თბილისის ზღვის ტრაგედია
03-03-2014
თბილისის ზღვის ტრაგედია
ამ ამბავმა 30 წლის წინ მთელი ქალაქი შეძრა

ერთ დღეში წართმეული სამი სიცოცხლე და... შეწყვეტილი ბავშვობა

"ვერავინ შევიდოდა საშველად, რადგან წყალში დენი გადიოდა. სამივეს იქვე გაუსკდა გული... გიგის დენის დარტყმის შედეგად ამნეზია დაემართა, არ ახსოვს, იქ რა მოხდა."


"სამეგობროდან ვინც კი ცოლი მოიყვანა, ხელის მოწერის შემდეგ ყველამ პირდაპირ მათ საფლავზე აიყვანა პატარძალი..."

"ამ უბედურებიდან რამდენიმე თვეში ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა პატარა ეკო... "


ტრაგედია, რომელიც ჩვენი დედაქალაქის დამღად იქცა, 30 წლის
წინ მოხდა, მისი პერსონაჟები კი კვლავ 20 წლისანი არიან - გარდაცვლილი ბიჭებისა და მათი მეგობრებისთვის ბავშვობა იმ დღეს დამთავრდა... ხუთი მეგობარი: გოგლიკო ჩოგოვაძე, გიგი ხაბეიშვილი, ვახო დუჩიძე და ძმები - გოგიტა და კახა ჩხაიძეები 1984 წლის 27 მაისს ბედისწერამ თბილისის ზღვაზე მიიყვანა. ბიჭებმა იალქნიანი იახტით
გადაწყვიტეს გასეირნება, რომელიც უეცრად წყალზე დაშვებულ ელექტროსადენს გამოედო. იმის გასარკვევად, რა აფერხებდა იახტას, ვახო დუჩიძის გარდა, ყველანი წყალში გადახტნენ. გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები გოგიტა და კახა ჩხაიძეები დენმა მაშინვე იმსხვერპლა. ვახოს გარდა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა გიგი ხაბეიშვილი, რომელსაც დენის დარტყმის შედეგად ე.წ. რეტროგრადული ამნეზია განუვითარდა - მომხდარ ფაქტამდე ორი დღით ადრე და შემდეგი ათი დღის განმავლობაში რა მოხდა, დღემდე არ ახსოვს.

ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო... ჭავჭავაძის გამზირი ხალხსა და ყვავილებს ვერ იტევდა - გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები ჩხაიძეები მეზობლებიც იყვნენ და სამივეს ერთად ეთხოვებოდა მთელი ქალაქი.

"მშობლისთვის დრო მკურნალად ვერ გამოდგება", - ამბობს ჩხაიძეების დედა, ქალბატონი ია ჩიჩუა, რომელმაც ერთ დღეს ორი შვილი დაკარგა.

- კვირა დღე იყო ის ავადსახსენებელი 27 მაისი. იმხანად ჭავჭავაძის გამზირზე ვცხოვრობდით, აივანზე ვიდექი და შვილებს ველოდი. ჩემი მეუღლე, გურამი, შემოვარდა ღრიალით - დაიღუპნენ, დაიღუპნენო. ჩემი რეაქცია რომ დაინახა, ნათქვამი გადააკეთა - არაფერი ვიცი, ბიჭები საავადმყოფოში არიანო. ყველანი მიმალავდნენ, რომ ორივე შვილი დავკარგე... მიკვირს, როგორც დედას, წინათგრძნობა რომ არ მქონია. მერე გამახსენდა, რომ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე დამესიზმრა - ყველა კბილი დამცვივდა.

გოგიტა სამედიცინოზე სწავლობდა, კახა კი უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. გოგიტა, გოგლიკო და გიგი კვირაობით დადიოდნენ თბილისის ზღვაზე, იახტით სეირნობდნენ. კახა და ვახო იმ დღეს პირველად ავიდნენ მათთან ერთად. ბიჭებმა თვითონ შეაკეთეს ის ძველი იახტა. როგორც ჩანს, ელექტროსადენი შეცდომით იყო წყალზე გადაყვანილი, წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო... ვახოს გარდა, ყველანი წყალში ჩახტნენ, რომ ენახათ, რამ შეაფერხა იახტა. გიგი სხვა მხარეს გადამხტარა, ნაპირთან ახლოს და ალბათ, ამან გადაარჩინა. გGოგიტა, კახა და გოგლიკო ნაპირიდან შორს იყვნენ და ვერავინ შევიდოდა საშველად, რადგან წყალში დენი გადიოდა. სამივეს იქვე გაუსკდა გული... გიგის დენის დარტყმის შედეგად ამნეზია დაემართა, არ ახსოვს, იქ რა მოხდა. მას კარგა ხანს მკურნალობდნენ. ამ უბედურ შემთხვევაზე საუბარი  მხოლოდ ვახო დუჩიძეს შეუძლია, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც ვერაფერს ჰყვება. ამ ბიჭებისა და მთელი სამეგობროსთვის ბავშვობა იმ დღეს დამთავრდა...

მაშინ მეც და გურამსაც თავის მოკვლა გვინდოდა, მაგრამ პატრიარქი დაგვეხმარა სიცოცხლის აზრდაკარგულებს. მთელი ქვეყანა გარს გვეხვია და გვანუგეშებდა. მანანამ, ლადო ასათიანის ქალიშვილმა, მითხრა: ახლა გაჩერდი, შვილებს პატრონობა უნდათ, დაკრძალე და მერე მე თვითონ მოგიტან საწამლავს, ოღონდ არავისთან თქვაო. ეს ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვი არ შემპარვია, მერე კი ამაზე აღარ მიფიქრია... მამაჩემმა დარდს ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა. გურამიც გულით დაავადმყოფდა და, ფაქტობრივად, ამ ამბავს გადაჰყვა. ყველაზე გამძლე მე გამოვდექი...

...ძალიან კარგი შვილები მყავდა, თუმცა ეს მათთვის არასოდეს მითქვამს. კახა სულ მსაყვედურობდა, ჩვენი არაფერი მოგწონსო. რა ვქნა, დედა ვარ და უფრო მეტს მოვითხოვდი მათგან. ახლა ვფიქრობ, რომ გოგიტა და კახა უცნაურად კარგები იყვნენ. გარეგნობა, ნიჭიერება, საოცარი იუმორი, ზრდილობა, წესიერება... არაფერი აკლდათ. სპორტსმენები იყვნენ, ძლიერები. გოგიტა კალათბურთელი იყო, კახა - ნიჩბოსანი, და ორივე - მოთხილამურეთა ნაკრების წევრი. გარდა ამისა, არაჩვეულებრივად ცურავდნენ. კახამ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი აუღია. როცა აღარ იყო, მერე მომიტანეს ეს ამბავი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს, თანაც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს - სხვადასხვანაირი, მაგრამ თან საოცრად ერთნაირები იყვნენ, ხალხს ერთმანეთშიც კი ერეოდა. რას წარმოვიდგენდი, ორივეს ერთ დღეს თუ დავკარგავდი... ყველაფერში მეხმარებოდნენ, ყველაფერი ეხერხებოდათ. ერთ დღეს გოგიტას ფარდის დაკიდება ვთხოვე. უცებ მიმიტოვა საქმე, ჩამოხტა და გარეთ გავარდა. თურმე ფანჯრიდან დაუნახავს, რომ მეზობელი ასაკოვანი კაცი ავტობუსიდან ტვირთით ჩამოვიდა, გაიქცა, გამოართვა და სახლამდე მიატანინა.

...გოგლიკო და გოგიტა უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩვენ და გოჩა ჩოგოვაძე (იმხანად ელჩი იყო საფრანგეთში) მეზობლები ვიყავით და ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. გოგლიკო და გოგიტა ერთ კლასში სწავლობდნენ, სამედიცინო ინსტიტუტშიც ერთად ჩააბარეს. ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ყველანი 55-ე სკოლელები იყვნენ.

