომპიუტერული თამაშების მარათონის ასეთი ფორმატით ჩატარება აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 2013 წელს მარათონის ფარგლებში ერთ დღეში 309 კომპიუტერული თამაში შეიქმნა. Game Jam-ის ჩატარების პირველი მცდელობა ჩვენთანაც წარმატებული აღმოჩნდა, ღონისძიების მასშტაბმა და თამაშების ხარისხმა გადააჭარბა ისეთი ქვეყნების შედეგებს, როგორიცაა: გერმანია, ფინეთი, საბერძნეთი და სხვა.

არადა, ბევრმა არც კი იცის, რომ კომპიუტერული თამაშების წარმოება საქართველოშიც არის შესაძლებელი. მეტიც, ქართული კომპანიების მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშების მომხმარებლების რაოდენობა მსოფლიოში 60 000 000-ზე მეტია.

მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა ნახეს, რომ კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია ძალიან მოკლე დროში დიდ მოგებას იძლევა, ანალიტიკოსებს დაუკვეთეს კვლევა, რათა გამოევლინათ იმ ადამიანების ხასიათი და თვისებები, ვისაც პოტენციურად კომპიუტერული თამაშების შექმნის ნიჭი და უნარი აქვთ. აღმოჩნდა, რომ ასეთებს მასშტაბური აზროვნების, ფანტაზიის უნარი და კარგი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. არიან არტისტულები, მეგობრულები და აზარტულები. თუმცა, ისიც გაირკვა, რომ მათ არ უყვართ ფიზიკური შრომა(!).

გარწმუნებთ, რომ საქართველოში კომპიუტერული თამაშების შექმნის დიდი პოტენციალი არსებობს და მხარდაჭერის შემთხვევაში ამ დარგის განვითარება და შედეგად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, არცთუ შორეული პერსპექტივაა".