"ნოდარ დუმბაძეს ფეხსაცმელს ისე ვუპრიალებდი, სულ ლაპლაპი გაუდიოდა"
10-03-2014
"ნოდარ დუმბაძეს ფეხსაცმელს ისე ვუპრიალებდი, სულ ლაპლაპი გაუდიოდა"
"ვიღას აინტერესებს "ტუფლის" დამაზვა ან გაპრიალება. ნაღდი ტყავის ფეხსაცმელი ხომ ბოტასებმა შეცვალა"

"ხანდახან ისეთ რამეებს ვიგებდი, რომ თვალები შუბლზე ამდიოდა. მე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ სამარე ვიყავი"

"ედუარდ შევარდნაძე, სანამ რაიკომის მდივანი გახდებოდა, სულ მამასთან იწმენდდა ფეხსაცმელს"


უბანში ძია ამირანს ვაკის კოლორიტს ეძახიან. უკვე 50 წელზე მეტია, ყოველდღე, შეროზიას ქუჩის კუთხეში, თავის სავარძელში ზის და კლიენტს ელოდება... - ბოლო დროს, ისეთი სტილის ფეხსაცმელი შემოვიდა მოდაში, რომ ვიღას აინტერესებს "ტუფლის" დამაზვა ან
გაპრიალება. ნაღდი ტყავის ფეხსაცმელი ხომ ბოტასებმა და კედებმა შეცვალაო, - ამბობს 59 წლის ფეხსაცმლის მწმენდავი ამირან ბიტკაში.

ძია ამირანს ათი წელია, თითქმის ყოველდღე ვხდები. ერთმანეთს ვესალმებით, მაგრამ არასდროს გამოვლაპარაკებივართ. რამდენიმე დღის წინ ძველებურად მივესალმეთ ერთმანეთს და გზა განვაგრძე.


- სიგარეტი ხომ არ გაქვს? - შორიდან
მომესმა მისი“ხმა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, პირველად გამომელაპარაკა, - მაკასინები მაინც გეცვას, ერთი კარგად გაგიპრიალებდიო, - ღიმილით მითხრა.
ძია ამირანი ეროვნებით ასირიელი, ვერაზე დაბადებულ-გაზრდილი კაცია.
- 9 წლის ვიყავი, პირველად მამაჩემს რომ გამოვყევი სამსახურში და მას შემდეგ აქ ვარ. მამამ მასწავლა ეს ხელობა.
როგორც ძია ამირანი ამბობს, ადრე ყველა ქუჩაზე თუ არა, უბანში ორ-სამ კაცს მაინც ედგა ფეხსაცმლის საწმენდი სავარძელი. გული ბევრ რამეზე სწყდება, მაგრამ განსაკუთრებით იმაზე, რომ ადამიანებმა სითბო დაკარგეს.
- ფეხსაცმლის კარგად გაპრიალებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. სავარძელში კლიენტი რომ ჩამიჯდებოდა, საუბარს გავუბამდი, ხანდახან ისეთ რამეებს ვიგებდი, რომ თვალები შუბლზე ამდიოდა. მე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ სამარე ვიყავი -  იცოდნენ, ჩემთან ნათქვამი, არასდროს წინ არ დახვდებოდათ... დღეს ხალხი ძალიან შეიცვალა. თუ ადრე, ქუჩაში შემხვედრს გამარჯობის თქმას ვერ დაასწრებდი, ახლა შეიძლება ნაცნობმა ზედაც არ შემოგხედოს... დღევანდელი ქალები სულ სხვანაირები არიან, ყველაფერი წაგვართვეს კაცებს - მანქანა, შარვალი, სიგარეტი, ქეიფი...

- დღეს რამდენი კლიენტი გყავდათ?
- ალბათ, ეს დღეც გუშინდელივით არმად ჩაივლის. კომუნისტების დროს რიგი მედგა... ისე შევეჩვიე ამ უბანს, რომ დილაცისკარზე აქა ვარ. ვიცი, კლიენტი არ მეყოლება, მაგრამ მაინც მოვდივარ. ხანდახან "სტაიანშიკობას" ვითავსებ, პურის ფული რომ გავაკეთო...
იშვიათად, მაგრამ მოდიან თურქები და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. რამდენიმე წლის წინ ფრანგმა ცოლ-ქმარმა ჩამოიარა. კლიენტი მეჯდა სავარძელში. რომ დამინახეს, როგორ ვწმენდდი ფეხსაცმელს, დაინტერესდნენ და რიგში ჩადგნენ. ორივეს კარგად გავუპრიალე ფეხსაცმელი. ერთმანეთს რუსულად გამოველაპარაკეთ. რომ მოვრჩი საქმეს, მკითხეს, - რამდენი უნდა გადაგიხადოთო. ეს ჩემგან საჩუქარია-მეთქი. ქალბატონმა ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოიღო და მომაწოდა. საღამოს, შინ რომ მივედი, კოლოფი მეუღლეს მივეცი, - ნახე, რა დევს-მეთქი. ფრანგული სუნამო იყო. მერე გავარკვიეთ - საკმაოდ ძვირად ღირებული.

