"ქართული ფოლკლორი საფრთხეშია - ძველები მიდიან და ცვლა არ ჩანს" - კვირის პალიტრა

"ქართული ფოლკლორი საფრთხეშია - ძველები მიდიან და ცვლა არ ჩანს"

"უშიკიშვილის გათავისუფლებით გამოწვეული ხმაურის გამო მეც მიჭირდა დათანხმება, მაგრამ

ბოლოს გადავწყვიტე"

"ახლა გურიაში კონცერტს რომ ატარებენ, თბილისიდან ვგზავნით კრიმანჭულის შემსრულებელს"

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორად ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელის გიორგი დონაძის დანიშვნის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა, თითქოს მან თანამშრომლებთან ურთიერთობა ვერ დაამყარა.

ინფორმაციის შესამოწმებლად ცენტრს ვესტუმრე. შესვლისთანავე საგამოფენო დარბაზისკენ გამექცა თვალი, თანამშრომლები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენისთვის ემზადებიან, რომელიც ქსნის ხეობაში ცისანა მირინდაშვილს მოუგროვებია. გამოფენა უახლოეს დღეებში გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს.

გიორგი დონაძე შეხვედრაზე მთანხმდება, კითხვების დასმას არც მაცდის, თვითონ იწყებს:

- შესანიშნავი ამბავი გვაქვს. ”ფონდი ქართული გალობა” დააფინანსებს პროექტს ქართული ხალხური სიმღერის გადასარჩენად. ეს ეხება ფრანგი ქალბატონის, ივეტ გრიმოს ფასდაუდებელ საგანძურს. 1966-67 წლებში მან საქართველოს 300 სოფელში იმოგზაურა და 355 სიმღერა ჩაწერა. მათ შორის არის ისეთებიც, დაკარგული რომ გვეგონა. 2008 წელს, ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, სანქტ-პეტერბურგში ვიყავით მე და ანზორ ერქომაიშვილი, იქ შევიტყვეთ, რომ ქალბატონი გრიმო ცოცხალი ყოფილა. ძალიან თბილად მიგვიღო. ბატონი ანზორი ორი კვირა აკეთებდა გრიმოს ჩანაწერების ციფრულ ვერსიას და თბილისში ჩამოიტანა. გასული საუკუნის 30-იან წლებში გრამოფონით ჩაწერილ სიმღერებთან ერთად, ეს არის ოქროს საგანძური. ცენტრის სპეციალისტები აკეთებენ მის პასპორტიზაციას და ალბათ, ნოემბერში გამოვცემთ.

- ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ სხვა თემაზეც მინდა დაგელაპარაკოთ... ამბობენ, თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ფოლკლორის განვითარებისთვისაც ვერაფერს აკეთებთ.

- გადახედეთ ფოლკლორის მიმართულებების ხელმძღვანელთა სამუშაო გრაფიკებს, მათ მივლინებებს და დასკვნა თვითონ გააკეთეთ. წლის ბოლომდე ფაქტებით დავამტკიცებთ, რომ ბევრი საქმე დავიწყეთ, ზოგიერთის დასრულებას კი დიდი დროც აღარ სჭირდება...

უნდა გააქტიურდეს ურთიერთობა რეგიონებთან. შევქმენით რეგიონული პროექტების სამსახური - თითქმის ყველა მუნიციპალურ ერთეულში გაიხსნება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფილიალები, სადაც სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ფოლკლორის ყველა დარგის შესწავლა უფასო იქნება. უფროსკლასელებს გავუგზავნით სპეციალურ რეპერტუარს და მას იქვე მცხოვრები ლოტბარები ასწავლიან.  ქართული ფოლკლორი საფრთხეშია. 20 წლის წინანდელთან შედარებით კატასტროფული მდგომარეობაა - ძველები მიდიან და ცვლა არ ჩანს. რაიონებში აუცილებელია ტრადიციული გალობის სწავლება. ყველამ თბილისში მოიყარა თავი, არადა, წინათ თბილისში რეგიონებიდან იწვევდნენ საუკეთესოებს. ახლა გურიაში კონცერტს რომ ატარებენ, თბილისიდან ვგზავნით კრიმანჭულის შემსრულებელს. იმედი მაქვს, ფილიალების გახსნით ორ-სამ წელიწადში შედეგი გვექნება.

ცენტრში არ არსებობდა ტრადიციული საეკლესიო გალობის მიმართულება, ჩვენ დავაარსეთ. 8 ათასზე მეტი საგალობელია დაცული ხელნაწერთა ინსტიტუტსა და არქივებში.

- ხალხური ზეპირსიტყვიერების სფეროში რას გეგმავთ?

- არქივში დაცული იყო, მაგრამ დღემდე არ გამოცემულა უნიკალური, მოხევური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, რომელზეც გიორგი ლეონიძეს დაუწერია რეცენზია. კულტურის სამინისტრომ უკვე დააფინანსა მისი გამოცემა. გამოვცემთ ქართველი ებრაელების ზეპირსიტყვიერებას. ქორეოგრაფიაშიც გვაქვს საინტერესო პროექტი.

- საზოგადოება ძირითადად, "ბასიანით" გიცნობთ...

- სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე, მეცნიერებათა აკადემიის ბავშვთა გუნდ "ფაზისში", შემდეგ იყო "მძლევარი", "ბერიკა," გიორგი უშიკიშვილთან ერთად ორი წელი ვხელმძღვნელობდი "ლაშარსაც". ამას მოჰყვა "ბასიანის" შექმნა. ამავე დროს საპატრიარქოს გუნდსაც ვხელმძღვანელობდი. 2013 წელს "ბასიანი" სახელმწიფო ანსამბლი გახდა. ბევრი სიძნელე გადავიტანეთ ისე, რომ პატრიარქის გარდა არავის მხარდაჭერა არ გვიგრძნია. გამოვუშვით შვიდი ალბომი და 20-ზე მეტ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. მიუხედავად პროფესიული წარმატებისა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ ექვსი შვილის მამა ვარ და დიდებული ადამიანების (ანზორ ერქომაიშვილი, პოლიკარპე ხუბულავა, ჯუმბერ ყოლბაია, ოთარ ბერძენიშვილი, თამაზ ანდღულაძე) გარემოცვაში გავიზარდე. ისინი მხოლოდ მუსიკის პედაგოგები კი არა, ადამიანობის მასწავლებლებიც არიან.

- ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერქომაიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა?..

- ბატონ ანზორზე ლაპარაკი არ ყოფილა, მას კულტურის სამინისტრო სთხოვდა თანხმობას, მაგრამ უარი თქვა... გიორგი უშიკიშვილის გათავისუფლებით გამოწვეული ხმაურის გამო მეც მიჭირდა დათანხმება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის განვითარებისთვის ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა.