"დაუპატიჟებელი" SMS-ები
10-03-2014
"დაუპატიჟებელი" SMS-ები
ჰაკერული აფერა, ანუ როგორ მოვიპაროთ ანგარიშიდან ფული

"ამის გამო ერთხელ უკმაყოფილებაც მომივიდა შეყვარებულთან"


გასულ კვირას ინტერნეტმომხმარებელმა სოციალურ ქსელში იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებიც აბონენტებს ყოველდღე არაერთ სარეკლამო მესიჯს უგზავნიან. სტატუსის ავტორი ამან ისე დაღალა, მზად არის, ყველას დაურეკოს და... უშვერად აგინოს.  "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას "დაუპატიჟებელ" ეს-ემ-ესებზე. ჩვენ 50 კაცი გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ დიდი უმრავლესობა იმავე აზრისაა და სურს, ხელისუფლებამ მიიღოს კანონი, რომლითაც კერძო კომპანიებს აეკრძალებათ
მსგავსი სარეკლამო აქციები. გამოკითხულთა პასუხები იდენტურია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:


ლადო პაპუაშვილი: - დღე არ გავა, სარეკლამო მესიჯი არ მივიღო. მგონია, რაღაც აუცილებელი მომწერა ვინმემ და რომ ვნახულობ, ვცოფდები. ჩემი შვილი ტელეფონის გაწკრიალების შემდეგ ლანძღვას იწყებს. ეს ხომ ძალადობაა?! რატომ გვაძალებენ რაღაც პროდუქტებს? ეტყობა,
სახელმწიფოს არ აინტერესებს, ვინ მოუშლის ისედაც გამწარებულ ხალხს ნერვებს, თორემ ამ პრობლემას მოაგვარებდა.

თემურ გელაშვილი:
- ვიცი, მანქანაში ტელეფონის გამოყენება კანონით იკრძალება, მაგრამ შეტყობინება რომ მოგდის, ფიქრობ, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ ხდება და მაინც წაგცდება ხელი, მაგრამ აღმოჩნდება რომელიმე კომპანიის რეკლამა. ერთი მაინც მოდიოდეს, რომ მიაყოლებენ, აღარ ჩერდებიან, გაძლება ხომ უნდა? ეს ტელეფონი ჩემი საკუთრებაა და რომ მაწუხებს, უნდა მქონდეს ამის გაპროტესტების უფლება. მესიჯებს ხშირად აღარც ვკითხულობ, ისე ვშლი, ყველა სარეკლამო მგონია. ხომ შეიძლება რამე მნიშვნელოვანი შეტყობინება წავშალო და ამით დავზარალდე?!

თეონა მელაძე: - ამ მესიჯებს უკვე შევეჩვიე, ისე ვშლი, არც ვკითხულობ. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემსავით იქცევა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დრო არ იციან. დილის 8 საათზე რომ სარეკლამო მესიჯი მოგივა, ან ღამის 2 საათზე, საშინელებაა. ერთხელ უკმაყოფილებაც კი მომივიდა შეყვარებულთან - რომ აღარ გაჩერდა ტელეფონი, გამიბრაზდა, ვიღაც გიმესიჯებს, ან უპასუხე, ან გადააგდე ეგ ტელეფონიო. სანამ არ ვაჩვენე, რომ რეკლამები იყო, არ დამიჯერა.

"კვირის პალიტრა" მობილური ოპერატორების ოფისებს ესტუმრა. პირველად "მაგთიკომის" ცენტრალურ ოფისში მივედით, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მისაღებში ჩამოსვლაც კი არ ისურვეს, სტუმრად მიღებას რომ თავი დავანებოთ. იძულებული გავხდით, შიდა ტელეფონით დავკავშირებოდით.

- სარეკლამო  მესიჯების გაგზავნასთან "მაგთის" მობილური ოპერატორი არაფერ შუაშია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი აქციების შესახებ ვგზავნით ინფორმაციას.

- ბერკეტები არ გაქვთ, რომ მომხმარებლის უფლებები არ შეილახოს?
- ვერაფერს გავხდებით. თქვენ რომ მეგობარს  მესიჯებს უგზავნით, ხომ ვერ დაგიშლით? კომპანიები ისევე ხარჯავენ თანხას მესიჯების გაგზავნაში, როგორც თქვენ. აქვთ ნომრების ბაზა და თვითნებურად ცდილობენ რეკლამირებას(?!).

სხვა მობილური ოპერატორებისგანაც იგივე პასუხი მივიღეთ. ბოლოს, იმ კომპანიების ხელმძღვანელობას გავესაუბრეთ, რომელთა პროდუქტების შესახებაც იღებენ მოქალაქეები შეტყობინებებს.  როგორც პასუხისმგებელმა პირებმა განგვიმარტეს, არსებობს სხვადასხვა სარეკლამო ორგანიზაცია, რომლებიც ბიზნესკომპანიებს მსგავს მომსახურებას სთავაზობენ. შექმნილი აქვთ სატელეფონო ბაზები, თავად წერენ პროგრამებს და სარეკლამო მომსახურეობას უწევენ კერძო კომპანიებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სოფო ჭარელი:
-  მესიჯებთან დაკავშირებულ რეგულაციებს "აკრძალვითი მონაცემების დაცვის შესახებ" კანონი აწესებს, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი მიზნისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება შესაძლებელია. ამისთვის ვერავის დასჯი, თუ არ მოსთხოვ კონკრეტულ კომპანიას, რომ თქვენი ტელეფონის ნომერი არ გამოიყენოს რეკლამისთვის. კომპანია ვალდებულია, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეწყვიტოს მესიჯების გაგზავნა. ჯარიმების რეგულაცია კი მხოლოდ 2016 წლიდან შევა ძალაში. თუმცა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი, რომლის მოვალეობაც არის ადამიანის უფლებათა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, აპირებს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, მოითხოვს, კანონში ცვლილება 2016 წლის ნაცვლად 2014 წელს შევიდეს.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: -  თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა უკვე შეჩვეულია ამ რიტმს და უძლებს. თუმცა გასათვალისწინებელია კონკრეტული ადამიანის მდგომარეობა, თუ ვინმეს მსგავსი მესიჯები პრობლემას უქმნის, ეს მასზე გავლენას მოახდენს, თუმცა არა გარდამტეხს.

თანამედროვე სამყაროში, ერთი შეხედვით იოლდება ცხოვრება, თუმცა ტექნოლოგიური მიღწევები საფრთხესაც უქმნის ადამიანის წყნარ ცხოვრებას. მაგალითად, ბოლო დღეებია გააქტიურდა ჰაკერული აფერა მოქალაქეების კუთვნილ ტელეფონებზე უცნაური ნომრით: 56711971629. როგორც მობილური ოპერატორები აღნიშნავენ შეიძლება სხვა ნომრითაც დაფიქსირდეს ქურდი ჰაკერი, რომელიც ზარს უშვებს ნებისმიერი მომხმარებლის მობილურ ტელეფონზე, მაგრამ აბონენტების უმეტესობა პასუხის გაცემას ვერ ასწრებს... ჰაკერი კი ელოდება, როდის გადმოურეკავს უცხო ზარით დაინტერესებული აბონენტი. თუ ვინმე გაბრიყვდა და მართლაც დარეკა, მსხვერპლს ანგარიშიIდან თანხა ეჭრება და ჰაკერის ანგარიშზე ირიცხება(!).

მობილური ოპერატორები მოქალაქეებს აფრთხილებენ, მსგავსი დანაშაულის დაფიქსირების დროს დარეკონ ცენტრალურ ოფისებში, რათა დაფიქსირებული ნომრის დაბლოკვა მოხდეს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჰაკერული თავდასხმების შეჩერება. სამწუხაროდ, ქურდი ჰაკერები მხოლოდ ერთ ნომერს არ იყენებენ.   

უტა ბიწაძე
ლია
10 მარტი 2014 19:37
ვის მივმართო სმს- რომ შეწყდეს და აღარ მივიღო?
დათა ბატონო
10 მარტი 2014 15:42
ვაგონებით სმს რეკლამები რომ მომდის მობილურზე,,თუ სადმე ბანკი,მარკეტი ან აფთიაქი აქციებს იწყებს,მაინტერესებს ვინ აწვდით ჩემს კონფიდენციალურ ნომერს,ან რამდენ მილიონებს 'ღუნავენ',ამაში,და ყველაფერ ამ უკანონობიდან,მე რა ვირის თავ–ფეხი?

რედაქტორის რჩევით