"ჩვენი დედაქალაქი მალე ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცევა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დედაქალაქი მალე ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცევა"

რედაქციაში დავითაშვილის ქუჩის მცხოვრები მოვიდა - მთელი  უბანი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტუალეტად გვიქცია, ავიყრებოდით, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვსო. ვიფიქრე, ცოტა აჭარბებს-მეთქი და ნეტა მართლა ასე ყოფილიყო - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსის ბოლო გაჩერებაზე თავბედი ვიწყევლე, ისეთი სუნი იდგა. აქ, შუაგულ და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ნაწილში თბილისელებს ღია ტუალეტი მოუწყვიათ...

მე მიყვარს ჩემი ქალაქი! თქვენ? ალბათ, თქვენც. მაგრამ მართლაც რომ გვიყვარდეს, ამას არ ვიკადრებდით!..

თბილისის ამ საუკუნოვან პარკს რომ მივუახლოვდი, ისეთი სუნი მეცა, თავბრუ დამესხა. ვერ მივხვდი, ვინ უფრო შემცოდებოდა - მოსახლეობა, მიკროავტობუსების მძღოლები (რომელთაც სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამ პარკში მოისაქმებენ - მათზე არავინ იზრუნა, რომ ბიოტუალეტი დაედგა) თუ საკუთარი თავი...

- თუ ჩვენს გასალანძღად მოხვედი,  სულ ტყუილად, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ხომ ვერ აგვიკრძალავ?! - მითხრეს ყვითელი ავტობუსებისა და "მარშრუტკების" მძღოლებმა, როცა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე. მერე მოლბნენ - პარკში შესვლას არ გირჩევთ, შორიდანაც მიხვდები, რა დღეშიაო...

- თბილისში, სადაც მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა, თითქმის ყველგან ასეა - შემოგარენი ტუალეტად არის ქცეული. იქ ან მოუვლელი პარკებია, ან ნანგრევები. ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, კაცი მთელი დღე რომ ქუჩაშია, ტუალეტში შესვლა როგორ არ მოუნდება? სად წავიდეთ?!

უამრავი ასეთი გაჩერებაა და ორ-სამ ადგილას თუ არის ტუალეტი. ჰოდა, რა ვქნათ გაჭირვებულმა მძღოლებმა?.. მე #41 "მარშრუტკის" მძღოლი ვარ, ბოლო გაჩერება დავითაშვილიდან დიდ დიღომში მაქვს. იქ, მინდორში, გაუქმებული არხია, მეც იქ დავდივარ...

ბოლო გაჩერებაზე, სულ ცოტა, 40-50 მძღოლი ვიყრით თავს. ჩვენ შორის ყვითელი ავტობუსების მძღოლებიც არიან.  წლებია, ასე გრძელდება...

- რატომ არ მოსთხოვეთ დამსაქმებელ კომპანიას ბიოტუალეტების მოწყობა? თქვენ ხომ ყოველდღიურად მათ აძლევთ გამომუშავებული თანხის ნაწილს?

- მე კომპანიისთვის დღეში 67 ლარი შემაქვს. აქედან 24 ლარი, ანუ თითქმის მესამედი თბილისის ბიუჯეტში შედის. ზოგიერთი "მარშრუტკა" დღეში 138 ლარს უხდის კომპანიას.

ტუალეტები როგორ არ მოვითხოვეთ, მაგრამ გვითხრეს, - რა ფულიც გრჩებათ, იმით გაიკეთეთო. ჩვენ კი დღეში 8-9 ლარი გვრჩება...

გულდამძიმებული გავეცალე იქაურობას, რა ქნან ამ ადამიანებმა - ტუალეტების მოწყობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი დედაქალაქი მალე ერთ დიდ ტუალეტად გადაიქცევა.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ლიკა ორჯონიკიძეს დავუკავშირდი:

- თბილისში "მარშრუტკების" ბოლო და საწყის გაჩერებებზე თუ ტუალეტები არ არის, პირველად მესმის. ვისაც ეს ამბავი ეხება, აუცილებლად გავაგებინებ!

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამაზ რობაქიძე: - თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა ტუალეტების დადგმაც იყო. ჩვენ მძღოლებისთვის რამდენიმე ტუალეტი გავაკეთეთ - მუხიანში, ვარკეთილში, ვაზისუბანში... ახლა დიდ დიღომში ვაკეთებთ. ამისთვის ადგილების მოძიება მიმდინარეობს. თბილისში ზოგადად სველი წერტილების პრობლემაა...