ტოტალური ომი
10-03-2014
ტოტალური ომი
10 მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ, გაზეთ   "კვირის პალიტრასთან"  ერთად
ლეგენდარული ჟურნალის,    TIME   -ის უნიკალური კრებული გამოვა

მას შემდეგ, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის კუნძულებისკენ მიმავალ  გემებს ჩაძირავდა,
ამერიკა გერმანიასთან ომში ჩაება


პირველი მსოფლიო ომის დაწყებას ევროპელი ხალხი დიდი ნაციონალური აღტყინებით შეხვდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ომი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა.

გერმანია და საფრანგეთი ომში ჩაებნენ. ფრანგებს ჩაეშალათ ბრძოლის მოგების მცდელობა ელზას-ლოთარინგიის სამხრეთით, სადაც ორ კვირაში 300 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ხოლო
გერმანელები პარიზს 25 კმ-ში მიუახლოვდნენ. თუმცა, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ერთობლივმა ძალებმა მარნეზე გამარჯვება მოიპოვეს და გერმანია იძულებული გახდა, მდინარე ენამდე დაეხია.  მალე კონფლიქტი სანგრების სისხლისმღვრელ ომში გა
დაიზარდა, სადაც ფრონტის ხაზებზე ქვეითი ჯარები აქტიურობდნენ. გერმანიის მხრიდან პირველად იქნა გამოყენებული მომწამლავი აირი. ბრძოლაში ასევე ჩართული იყო ავიაცია და მოტორიზებული ტრანსპორტი.

გერმანელების წინააღმდეგ გაშმაგებით იბრძოდნენ ბრიტანელები და ფრანგები.  "სამთა კავშირმა" და "ანტანტამ" 1915 წელს ახალი ძალით განაახლეს საბრძოლო ოპერაციები.
გერმანიას ბრიტანული ხომალდებისთვის ზღვით რომ შეეტია, წყალქვეშა ნავები უნდა გამოეყენებინა. 1915 წლის 7 მაისს გერმანელებმა ჩაძირეს ბრიტანული გემი "ლუსიტანია".
2 000 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრებიდან 1 198 ადამიანი, მათ შორის 120 ამერიკელი, დაიღუპა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ამ შემთხვევის მერე წყალქვეშა ბრძოლების შეზღუდვა და კონფლიქტის ზონაში საკუთარი მოქალაქეების გადაადგილების უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ფლოტებს შორის, 31 მაისს, იუტლანდიის მახლობლად გაიმართა. 1916 წლის ბოლოს და 1917 წლის დასაწყისში ორივე მხარეს შეიარაღებისა და სურსათის მარაგი ეწურებოდა. მიუხედავად ამისა, 12 დეკემბერს ბრიტანეთმა უარყო მოწინააღმდეგის მიერ შემოთავაზებული ზავი, რის შემდეგაც გერმანელებმა განაახლეს წყალქვეშა ომი და ბრიტანელებს ბევრი სავაჭრო გემი გაუნადგურეს.

1917 წლის 1-ელ თებერვალს გერმანიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის კუნძულებისკენ მიმავალ ყველა გემს ჩაძირავდა, რაზეც,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიას ომის გამოცხადებით უპასუხა.
1917 წელს რუსეთში ბოლშევიკურმა რევოლუციამ გაიმარჯვა, შეიქმნა "სახალხო კომისართა საბჭო". ბოლშევიკების მთავრობამ ვერ შეძლო აღმოსავლეთის ფრონტზე წინააღმდეგობის გაწევა და დაუყოვნებლივ მოითხოვა კონფლიქტიდან გამოსვლა, მაგრამ მანამდე, 1918 წლის 3 მარტს, "ცენტრალურ სახელმწიფოებთან" ბრესტ-ლიტოვსკის ზავს მოაწერა ხელი. მოკავშირე ქვეყნებმა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია) რუსეთის თამაშიდან გასვლა ღალატად შეაფასეს.

გზა მშვიდობისკენ

1918 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უილსონმა 14-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარმოადგინა. ამას მოჰყვა "ერთა ლიგის" შექმნა. გაჩნდა იმედი, რომ კონფლიქტს ბოლო მოეღებოდა, მაგრამ საფრანგეთისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები მოწინააღმდეგისაგან სრულ კაპიტულაციას და ეკონომიკური კომპენსაციის მიღებას მოითხოვდნენ. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ შეძლო ომის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა.
9 ნოემბერს ვილჰელმ II-მ უარი თქვა ტახტზე და ორი დღის შემდეგ კომპიენში დაზავების აქტს მოაწერა ხელი.

1919 წელს ჩატარდა "პარიზის სამშვიდობო კონფერენცია".  გერმანიას, რომელიც აგრესორ სახელმწიფოდ იქნა გამოცხადებული, ომის გაჩაღებაში თავი დამნაშავედ უნდა ეცნო და ეკონომიკური ზარალი აენაზღაურებინა.
სულ მალე ევროპამ მსოფლიოს ჰეგემონია ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები