რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები - კვირის პალიტრა

რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები

"ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-მდე ავტომობილთა ტექნიკური გაუმართაობის ბრალია"

"დღეს დედაქალაქში ჰაერი 95%-ით არის დაბინძურებული"

ახალ სანომრე ნიშნებთან, მართვის მოწმობებთან, ე.წ. ტექდათვალიერების ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაჩნდა. გვესაუბრება შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ დანელია:

- 2014 წლის შემოდგომიდან იგეგმება სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლა. ვადა გაუვიდა იმ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ძველი დიზაინის და ფორმის სანომრე ნიშნების შესყიდვა-დამზადება. თუმცა, ძველის ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება, მოქმედების ვადა 2030 წლამდე გაგრძელდება... შსს-ს მომსახურების სააგენტო საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. ახალი სანომრე ნიშანი ძველზე უკეთესი იქნება ფერთა შეხამებით, არეკვლის კოეფიციენტით, ალუმინის და მასზე დატანილი წარწერის ხარისხით, დამცავი ჰოლოგრამებით თუ ევროსტანდარტების შესაბამისი სხვა მექანიზმებით.

- თუ ავტომობილის მფლობელს 2030 წლამდე მოესურვა ძველი, უფასო სანომრე ნიშნის ახალზე გადაცვლა, თანხა დამატებით უნდა გადაიხადოს?

- ამისთვის უნდა გადაიხადოს ნომრის დაბეჭდვის (35 ლარი) და ახალი რეგისტრაციის მოწმობის საფასური (ასევე 35 ლარი).

ფასიანი ნომრის აღების შემთხვევაში კი მხოლოდ 35 ლარს - ახალი რეგისტრაციის საფასურს გადაიხდის და მიიღებს იმავე ღირებულების ნომერს, რაც მანამდე ჰქონდა. (არ იხდის ნომრის დაბეჭდვის საფასურს).

- ე.წ. ტექდათვალიერების ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით (რაც 2015 წლიდან სავალდებულო გახდება) დიდი სჯა-ბაასია. ბევრი ამბობს, რომ ეს კორუფციულ გარიგებებთან იქნება დაკავშირებული...

- თავის დროზე ტექდათვალიერების ვალდებულების გაუქმება მოსახლეობის გულის მოგებასა და დივიდენდების მიღებასთან იყო დაკავშირებული. გავიხსენოთ: კორუფციის წყარო იყო მართვის მოწმობის აღებაც - 100 დოლარად ყიდულობდნენ, ავტომობილის გადაფორმებასაც ახლდა ასეთი გარიგება. ეს ყველაფერი მოისპო! მაშ, მაინცდამაინც ტექდათვალიერებისას რატომ იჩენს თავს კორუფცია? თანაც ჩვენ გვაქვს ტექდათვალიერების თანამედროვე სისტემა - ავტომობილი მიერთებული იქნება ინფრასტრუქტურულად გამართულ სისტემაზე, რომელიც ინტეგრირებულია ბაზასთან, სადაც ყველა ინფორმაცია იყრის თავს. ე.ი. მთელი ეს ინფორმაცია ელექტრონულად აიტვირთება. შესაბამისად, დასკვნაში კალმით არ ჩაიწერება სიტყვები: "დადებითი" ან "უარყოფითი". ტექდათვალიერების მაგივრად ჯობს გამოვიყენოთ ტერმინი - "გზისთვის ვარგისიანობის ინსპექტირება", რაც უფრო სწორი იქნება.

- "გზისთვის ვარგისიანობის" განსაზღვრისას რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი?

- ახლა ვმუშაობთ კრიტერიუმების განსაზღვრაზე. ვითვალისწინებთ იმას, რომ ავტოპარკში საკმაოდ მოძველებული ავტომობილებია. მათ განახლებას წლები დასჭირდება. ინსპექტირებისას პრობლემა არც ერთ ავტომობილს არ შეექმნება, თუკი ის გამართულად იმუშავებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუმცა, ახალთახალ ავტომობილს სამი წელი არ დასჭირდება ე.წ. ტექნიკური დათვალიერება, სამიდან შვიდ წლამდე ავტომობილისთვის ორ წელიწადში ერთხელ იქნება აუცილებელი ეს პროცედურა, 7 წლის და მეტი ხნისას კი ყოველ წელს უნდა ჩაუტარდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ავტომობილების გაუმართაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. უფრო თუ დავაზუსტებ, ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-მდე სწორედ ავტომობილთა ტექნიკური გაუმართაობის ბრალია.