- ალბათ, ბევრი ცნობილი ადამიანიც მჯდარა თქვენს სავარძელში...
- რამდენიც გინდათ, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ნოდარ დუმბაძე მახსენდება. ფეხსაცმელს ისე ვუპრიალებდი, სულ ლაპლაპი გაუდიოდა. კინოსტუდიაშიც მეძახდა, როგორც გამნათებელს. "კუკარაჩას" გადაღებისასაც დამიძახა. უარს როგორ ვეტყოდი... მაგარი კაცი იყო. მამაჩემთანაც ბევრი ცნობილი კაცი მოდიოდა. ახალგაზრდა ედუარდ შევარდნაძე, სანამ რაიკომის მდივანი გახდებოდა, სულ მასთან იწმენდდა ფეხსაცმელს. კარგად მახსოვს, ერთ დღეს მამა შინ გაფითრებული მოვიდა, კარგა ხანს იჯდა, ხმას არ იღებდა, მერე ძლივს ამოთქვა - დღეს ჩემ თვალწინ გიორგი შავგულიძე  ტროლეიბუსმა გაიტანაო...

- რა ღირს ფეხსაცმლის გაწმენდა?
- მაშინ 40 კაპიკი   ღირდა, ახლა ცხოვრება გაძნელდა, მასალაც გაძვირდა და 2 ლარი გავხადე. ბაზრობებზე ფეხსაცმლის ბევრნაირი "მაზი" და საპრიალებელი იყიდება, "გუბკიანი" ზედაპირით, მაგრამ ოსტატის გაპრიალებულ ფეხსაცმელს ვერაფერი შეედრება. მე ქარხნის "მაზს" არ ვიყენებ. ერთი კაცია, რომელიც ოჯახში ამზადებს კრემს, არავინ იცის, რისგან, მაგრამ ისე აპრიალებს, რომ ქარხნული ვერ მივა მასთან. ჯერ "მაზი" ესმება ფეხსაცმელს, მერე საპრიალებელი "გლიანცი", შემდეგ ქეჩით ვწმენდ და ბოლოს ბარხატითა და ჯაგრისით ვაპრიალებ. ერთი შეხედვით ადვილი საქმეა, მაგრამ ასე არ არის. თუ არ გიყვარს, საქმე კარგად არ გამოგივა. მე ამ საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. 

- ეს სკამი რამდენი წლის არის?
- მამაჩემის ნაქონია, 1944 წელს დადგა, ბოლო ხანს რამდენჯერმე შევაკეთე.
ძია ამირანს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. უფროსი ბიჭი, არასწორი მკურნალობის გამო დაინვალიდდა, მეორე ბიჭი უსაქმოდაა. გოგონას საკუთარი ოჯახი ჰყავს. ამ საუბარში ვიყავით - ქუჩაზე მანქანის დასაყენებლად მოსულმა მძღოლმა ამირანს დახმარება სთხოვა, მერე მეორემ გამოსძახა, - მანქანა გამაყვანინეო... ერთი სიტყვით, ძია ამირანს საქმე გამოუჩნდა და ჩვენი საუბარიც დამთავრდა.

გუშინ დილით, შეროზიას კუთხეში, მწვანე სავარძელი ისევ ცარიელი დამხვდა. ძია ამირანი ისევ კლიენტს ელოდა...

თორნიკე ყაჯრიშვილი

babu
12 მარტი 2014 20:09
Maxsovs chem ubanshi alberta iyo da ratomgac kakebeshnik albertas vezaxdit. magrad miyvarda magis gaprialebuli pexsacmeli. Kai dro iyo mec dzaan menatreba.
koko
11 მარტი 2014 16:10
ოხ როგორ მენატრებს ისეთი თბილისი, ამირანმა რომ გაიხსენა. გაიხარე ამირან.
nikoloza
10 მარტი 2014 16:45
მართალც, რომ დიდიებული ადამიანია, თავისი სტაჟIდან გამომდინარე, ნადმვილად ეკუთვნის ნორმალური სამუშაო პირობები. ცივილიზებურ სამუშაო გარემოში ,,კლიენტის'' სიმცირე ალბათ აღარ ექნება.

რედაქტორის რჩევით