"სტელას" ქართველი კაპიტნის ცხედარი იპოვეს! - კვირის პალიტრა

"სტელას" ქართველი კაპიტნის ცხედარი იპოვეს!

"რატომ შეინახა საბერძნეთის მხარემ ჩემი ქმრის ცხედარი სამი-ოთხი თვე და რატომ გამოაჩინეს მაშინ, როცა თითქმის გახრწნილი იყო?"

"ვინ იცის, იქნებ ლევანი ცოცხალი იყო და იმ კუნძულზე, სადაც ბოლოს იპოვეს, უჭმელ-უსმელობით გარდაიცვალა?"

გასული წლის მიწურულს რედაქციას დაუკავშირდა ლევან თებიძის მეუღლე, რომელიც ჩვენი გაზეთის საშუალებით ხელისუფლებას სატვირთო გემ "სტელას" კაპიტნის ცხედრის მოძიებას სთხოვდა. გემი თურქეთის პორტ ალიაგიდან 2013 წლის 3 ნოემბერს გავიდა და ეგეოსის ზღვაში, კარპატოსის კუნძულთან ჩაიძირა. "გთხოვთ, მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე!" - გვემუდარებოდა ირინა ტარიელაშვილი. სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური ჩაერთო, ძებნა 72 საათს გაგრძელდა, მაგრამ კაპიტნის პოვნა ვერ მოხერხდა, ეკიპაჟის 5 ქართველი წევრი კი გადარჩა. ლევან თებიძის ცხედარი გასულ კვირას ბათუმში ჩამოასვენეს და პატივით დაკრძალეს. "კვირის პალიტრა" ლევან თებიძის მეუღლეს, ირინა ტარიელაშვილს ესაუბრა:

- უკანასკნელი სამი-ოთხი თვე გაურკვევლობით ვიტანჯებოდი, კოშმარები მახრჩობდა. თუმცა იმედს არ ვკარგავდი, საყვარელი ადამიანის სიკვდილს იოლად არ იჯერებ, ხავსს ებღაუჭები... მართალია, ჩემი სულიერი ტკივილი ისევ გაუსაძლისია, მაგრამ უფალს მაინც მადლობას ვწირავ, რადგან ლევან თებიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღარ ითვლება და მისი ცხედარი ვიპოვეთ.

- როდის გაიგეთ, რომ ცხედარი იპოვეს?

- ორი კვირის წინ საბერძნეთის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მთავრობას აცნობეს, რომ ცხედარი იპოვეს და ვარაუდობდნენ, რომ ეს Kლევანი იყო. ცხედრის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით უნდა მომხდარიყო. 30 ნოემბერს მაშველებს კარპატოსთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა კუნძულზე უპოვიათ ცხედარი. გემმა კატასტროფა 3 ნოემბერს განიცადა. უცნაურია, რატომ არ შეატყობინეს ეს მაშინვე საბერძნეთში საქართველოს ელჩს?

ჩემი მეუღლის მოსაძებნად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 200 ათასი ლარი გამოყო და 2013 წლის დეკემბერში კატასტროფის ადგილას დაიწყეს ლევანის ძებნა, რაც უშედეგოდ დასრულდა. ამ დროს კი ცხედარი თურმე პროზექტურაში ესვენა და საბერძნეთში საქართველოს ელჩს არაფერს ეუბნებოდნენ(?!). რატომ შეინახეს ჩემი ქმრის ცხედარი სამი-ოთხი თვე და რატომ გამოაჩინეს მაშინ, როცა თითქმის გახრწნილი იყო? გულს ეჭვი მიღრღნის, რომ თავის დროზე კარგად არ ეძებეს კაპიტანი. გემის ჩაძირვის ადგილთან უამრავი კუნძულია, რომელთა დათვალიერებას ვითხოვდი. ვინ იცის, იქნებ ლევანი ცოცხალი იყო და იმ კუნძულზე, სადაც ბოლოს იპოვეს, უჭმელ-უსმელობით გარდაიცვალა? იმის გამო, რომ ცხედარი პოვნიდან სამი თვის შემდეგ გამოგვიგზავნეს, ის გახრწნილია და ექსპერტიზა ვერ ადგენს გარდაცვალების მიზეზს. ანალიზის პასუხს მაინც ველოდებით. გემთმფლობელმა არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. ის ერთხელაც არ დაუკავშირდა დაღუპული კაპიტნის ოჯახს. ვაპირებთ, მას ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოვთხოვოთ. ის ვალდებული იყო, თავისი ხარჯით გაეგრძელებინა სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთის სამაშველო სამსახურმა დაასრულა. ამ ბრძოლაში საქართველოს სახელმწიფოს დახმარება ისევ გვჭირდება, მას შეუძლია იყოს შუამავალი ამ დავაში.

რატომ დამალეს ცხედარი 3-4 თვე? უამრავი კითხვა ჩნდება. იმედია ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები ბერძნულ მხარესთან ერთად ყველა ამ კითხვას უპასუხებენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართე წერილით და ვთხოვე, ჩემი მეუღლის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. ამასთან, მადლობაც გადავუხადე ყურადღებისა და დახმარებისთვის ჩემი მეუღლის ძებნისა და გადმოსვენების საქმეში. ყველაფრის ხარჯი სახელმწიფომ გაიღო. ლევანი 6 მარტს პატივით დაიკრძალა. საზღვაო აკადემიის სტუდენტები საპატიო ყარაულში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, საზღვაო გემებმა კი დაკრძალვის დროს საყვირები ჩართეს, რომელთა ხმა მთელ ქალაქს სწვდებოდა. აბა, რა გითხრათ, ახლა ჩემი მეუღლის საფლავი მაინც მაქვს და ეს ცოტა სიმშვიდეს მანიჭებს.