- რა ეღირება ე.წ. ტექდათვალიერება?

- სულ რაღაც 48 ლარი.

- კატალიზატორი ყველა ავტომობილისთვის აუცილებელი გახდება? თუ ასეა, ძველ ავტომობილებს მათ დასაყენებლად ფულის გადახდა მოუწევთ.

-  როგორც გითხარით, კრიტერიუმების დადგენაზე ამჟამად ვმუშაობთ, ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ, თუმცა განვმარტავ: ერთი მხრივ, ჩვენ ვიზრუნებთ ავტომობილის ტექნიკურ  გამართულობაზე, მეორე  მხრივ კი იმაზე, რომ გამონაბოლქვის კოეფიციენტი დადგენილ ნორმას შეესაბამებოდეს. დღეს დედაქალაქში ჰაერი 95%-ით არის დაბინძურებული, რაც სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება.  ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება  მეტ ყურადღებას საჭიროებს. რაც შეეხება ავტომობილის გამართულობას, მაგალითად, აუცილებელია, წვიმისას მინა იწმინდებოდეს, მუშა მდგომარეობაში იყოს მაშუქები, რომელიც ღამით მოძრაობისას უნდა ენთოს.

- ბოლო დროს მომრავლდა აირის საწვავით მომუშავე ავტომობილები. მათ პრობლემები ხომ არ შეექმნებათ ე.წ. ტექდათვალიერების გავლისას?

- არა. ყურადღება მიექცევა ე.წ. გაზის  ბალონის მონტაჟს, დაზღვევას და სხვ.

- არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია - ე.წ. გაზის ბალონებს ადრე თუ გვიან აფეთქება ემუქრებათო.

- არსებობს ხარისხიანი ე.წ. გაზის აპარატები, მთავარია, მათი სწორად დამონტაჟება. აირგასამართ სადგურებზე მომხდარი რამდენიმე აფეთქება სწორედ კუსტარულად დამონტაჟებულმა გაზის ბალონმა გამოიწვია.

- მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებითაც სიახლეებია. რით არის ეს განპირობებული?

- 2006 წლამდე აღებულ მართვის მოწმობას ვადა 2018 წლამდე აქვს, 2006 წლის შემდეგ აღებულს - 2028 წლამდე. ორივე შემთხვევაში ვადის გასაგრძელებლად აუცილებელია ჯანმრთელობის ცნობა. მას კი, ვისაც მომავალში სურს მართვის მოწმობის აღება, ქუჩაში მოუწევს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. ასე რომ, ვინც ავტომობილის მართვა იცის, მისთვის უმჯობესიც კი არის ასეთი გამოცდის ჩაბარება.…

- რით არის გამოწვეული გამოცდის ქალაქში გადატანის აუცილებლობა?

- ასე უფრო ვუახლოვდებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას.

- ხომ არ ხდება საეჭვო იმ მძღოლთა კვალიფიკაცია, რომლებმაც მოწმობა გამოსაცდელ მოედანზე პრაქტიკული გამოცდის შედეგად აიღეს?

- აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ, თუმცა აქ საუბარი არ არის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ უკვე გაცემული მოწმობების ეჭვქვეშ დაყენებაზე…- კაცმა თუ ავტომობილის ტარება არ იცის, გამოსაცდელ მოედანზე ვერც ზიგზაგს გააკეთებს, ვერც პარკინგს, გარაჟს და სხვ. თუმცა, ჩვენ გვინდა, მოქალაქეები უკეთ მართავდნენ ავტომობილებს. შესაძლოა, ისევ დარჩეს მოედანზე 2-3 საგამოცდო ელემენტის შესრულება. ამით დავრწმუნდებით, რომ ადამიანმა ავტომობილის მართვა იცის და შესაძლებელია მისი ქუჩაში გაყვანა. ამ სიახლის განსახორციელებლად გამომცდელების გადამზადებაც დაგვჭირდება... გამოსაცდელს წინასწარ განსაზღვრული ქულები შეცდომების მიხედვით დააკლდება...