22 აპრილს გოგიტაა დაბადებული, 28-ში - კახა. ამდენი წლის შემდეგაც ყოველთვის მოდიან ჩვენთან მათი მეგობრები როგორც დაბადების, ასევე გარდაცვალების დღეს. ის კი არა, სამეგობროდან ვინც კი ცოლი მოიყვანა, ხელის მოწერის შემდეგ ყველამ პირდაპირ მათ საფლავზე აიყვანა პატარძალი. სასწაულია, ამდენი დრო გავიდა და ჩემს შვილებს არავინ ივიწყებს. გოგლიკოს მამა გოჩა გამოგვივლის ხოლმე მანქანით და ახალ წელს, როგორც წესი, სასაფლაოზე ვხვდებით. თბილისის ომის დროს მე, გურამი და გოგლიკოს მშობლები ვიყავით საფლავზე ასულები, ტყვიები ჩვენ წინ ცვიოდა და ახლაც მიკვირს, არც ერთი რომ არ მოგვხვდა. მეგობრებიც 8 წლის განმავლობაში ბიჭების საფლავზე ჩვენთან ერთად ხვდებოდნენ ახალ წელს. ომი რომ დაიწყო, დავურეკე მათ და ვთხოვე, ჩემი და ბიჭების ხათრი თუ გაქვთ, აღარ მოხვიდეთ, თქვენს საქმეს და ოჯახებს მიხედეთ-მეთქი. მეშინოდა, რამე არ შემთხვეოდათ. დამიჯერეს, სამაგიეროდ, დადიან აღდგომას. როდესაც ჩემს შვილებთან ავდივარ, იქ მუდამ მხვდება ყვავილები და ჩამწვარი სანთლები...

...ამ უბედურებიდან რამდენიმე თვეში ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა პატარა ეკო (ელენე) - გვითხრეს, თითქოს შვილი კახას პოლონელი ქალისგან ეყოლა. ეკომ იცის ყველაფერი და ჩვენც ეჭვად გვაქვს, რომ შეიძლება არც არის კახას შვილი. ჩვენ ამის გარკვევის საშუალება და სურვილი არ გვქონია და არც შეიძლებოდა გვქონოდა - ბავშვს გენეტიკურ ანალიზს ხომ არ გავუკეთებდით? დავუშვათ და არ ყოფილიყო კახას შვილი, უარი უნდა გვეთქვა ღვთის საჩუქარზე? ის ქალი ეკოს გაჩენისთანავე გაიპარა სამშობიაროდან. არავის სჯეროდა, რომ კახას შვილი იყო, მაგრამ ბავშვი ყველამ ისევე მიიღო, როგორც ჩვენ - ახლაც თან ჰყვებიან. წარმოიდგინეთ, იმხანად რა დღეში ვიყავი, მაგრამ იძულებული გავხდი, ჩვილზე მეზრუნა - რომ ტიროდა, ავმდგარიყავი და მიმეხედა. გაგვიმართლა ელენემ, ძალიან კარგი შვილია. ჩემს შვილებზე ყოველთვის მეტირებოდა და ახლაც მეტირება, მაგრამ თავს ვიკავებდი, არ მინდოდა, ეკოს ჩემი ცრემლი დაენახა, ისედაც ლამის სასაფლაოზე გავზარდეთ. იას მეძახის, მისთვის დედა არ მისწავლებია, რატომღაც ასე მივაჩვიე... ეკო ჟურნალისტია და ორი საოცარი ბავშვის - ლუკას და ნიტას დედაა. თანდათან გამომიმუშავდა ხასიათი, ჩემი სევდა სხვებისთვის თავს არ მომეხვია. ჩემი სტუდენტები, რომლებმაც იცოდნენ ჩემი უბედურების ამბავი, მიფრთხილდებოდნენ, მე კი ყოველთვის მახსოვდა, რომ ჩემი მოვალეობა ემოციების გარეშე უნდა შემესრულებინა.

...ხანდახან ფიქრი მომეძალება, ჩემი შვილების მონატრება ღამეებს მათენებინებს. შემძულდა ზღვა, თხილამურებს ტელევიზორშიც კი ვერ ვუყურებდი. მას შემდეგ არ ვიცი თბილისის ზღვის გზა... როგორ ეცადა პატრიარქი, ძაძებზე უარი ეთქმევინებინა ჩემთვის... ეკოც ცდილობს, მაგრამ ვერაფერს მიაღწია - შავი ვერ გავიხადე. ყველაზე ძალიან მაინც ახალი წლის გადატანა მიჭირს - ყველა მხიარულობს, რაღაცას ელის, მე კი არაფერი მინდა და არაფერი მახარებს. ვერ ვივიწყებ, როგორ უყვარდათ, მოუთმენლად ელოდნენ და ემზადებოდნენ ახალი წლისთვის ჩემი ლამაზი ბიჭები. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ტყუილია, ჩემს უბედურებასთან დრო ვერაფერს გახდა.

კომენტარზე დაგვთანხმდა  სასწაულებრივად გადარჩენილი გიგი ხაბეიშვილი:

- ეს იყო უბედური შემთხვევა. არ მახსოვს ტრაგედიის წინა 2 და შემდგომი 10 დღე. ეს პერიოდი საერთოდ წაშლილია ჩემი მეხსიერებიდან...

მეგობრები ხშირად დავდიოდით თბილისის ზღვაზე და სპორტულ იახტას ვმართავდით. ვახო იმ დღეს პირველად წამოვიდა ჩვენთან ერთად. მაისის ბოლო იყო, არდადეგები გვქონდა... მერე რაც მოხდა, სხვებისგან ვიცი. იახტის ანძა დენის მავთულს გამოედო. იახტაზე ყველაფერი რკინისაა, ჩვენ წყალში არ გადავმხტარვართ, როგორც მითხრეს, გადავცვივდით... ალბათ, იმან გადამარჩინა, რომ ახლოს ვიყავი ნაპირთან და დროზე ამომათრიეს წყლიდან. დენის დარტყმის შედეგად გავითიშე და მეხსიერება დავკარგე, კარგა ხანს რეანიმაციაში ვიწექი. ჩემი მეგობრების დაღუპვის ამბავი ერთი თვის შემდეგ შევიტყვე, სანამ გონს არ მოვედი, მიმალავდნენ... ისეთი შოკი იყო, დღესაც მიმძიმს საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრაგედიიდან თითქმის 30 წელია გასული. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, არ მინდა, არ შემიძლია მათზე ლაპარაკი, მაპატიეთ...

ნანა ფიცხელაური
19 ნოემბერი 2017 18:50
იმ უბედურ დღეს ვინ დაივიწყებს,იმ დღეს კიდევ ერთი ანგელოზი ბიჭი ,ჩვენი 19 წლის გელა ღლონტი დაიღუპა, ისიც კალათბურთელი.უფალო ღმერთო ნათელი დაადგეთ მათ სულებს.
lali
03 აგვისტო 2017 10:14
ეს იყო საშინელი ტრაგედია :'( ერტ ლამაზ მზიან დGეს ასეტი ლამაზი ბიცჰები დაიGუპნენ :'( ამ ტრაგედიას რა დამავიწყებს ,რტი მეორეზე უკეტესი ბიჩები არქტი და აეასი უბედურება მაგრამ არ მოვკვდი , უპალს ვევედრები დედებს უცოცხლე შვილები, ტქვენ ქალ. ია დიიიდხანს იცოცხლეტ და ტქვენი სჰვილებისტვის მიტანილ ყვავილებს დედის სურნელი აქვს
nino
15 ივნისი 2017 07:17
dzalian ganvicade da dgemde maxsovs es sashimeli tragedia. gogita chemi studenti iyo. gamorsheuli garegnobita da gimilit. dznelia davicyeba!

რედაქტორის რჩევით