"პრეზიდენტმა რა ჰქმნა" ანუ "კვირის პალიტრა" მარგველაშვილის კვალდაკვალ... - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა რა ჰქმნა" ანუ "კვირის პალიტრა" მარგველაშვილის კვალდაკვალ...

რას ჰყვებიან აბრამიანები შვილობილ პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის სომეხ მეგობარს "კვირის პალიტრამ" ჯარის ქართველი მეგობარი აპოვნინა

ცოტა ხნის წინ, სომხეთში ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილმა  ქალაქ ეჩმიაძინში აბრამიანების ოჯახი მოინახულა, რომლებმაც მომავალი პრეზიდენტი 80-იან წლებში შვილივით მიიღეს. "კვირის პალიტრა" აბრამიანების ოჯახს ეჩმიაძინში დაუკავშირდა.

რობერტ აბრამიანი: - სომეხი ვარ, მაგრამ საქართველოში დავიბადე. გიორგის ვიზიტის შემდეგ ყურადღების ცენტრში ვარ - ყველა მეკითხება, როგორ გაიცანი საქართველოს პრეზიდენტიო... გიორგიზე ბევრად უფროსი ვარ, მალე 60 წლის გავხდები. ჩვენ ერთმანეთი დედამისის, ქალბატონი მზიას მეშვეობით გავიცანით, რომელიც შვილის მოსანახულებლად ეჩმიაძინში იყო ჩამოსული (გიორგი აქ სამხედრო ნაწილში მსახურობდა), სასტუმროებში ადგილი არ იყო და მე და ჩემმა მეუღლემ ქალბატონი მზია შინ მოვიპატიჟეთ. მერე გიორგიც გაგვაცნო... მუსიკოსი ვარ და ჩემს ქალაქში მაშინაც მიცნობდნენ. გიორგის მეთაურებთან საქმე ჩავაწყვე, ვთხოვე, რომ ბიჭი ხანდახან ჩემთან გამოეშვათ და ღამეც დარჩენილიყო... გიორგი ყოველთვის  მოწესრიგებული და წინდახედული იყო. მაშინ სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები თავს საბჭოეთის შვილებად მიიჩნევდნენ, გიორგი კი სულ ამბობდა, საქართველოს შვილი ვარო.

ჰასმიგი, რობერტის მეუღლე: - გიორგი მალევე დაგვიახლოვდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ერთი პატარა ოთახი დავუთმეთ, სადაც უამრავი წიგნი ჰქონდა. მაშინ ქართული ფილმები მთელ საბჭოთა კავშირში განხილვის საგანი იყო. მახსოვს მისი ემოცია ""მონანიებასთან"" დაკავშირებით. სულ მთხოვდა, ბოლომდე მეყურებინა, მეორე დღეს აუცილებლად მკითხავდა, -  ნახეო? როდესაც სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა (1988 წლის სპიტაკის ტრაგედიას ვგულისხმობ), დედამისი და ჩემი მეუღლე ქუჩაში იყვნენ, გიორგის ნაწილთან იცდიდნენ. მეთაურისთვის უნდა ეთხოვათ, ცოტა ხნით გაეთავისუფლებინა. გიორგის გამოსვლამდე მიწისძვრაც მოხდა... არც გაზი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი... დახოცილი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ეყარნენ. ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა და ჩვენსავით განიცადეს. გვერდში გვედგნენ, როგორც შეეძლოთ... 2-3 დღის შემდეგ, რყევები განმეორდა. გიორგიც სახლში იყო, შიშისგან გიჟებივით გავცვივდით ქუჩაში. გიორგი მეცა, ჰასმიგ, ფული, ძვირფასეულობა და საბუთები მაინც წამოიღე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩეთ, რა გეშველებათო...

ძალიან ნიჭიერი, ალალი, თავისუფალი და საინტერესო მოსაუბრე იყო. ბევრს კითხულობდა. ბულგაკოვი უყვარდა ძალიან. რეგულარულად ეცნობოდა ფილოსოფიურ ლიტერატურასაც.

ჩემი მომზადებული კერძები მოსწონდა და აუცილებლად მეტყოდა, - რა გემრიელიაო... ძალიან უყვარდა ტოლმა და შემწვარი კარტოფილი...

რობერტი: - საერთოდ არ შეცვლილა, ისეთივე უბრალო და თავისუფალია. არადა, პოლიტიკა და თანამდებობა, მით უმეტეს, პრეზიდენტობა, ცვლის ადამიანებს, ძველ მეგობრებს ივიწყებენ... ვფიქრობდი, როგორ მივმართო, ჩემი მეგობარია, მაგრამ მაინც ქვეყნის პრეზიდენტია-მეთქი. თუმცა, ისე გადამეხვია, მივხვდი, ტყუილად ვნერვიულობდი...

ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, მაგრამ ჩემი ქართველი მეგობრის დამსახურებით, მთელ ქვეყანაში პოპულარული გავხდით. ისე, უამრავი ქართველი მეგობარი მყავდა. ერთი თხოვნა მაქვს, შეიძლება?..

- რა თქმა უნდა...

- საბჭოთა ჯარში (უკრაინაში) ჩემთან ერთად ქართველი ბიჭი მსახურობდა, გურამ აპოლონის ძე არდაშელია, ბათუმელი მეგრელი იყო. მას ვეძებ... ერთ-ერთ საავადმყოფოზე მიგვამაგრეს და წესდებით, ყოველ მეოთხე დღეს, ოთხი დღით თავისუფალი ვიყავით. მე და გურამმა გადავწყვიტეთ, შემცვლელი დაგვეტოვებინა და რვა დღით გავიპარეთ... ვიღაცამ დაგვაბეზღა და დაგვიჭირეს. ნაწილში დაბრუნების შემდეგ ჯერ ჰაუპტვახტში გვიკრეს თავი, მერე კი სადამსჯელო ნაწილებში გადაგვანაწილეს. იქ გაიყარა ჩვენი გზები და მას შემდეგ გურამი არ მინახავს. გურამს ეგონა, რომ მე დავასმინე და ეს დღემდე მტანჯავს, არადა, მართალი ვარ... გევედრებით, იქნებ მაპოვნინოთ ეს კაცი...

გურამ არდაშელიას მოსაძებნად დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირვებია - "კვირის პალიტრის" საიტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ გურამ არდაშელიას შვილი, ირაკლი არდაშელია დაგვიკავშირდა:

- რამდენიმე დღის წინ მამაჩემის მეგობარმა დამირეკა, "კვირის პალიტრის" საიტზე სტატიაა გამოქვეყნებული, პრეზიდენტის მეგობარი სომეხი კაცი, მგონი, მამაშენს ეძებსო... ძალიან ავღელდი, სასწრაფოდ მოვძებნე თქვენს საიტზე მასალა და მამაჩემის გვარ-სახელი რომ ამოვიკითხე (მამის სახელიც ემთხვევა), გული გამიჩერდა... ერთადერთი უზუსტობა ის არის, რომ ბატონი რობერტი მამაჩემს რატომღაც ბათუმელად მოიხსენიებს, ალბათ, სოხუმში აერია...

სამწუხაროდ, მამა ცოცხალი აღარ არის, 2009 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ უკრაინაში, ლვოვში მსახურობდა, იმავდროულად, კიევის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ჯარზე უამრავ რამეს გვიყვებოდა, მაგრამ ამის შესახებ არასდროს მსმენია (სამწუხაროდ, მამას ფოტოები, მათ შორის ჯარისდროინდელი, სოხუმში დარჩა და სახლთან ერთად დაიწვა).

ამ ამბავს რამდენიმე დღე ვუმალავდი დედას, მისი განერვიულება არ მინდოდა, მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე მომეყოლა... მამის დაღუპვის შემდეგ წლები გავიდა და ახლა მისი არყოფნის ტკივილი გაგვიახლდა... მამას დედაჩემისთვის მოუყოლია ეს ამბავი - მწარედ დავისაჯეთ, მაგრამ ვიღაცები ჩავრიეთ და ციხეს გადავურჩითო... როდესაც ბატონ რობერტს "სკაიპით" დავუკავშირდი და ვუთხარი, ვინც ვიყავი, ხმა აუკანკალდა, ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა, - უფლის წყალობითა და "კვირის პალიტრის" დახმარებით გიპოვეთო. რამდენჯერმე ყოფილა ბათუმში, ქუჩებში დადიოდა თურმე და გურამ არდაშელიას კითხულობდა...

თავიდან არ მითქვამს, რომ მამა აღარ არის. რამდენჯერმე მკითხა, გურამი სად არისო? მერე ვუთხარი და ისე იტირა, კარგა ხანს ვერ დაამშვიდა მეუღლემ. აქეთ დედაჩემი ტიროდა... შემპირდა, თბილისში ჩამოვალ, გურამის საფლავზე უნდა მივიდეო. იმ ფოტოსაც ჩამოვიტან, სადაც მე, გურამი და ერთი ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობარი ვართ, მშობლების სახლში მაქვს და მოვძებნიო...

მას შემდეგ, რაც სადამსჯელო ბატალიონებში გადაანაწილეს, ერთმანეთი დაუკარგავთ.

- ვიცოდი, გურამი ჩემზე ცუდს ფიქრობდა. ამიტომ, ჯარის დამთავრების შემდეგ უკრაინაში დავბრუნდი და იმ ნაწილში მივედი, სადაც ვმსახურობდით, რათა მის შესახებ რამე გამერკვია, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. სამაგიეროდ, ვიპოვე ის კაცი, ვინც "ჩაგვიშვა". ეს იყო სარატოველი რუსი ოფიცერი, რომელსაც კავკასიელების მეგობრობა თვალში არ მოსდიოდა და იბოღმებოდა, - მე 2 დღით ვერ გავდიოდი, თქვენ კი ერთი კვირა ისვენებდითო... ერთი კარგად შევუკურთხე და წამოვედი, - მითხრა ძია რობერტმა.

მე კი რა გითხრათ, დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" და პრეზიდენტს. რომ არა მისი ასეთი თბილი ვიზიტი აბრამიანებთან, ალბათ, ეს მასალაც არ გამოქვეყნდებოდა. შესაბამისად, მამას მეგობარიც ვერ გვიპოვიდა. გმადლობთ თქვენ, ეს ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის და უბრალოდ ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს...

მამა სოხუმიდან კოდორის ხეობის გავლით გამოვიდა. შემდეგ უკრაინელმა მეგობრებმა კიევში მიიწვიეს და წლების განმავლობაში, 1997 წლამდე, იქ მუშაობდა. მერე საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა... მის უკრაინელ მეგობრებთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთთან ნათელმირონობაც გვაკავშირებს. კიევის მოვლენების დროს ყველანი მაიდანზე იყვნენ. მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, მათ გვერდით იდგებოდა...

ლალი პაპასკირი