"ცუდი არ არის, როცა საკუთარ თავს ესაუბრები”
17-03-2014
"ცუდი არ არის, როცა საკუთარ თავს ესაუბრები”
"რაჭა ჩემი სიყვარულშიც” მიმიწვიეს, მაგრამ რომ მითხრეს, უნდა იმღეროო, უკანმოუხედავად გამოვიქეცი...”

"დედამ ქართული კერძების მომზადება არ იცოდა, ხშირად აკეთებდა ლობიოს სუპს. მას მერე არც მიგემია. ისე, სამი ბიჭის დაპურება როგორი საქმეა?”


დავით კვაჭაძე - ევროპის ჩემპიონი (1977) და სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1976, 1977, 1979) კრივში. ბევრს ახსოვს ის ორთაბრძოლები, რომლებმაც დიდი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივრებს. მე კი, როგორც უნდა ვეცადო, მაინც მიჭირს წარმოვიდგინო რინგზე მებრძოლი დავით კვაჭაძე, რადგან ის ჩემთვის
დიდი მარტოობისა და დიდი სიჩუმის რაინდია, პოეზიისა და მუსიკის ენაზე მეტყველი შემოქმედია, რომელმაც მოახერხა და ეს ყველაფერი თავის შემოქმედებაში - ფოტოხელოვნებაში ჩატია.

თუმცა დავით კვაჭაძისთვის არსებობს კრივი და დანარჩენი სამყარო. კრივს თავისი ღირსება და სილამაზე აქვს, დანარჩენ სამყაროს - იდუმალება და მშვენიერება. მის ცხოვრებაში ყველაფერს
თავისი დატვირთვა აქვს: მზის ამოსვლისას თუ ჩასვლისას გაჩენილ ჩრდილებს, სიძველით დამსკდარ კედლებს, დაცვარულ ფოთლებს თუ ადამიანებს, რომელთა შეწუხებაც არ უყვარს... ამიტომაც ნაკლებად იღებს, განიცდის, უხეშად არ შეეხოს მათ ცხოვრებას...
ძალიან ფრთხილად ვუყურებ დავით კვაჭაძის ცხოვრების ფრაგმენტებს...

ჩემი დილა

ჩვენი სახლი დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტის სიახლოვეს იდგა. მახსოვს, სამასი არაგველის ძეგლს რომ დგამდნენ, პატარები ვიყავით, იქვე ვთამაშობდით ომობანას. ჩემ თვალწინ აშენდა სანაპირო. საბავშვო ბაღში იქვე დავდიოდი. ხის სახლი იყო. სანაპიროს მშენებლობას შეეწირა. რომ დაანგრიეს, იმ ზამთარს იქაურებს შეშა არ გვიყიდია. ნაშალი ფიცრები მოგვქონდა... თათრის მოედანს რომ ეძახიან, ახლა გორგასლის მოედანია, მანდ იყო შაითან ბაზარი. პატარები საღამო ხანს შევდიოდით. გლეხები ხან საზამთროს გვჩუქნიდნენ, ხან - ნესვს... როგორ შეიცვალნენ ადამიანები. გაჭირვებაც იყო, მაგრამ სითბო ტრიალებდა ყველგან.

მამა ისე ადრე გარდამეცვალა, არც მახსოვს. დედა ბერძენი იყო. ბავშვობა უკრაინის ბერძნულ სოფელში ჰქონდა გატარებული. მისი ოჯახი განაკულაკეს და დააწიოკეს. თოთხმეტი დედმამიშვილი დაიფანტა. სამი მოხვდა თბილისში - დედაჩემი, დეიდა სონია და დეიდა დიანა. დეიდა სონია ბერძენს გაჰყვა ცოლად და უკრაინაში დაბრუნდა, დეიდა დიანა - სპარსელს და ბაქოში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედა აქ დარჩა.

დედამ ქართული კერძების მომზადება არ იცოდა, ხშირად აკეთებდა ლობიოს სუპს. მას მერე არც მიგემია. ისე, სამი ბიჭის დაპურება როგორი საქმეა?

ჩვენს ეზოში 11 ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა, ფინელიც კი - თერძი იყო, ძია სტოპა. მერე გალოთდა. რომ გარდაიცვალა, მეზობლებმა დამარხეს... აღდგომა იყო, სუფსარქისობა, ბაირამობა თუ პასექი, არ მახსოვს, ერთმანეთისთYვის რამე არ მოეკითხათ. განსაკუთრებით უშვილო მეზობლები - ძია საქულა და თეკლა ბებია გვეფერებოდნენ. თეკლა ყუშიტაშვილის ქალი იყო, საქულა - მარქაროვი, მაგრამ ისეთი ქართველი იყო შინაგანად, გაგიკვირდებოდათ. გოგლა ლეონიძე უყვარდა. გარდაცვალების წინ დაიბარა, პატარძეულში დამმარხეთ, ლეონიძის სოფელშიო. აუსრულეს ნატვრა... პოეზია უყვარდა, არადა, უბრალო მეწაღე იყო.

პატარაობიდან ტანვარჯიშზე დავდიოდი. ტყავის ხელზე გასაკეთებელი, ვარჯიშისას რომ ხელისგულები არ გადამტყავებოდა, საქულა ძიამ შემიკერა. ჩემი უფროსი ძმა, როლანდი დადიოდა კრივზე და ტანვარჯიშზე გული ავიყარე.

ცოტა ხანს ვიარე ფეხბურთზე. ორ კვირაში მივატოვე. სულ იგინებოდნენ ბავშვები და იმიტომ. ბილწსიტყვაობას ვერ ვიტან. მარტო კრივზე მინდოდა სიარული. ერთ დღეს ჩემმა ძმამ მითხრა, თუ ერთი დარტყმით კარადას გატეხავ, მოკრივე გამოხვალო.
ძველი კარადის გატეხას რა უნდოდა... დავარტყი და გასკდა. გამოჩნდა დედაჩემის მომწვანო კაბა...  დედამ რომ შეხედა, გული ეტკინა.

თეკლა ბებია ხშირად გვეძახდა თავისთან და გვიმასპინძლდებოდა, ხშირად საჭმელი მოჰქონდა. ცუდად ხედავდა. ერთხელ ძახილი  შემომესმა - დათო, დათო! შევვარდი, ვერ დავინახე. დერეფნის ბოლოს სარდაფში ჩასასვლელი იყო. აქ ვარო, - იქიდან ამომძახა. სარდაფში ჩავარდნილა. სადილიც დაექცა... ამოვიყვანეთ, მეზობლები დამეხმარნენ. მერე გაეღიმა. ამიერიდან საჭმელი თუ გინდათ, ჩემთან ჭამეთო...

საქულასთან ყოველთვე მეგობრები მოდიოდნენ. ერთს აკორდეონი მოჰქონდა, ისხდნენ და ბაიათებს მღეროდნენ. სასმელი რომ შემოაკლდებოდათ, მომცემდნენ ბადურას და გამგზავნიდნენ ღვინის საყიდლად.

ჩვენი უსინათლო მეზობელი მეთარე იყო. მეხსიერებაში ჩამრჩა ავლაბრელი წოპწოპა, დაირაზე რომ უკრავდა. ის და ჩვენი უსინათლო მეთარე ერთად დადიოდნენ ქორწილებში.

ჩემი შუადღე

სკოლაში ჩემი ძმების გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი. დღესაც გაჭირვებაა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ უიმედობაა, მაშინ  უიმედობა არ ყოფილა...

სკოლის მერე "ელექტროავტომატის” ქარხანაში წავედი სამუშაოდ. იქ იყვნენ ჩემი ძმები. დილით გავდიოდით, ავტობუსის სარკმლები ღია იყო თუ არა, მაინც შემოდიოდა ჯერ თევზის სუნი, თევზის ქარხანასთან რომ გავივლიდით, მერე პურის სუნი - პურის ქარხნიდან. ერთ საამქროში დავიწყე მუშაობა, სადაც უფროსი ძმა ალიკა მუშაობდა. დეტალებს ჭრიდნენ თუნუქის ფურცლებისგან. უყურადღებობის გამო ბევრს თითები ჰქონდა წაჭრილი. ერთხელ ოთხი თითი მოიჭრა მუშამ, იყვირა... ვნახე მოჭრილი თითები როგორ დახტოდნენ და ვითხოვე, იქნებ სადმე გადამიყვანოთ-მეთქი...
12 წლიდან დავდიოდი კრივზე "დინამოს” სტადიონზე. თავიდან ჩემი ძმა მავარჯიშებდა. უკვე ბევრი რამ ვიცოდი, წრეში რომ ჩავეწერე...

გაგიკვირდებათ და, მსახიობობაც მომიხდა... ფილმში გადამიღეს "ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი” თემურ ფალავანდიშვილმა გადაიღო. ჩემი გმირი მოკრივე იყო. მერე "რაჭა ჩემი სიყვარულშიც” მიმიწვიეს, მაგრამ რომ მითხრეს, უნდა იმღეროო, უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
დედა მეხვეწებოდა, დაანებე ამ კრივს თავი, მსახიობი გახდი, რატომ უნდა აცემინო თავიო... ისე მიყვარდა კრივი, როგორ დავთმობდი. თავიდან ღია რინგებში ვიმარჯვებდი. მერე იყო ქალაქის პირველობა, საქართველოს პირველობა... სსრკ-ის ჩემპიონიც გავხდი. მაშინ ყველაზე დიდი მიზანი იყო სსრკ-ის ჩემპიონატის მოგება - ახალი კარიერის დაწყება უფრო დიდი შეჯიბრებისთვის. დღეს ქვეყანას თუ შეუძლია მატერიალურად, შეიძლება მისი სპორტსმენი მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს, ჩვენ კი ეტაპები უნდა გაგვევლო...  მერე ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. პარალელურად, "ბურევესტნიკის” წევრი ვიყავი.

ოჯახი 25 წლისამ შევქმენი. ერთ ოჯახში მინისტრ შოთა გორგოძის ქალიშვილი გავიცანი... ორი შვილი გვყავს: დავითი და თამარი. ორი წლის წინ ბაბუა გავხდი.
დათოს ჩოგბურთი უფრო მოსწონდა. მერე სარეჟისორო დაამთავრა. ლექსებს წერს, თარგმნის. უფულო სპეციალობას მოჰკიდა ხელი... თამრიკოს პეტერბურგის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

ჩემი საღამო

დედა 2001 წელს გარდაიცვალა, ყველა ჩემს წარმატებას მოესწრო. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, გამეხარებინა. ჯერ კიდევ ქარხანაში მუშაობისას, ჩვენი ციცქნა, ერთოთახიანი ბინის ღია აივანი შემოვტიხრე, შუშაბანდი გაკეთდა, უხაროდა დედას... მთელი ხელფასი შინ მიმქონდა. ჩემი ძმებიც ასეთები იყვნენ. უმამოდ გავიზარდეთ, გამიმართლა, რომ ორი ძმა მყავდა მაგალითის მომცემი.
ისე აეწყო, მხატვრებთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე მოკრივეებთან... ეტყობა, მაშინაც მქონდა ერთგვარი ხედვა, რამაც მერე ხელში ფოტოაპარატი ამაღებინა...

პეტერბურგში ცხოვრებისას გამიჩნდა სურვილი ფოტოგრაფირებისა - შევიძინე აპარატი... დავდიოდი და ვიღებდი. გადაღება არავის უსწავლებია. მახსოვს, ქუჩაში ფოტოგრაფი დავინახე - დიდი აპარატი ჰქონდა, მივედი, რაღაც ვკითხე. მიპასუხა. რამდენიმე თვის მერე ეს კაცი ჩემს გამოფენაზე მოვიდა შემთხვევით. ღიმილით მკითხა, რაღაცებს რომ მეკითხებოდი, მაბრიყვებდიო?..

აბსტრაქტული სიუჟეტები მომწონს... მახსოვს, ერთ დღეს თოვლჭყაპი იყო, შემოდგომა ილეოდა. ყვითელი ბუჩქების გასწვრივ მივდიოდი, უცებ ერთი წითელი ფოთოლი შევნიშნე. ფირი მქონდა შავ-თეთრი. ფერადი ფირისთვის გავიქეცი ფოტომაღაზიაში, რომელიც ორი გაჩერების იქით იყო, თან გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რამე არ მოხდეს, ის ფოთოლი არ მოწყდეს, ან ვინმემ არ გადაუაროს-მეთქი... დავბრუნდი და გადავიღე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. მუდმივად ვფიქრობ ახალგაზრდა მოკრივეების მომავალზე, მაგრამ ფოტოების გადაღების გარეშე არ შემიძლია... ჩემპიონობაზე არასოდეს მიოცნებია, ეგ არის, თავდავიწყებით მიყვარდა კრივი და პატიოსნად ვვარჯიშობდი. ფოტოხელოვნებაშიც არ მაქვს მიზანი, რაღაცას მივაღწიო. ერთადერთი, მინდა ის სურათი გადავიღო, რომელიც ისედაც მაქვს თავში...
ირგვლივ უამრავი პრობლემაა... ავადმყოფის მოვლისთვის (ჩემი ოჯახის წევრი მეხუთე წელია რეანიმაციულ მდგომარეობაშია) საჭირო ფულის გამო ბინა დავაგირავე, რომელიც შეიძლება დავკარგო. ამის ფონზე ბევრი რამ ფერმკრთალდება...

ბუნებით კარჩაკეტილი ვარ. დედა მეტყოდა, რას დგახარ ფანჯარასთან, გაიარე ცოტაო... ამ დროს ჩემს ფიქრში ვიყავი ჩაძირული. ცუდი არ არის, როცა საკუთარ თავს ესაუბრები. ეს არ ნიშნავს, რომ აღარავინ გინდა... ეს ხელს ვერ შეგიშლის, რომ სამყაროს შენებურად ხედავდე.
badri gogia
22 მარტი 2014 19:20
ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი კუმირი ხართ ბატონო დავით. გაიხარეთ
ხათუნა
22 მარტი 2014 19:12
ბევრი თვლის,რომ საქართველოში კარგი ადამიანები თითქმის აღარ არსებობენ.ლელა ჯიყაშვილს დავით კვაჭაძის დარი კარგი ქართველები არ ელევა.ნურც გამოლეოდეს.
aleksandre
22 მარტი 2014 15:12
ქედს ვიხრი თქვენი ადამიანობის და ღრმა, მდიდარი სამყაროს წინაშე.კრივის რაინდი ხართ ბატონო დავით

რედაქტორის რჩევით