"წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი ხმა აქვს ჩემს შვილს"-ცხოვრება ბგერების გარეშე - კვირის პალიტრა

"წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი ხმა აქვს ჩემს შვილს"-ცხოვრება ბგერების გარეშე

"სმენადაქვეითებულები ემოციით, მოქმედებითა და ჟესტიკულაციით აღიქვამენ სამყაროს"

"ბავშვობაში დედ-მამა მუნჯურად მიყვებოდნენ ზღაპრებს"

მაკა ბერუჭაშვილმა ლაპარაკი 2-3 წლისამ დაიწყო, მაგრამ მისი სიტყვები მშობლებს არ გაუგონიათ. გოგონა სმენადაქვეითებული წყვილის ოჯახში დაიბადა. 5 წლისამ გააცნობიერა, რომ მისი მშობლები სხვებისას არ ჰგავდნენ, თუმცა ეს გოგონასთვის ტრაგედია არ ყოფილა. ჟესტიკულაციით საუბარს ბავშვობიდან მიეჩვია. პირველი ზღაპარი და ლექსიც მუნჯურად ისწავლა.

მაკა ბერუჭაშვილი: - დედამ სკოლაში რომ მიმიყვანა, კლასელმა დამცინა - დედას ჟესტიკულაციით რომ ველაპარაკებოდი. მერე დედამისთან დავაბეზღე და დასაჯეს. ამ ამბავს დედაც შეესწრო და მკითხა, რა მოხდაო? როდესაც ავუხსენი, დამტუქსა, ასე მოქცევა არ შეიძლებაო. ჩემს მასწავლებელსაც გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ მშობლებს არ ესმით და ვერ მეტყველებენ...

ჩვენს საუბარში მაკას მამა, პაატა ჩაგვერთო ჟესტიკულაციით, მაკა მითარგმნიდა:

-„არაფერი მესმის, ერთადერთი იარაღის გასროლის ხმაზე და ძლიერი ბიძგის დროს ვრეაგირებ. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი ხმა აქვს ჩემს შვილს. როდესაც ჩემი მეუღლე ორსულად იყო, ძალიან ვნერვიულობდით, ვფიქრობდით, რომ ბავშვიც უსმენო დაიბადებოდა... ჯანმრთელი დაიბადა და მეორის გაჩენა აღარ გავრისკეთ.

მაკა: - ხშირად ვხედავ ქუჩაში გაოცებულ სახეებს,  მშობლებთან ჟესტიკულაციით რომ ვსაუბრობ. ხალხს ვეცოდები, ვაიმე, საწყალი ბავშვი, ვერ ლაპარაკობსო... მაშინვე ვეუბნები, რომ მესმის და ვლაპარაკობ. მერე მლოცავენ, შენ გაიხარეო...

- მშობლები დაბადებიდან სმენადაქვეითებული არიან?

- დიახ. მათ მშობლებსაც არ ესმოდათ. თუმცა მხოლოდ დედა დაბადებულა ჯანმრთელი, მაგრამ მერე ვირუსის გამო ნელ-ნელა დაუქვეითდა სმენა.

- შენ ასე კარგად როგორ ლაპარაკობ?

- სანამ ენას ამოვიდგამდი, ჟესტიკულაციით ვლაპარაკობდი, მერე მეზობლებმა ამალაპარაკეს - როდესაც ბებიასთან მივდიოდი, მთელი სამეზობლო მასწავლიდა... საბავშვო ბაღში რომ შემიყვანეს, უკვე გამართულად ვლაპარაკობდი. დედ-მამა მუნჯურად მიყვებოდნენ ზღაპრებს. პირველ კლასში სტუდენტი გოგონა მამეცადინებდა, შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა.  მშობლებისგან სითბო და სიყვარული არასდროს მომკლებია. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაოჯახდნენ ჩემი მშობლები. მათი ბებიები ერთად მუშაობდნენ სამკერვალო ფაბრიკაში და მეგობრობდნენ. ჩემი მშობლებიც ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მერე სიყვარულით შექმნეს ოჯახი. ახლა მამა 40 წლისაა, დედა - 38-ის. ორივეს საშუალო განათლება სმენადაქვეითებულთა სკოლაში აქვს მიღებული. წერენ და კითხულობენ როგორც ქართულად, ასევე რუსულად. მამას ბევრი მეგობარი ჰყავს. ახალგაზრდობიდან ფრენბურთს და კალათბურთს თამაშობდა. შემდეგ სოციალური ქსელებით სმენადაქვეითებულები გაიცნო, და მათთან მეგობრობს. დღის განმავლობაში ერთმანეთს ესემესებით ვეკონტაქტებით... ჩემი ოჯახი არაფრით გამოირჩევა სხვებისგან - ზუსტად ისეთი დილა, შუადღე და საღამოა, როგორიც სხვა ოჯახებში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩვენთან სიჩუმეა, ვცხოვრობთ "ხმაურის" გარეშე...

- მშობლები რას საქმიანობენ?

- მამას თავისი ბიზნესი აქვს, დედა  "ჯეოსელში", კვების ბლოკში მენეჯერის ასისტენტად მუშაობს.

ჩემს მშობლებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ბანკში, საავადმყოფოებში. თუ თარჯიმანი გვერდით არ ჰყავთ, ძნელია კომუნიკაციის დამყარება. ამიტომ ყოველთვის ჯიბეში აქვთ კალამი და ფურცელი, წერენ და ასე აგებინებენ სხვებს... ტელევიზორის ყურებისას ცოტა ნერვიულობენ, რომ არაფერი ესმით. ერთადერთი პირველი არხის“საინფორმაციო გამოშვებაა, რომელსაც თარჯიმანი ჯესტიკულაციით თარგმნის...  ჩემს მშობლებს არ ესმით, მაგრამ, მიმიკებითა და ქცევით ბევრი რამის გაგება შეუძლიათ. როგორც უსინათლოებს აქვთ გამძაფრებული შეგრძნებით აღქმის უნარი, სმენადაქვეითებულებიც ემოციით, მოქმედებითა და ჟესტიკულაციით აღიქვამენ სამყაროს.

თორნიკე ყაჯრიშვილი