"ვეფხვები" ამბობენ... - კვირის პალიტრა

"ვეფხვები" ამბობენ...

ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ვეფხვი კოსმოსურ ძალებს განაგებს და მათი მეშვეობით დაუნდობლად ანადგურებს დემონებს. ამიტომაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ბავშვებსა და მოზარდებს ხშირად ახურავთ ვეფხვისგამოსახულებიანი ქუდები. მეტიც, ვეფხვის ტყავისგან დამზადებულ ხალიჩებსაც მაგიური ძალა ჰქონია, რის გამოც მას მზის და სიცოცხლის ენერგიის მისაღებად იყენებენ იოგები. ვიმედოვნებ, ამგვარი ინფორმაცია ვეფხვებზე ნადირობას და მათი მასობრივად განადგურების მცდელობას არ გამოიწვევს. თუმცა, საქართველოში ამ მხრივ საქმე კარგად გვაქვს: - ერთადერთი ვეფხვი, ქალბატონი სალი, თბილისის ზოოპარკში დაცულად ცხოვრობს და საქმროსაც მოელის. ზოოპარკის ხელმძღვანელობა სასიძოს უკვე აქტიურად ეძებს და ჩვენც გვარწმუნებენ, რომ ვეფხვის წელში სალის "პრინციც" გამოჩნდება.

ასტროლოგებისავე განმარტებით, ვეფხვი საკუთარ თავზე ფრიად განსაკუთრებული წარმოდგენის მქონეა, რის გამოც მის დევიზს ასეთი სახე აქვს: "მე შეუდარებელი ვარ, ჩემი სცენა მთელი სამყაროა. ვისწრაფვი ყოველივე გამოუცდელისა და მიუღწევლისკენ. მე ხომ ვეფხვი ვარ, მე შეუდარებელი ვარ!" მსგავსი განცხადების საფუძველი ნამდვილად აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვეფხვის წელში დაბადებულები ყოფილან: რობერტ სტურუა, ნანა ჯორჯაძე, ნანა მჭედლიძე, კოტე მახარაძე, თენგიზ სუხიშვილი... უცხოელთაგან: ბეთჰოვენი, შარლ დე გოლი, მერილინ მონრო, ელისაბედ მეორე და კიდევ ბევრი ძალიან ცნობილი პერსონა. ამბობენ, ვეფხვები ძალიან მამაცი, გამორჩეული ძალისა და ძლიერი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებულები არიანო, თუმცა, მათ უდისციპლინობას, სიჯიუტესა და აგრესიასაც უწუნებენ.

ახლა რაღა ვეფხვი ვარ!

ვეფხვის წელს დაბადებული ცნობილი ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მის ცხოვრებაში ვეფხვის ხასიათს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა: - ახლა რაღა ვეფხვი ვარ, როდესაც წლებისგან დაუძლურებული ჩემს "ბუნაგში" ვზივარ და ვეღარ ვდგები. წინათ კი მტერს თავზარს ვცემდი. მე ვიყავი სახალხო ფრონტის წევრი, სტატუსით დაახლოებით მეორე კაცი და ვებრძოდი კომუნისტებს. მაშინ უცხო იყო ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. ჩვენ კი ეს შევძელით, ჩვენი ლიდერი ნოდარ ნათაძე იყო. პირველად განსაკუთრებული ბრძოლა გამოვუცხადეთ მათ, ვინც ქართული ენის დამცრობას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გადაქცევას აპირებდა. იძულებული გავხდი, ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობას და კომუნისტურ პარტიას დავპირისპირებოდი და მეთქვა, რომ ასეთი საქციელით სამშობლოს ღალატობდნენ. ამის თქმა ნიშნავდა სამსახურის დაკარგვას, მაგრამ ისე აღშფოთდა ხალხი, რომ ჩვენი დასჯა ვერ გაბედეს. ხელისუფლებამ დათმო პოზიცია. მე მაშინ ნამდვილად ვეფხვივით შეუპოვარი ვიყავი.

- ამბობენ, ვეფხვები რომანტიკული შეყვარებულები არიანო. გახსოვთ, როგორი შეყვარებული იყავით?

- ფრიად რომანტიკული შეყვარებული გახლდით. პლეხანოვზე მე და ჩემმა მეგობრებმა ჩემს შეყვარებულს ვუმღერეთ "მხოლოდ შენ ერთს". უნდა გენახათ, რა ამბავი იყო, მთელი ხალხი გამოეფინა. ამას რა დამავიწყებს. მაინც ვერაფერს გავხდი, ჩემი წვა და დაგვა არაფრად ჩააგდო იმ დალოცვილმა და როგორც ტრაგიკულ რომანებშია, გამწირა...

- როგორც ჩანს, ქალბატონი მანანას გულის მოსანადირებლად უფრო ივეფხვეთ.

- ო, მანანა სერიოზული ქალბატონი გახლდათ... ერთად ვმუშაობდით. ჯერ მე შემიყვარდა, მერე კი, როგორც იქნა, მოვიგე მისი გული და მოწყალების თვალით გადმომხედა. დიდი მეცადინეობა დამჭირდა ამისთვის...

- როგორც ვეფხვის წელში დაბადებული ფსიქოლოგი, როგორ ფიქრობთ, რისთვის არის განწყობილი მომავალი წლისთვის ქართველი ერი?

- ჩვენი ქვეყანა იწყებს თავისი მდგომარეობის გაცნობიერებას. მძიმე და გონივრულ საქმიანობას შეუდგება. მტერს უნდა ებრძოლო ყველა გზით, როგორც პირდაპირი, ისე შემოვლითი, ანუ გონივრული შეტევით. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ გონიერების გამოყენებას ვიწყებთ ამ ბრძოლაში. ძალიან დიდი და ძლიერი  მტერი გვყავს და მისი გაღიზიანების ნაცვლად ჩვენდამი მტრობის შენელებას უნდა ვეცადოთ...

KvirisPalitra.Geიყო დრო, ოპტიმისტი ვიყავი...

ვეფხვის წელში დაბადებული მსახიობი გურანდა გაბუნია უხასიათოდ შეგვხვდა ბოლო დღეებში მომხდარი ამბების გამო და მომავლისადმი პესიმისტური განწყობაც არ დაფარა. ვეფხვივით სამართლიანი და შეურიგებელი ვარ და გულს მტკენს ყველა ის უბედურება, რაც ქვეყანაში ხდებაო. ამასთან ქალბატონმა გურანდამ თავისი სანუკვარი ოცნებაც  გაგვიმხილა, რომლის ასრულებასაც უკვე 15 წელია ყოველი ახალი წლის დადგომისას სთხოვს უფალს, სოხუმში დამაბრუნეო.

გურანდა გაბუნია: - სოხუმელი ვარ და ჩემი ყველა ფიქრი სოხუმს უკავშირდება. მინდა ვიფიქრო, რომ გაისად მაინც ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, მგონია, ჩემს ოპტიმიზმს საფუძველი არა აქვს. ყველა სათავისოდ იწევა, თითქოს ქართველებს ერთიანობა აღარ შეგვიძლია. რისი იმედი უნდა მქონდეს, როდესაც ოპოზიციური პარტიები გაიძახიან, ყველას ცალ-ცალკე გვინდა გამარჯვებაო...

- ქალბატონო გურანდა, პირველობისთვის ბრძოლა ვეფხვებისთვისაც დამახასიათებელი ყოფილა. ამბობენ, ვეფხვი დაბადებიდან ლიდერიაო.

- პირველობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ... მინდა, მოვიდეს კარგი და მშვიდი ცხოვრება, გულგახეთქილს არ გვეღვიძებოდეს დილით უფრო გულგასახეთქი ამბების მოლოდინში. მე ვეფხვივით მართლაც შემტევი ხასიათი მაქვს და ამიტომაც ვერ ვიკავებ ახლა თავს, რომ რაც მაწუხებს, იმაზე არ გელაპარაკოთ. იყო დრო, როდესაც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყავი, მინდა ეს უნარი დამიბრუნდეს...

KvirisPalitra.Ge"მე უნდა ვყოფილიყავი ექიმი..."

კიდევ ერთი ქალბატონი "ვეფხვი" ირინა სარიშვილიც ეჭვობს, რომ მომავალი წელი პოლიტიკურად ძალზე ბობოქარი და დაძაბული იქნება, თუმცა მისი ვარაუდით, რაც მოხდება, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება.

ირინა სარიშვილი: - ძალიან ზარმაცი და უდისციპლინო ვარ. არ მიყვარს ორგანიზებული და დაგეგმილი ცხოვრება. არ უნდა ვფიქრობდე, დღეს ამას უნდა მივაღწიო-მეთქი. მაქსიმალურად თავისუფლად უნდა ვგრძნობდე თავს, ანუ რისი გაკეთებაც მომინდება, იმის საშუალება მქონდეს. ეს არის ჩემთვის იდეალური ჰარმონიული მდგომარეობა. ამიტომაც ჩემი პროფესია, პოლიტიკოსობა ჩემს ბუნებას ყველაზე ნაკლებად შეეფერება. ანალიზის უნარი და ნიჭი შესაძლოა მქონდეს, მაგრამ ხასიათით და ბუნებით სრულიად საწინააღმდეგო მიმართულების ვარ. მე უნდა ვყოფილიყავი ექიმი, ადვოკატი, რაღაც ისეთი, ვისაც უშუალოდ კონკრეტულ ადამიანთან ექნებოდა შეხება. პოლიტიკა კი არის ზოგადი, ისევე, როგორც მწერლობა, მწერალი ხომ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის  არ წერს, არამედ ბევრისთვის....