ტიციან ტაბიძე: "ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალებში შეხედვის არასოდეს შეგრცხვებათ" - კვირის პალიტრა

ტიციან ტაბიძე: "ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალებში შეხედვის არასოდეს შეგრცხვებათ"

თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ძველ უბანში, დიდი პოეტის, ტიციან ტაბიძის სახლია, სიტყვები, რომელიც 1937-ში გამომშვიდობებისას მან ატირებულ ცოლ-შვილს უთხრა, ყველას როდი შეეძლო ეთქვა, -  "იცოდეთ ერთი რამ: ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალებში შეხედვის არასოდეს შეგრცხვებათ". ამ სახლში ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობდა ტიციანის ერთადერთი ქალიშვილი ნიტა (ტანიტი). ბედად დაჰყვა: მისთვის პოეზიის რაინდებს მიეძღვნათ ლექსები - ისინი მამამისის მეგობრები იყვნენ. ნიტას დაბადების ცნობაში სიტყვა-სიტყვით წერია: "ტანიტ ტაბიძე, დაბადების თარიღი 1921 წელი, 16 იანვარი. დაბადების ადგილი თბილისი. მამა ტიციან ტაბიძე - 28 წლის, დედა ნინო მაყაშვილი - 25 წლის. მოწმეები: პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კოტე მარჯანიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე..." ბუმბერაზი სახელებია, არა? ასეთი ბედი ყველას როდი აქვს! შეიძლება ახლა იმიტომაც არქმევენ გოგონებს ნიტას. ახლა ამ სახლის კარს ნიტას ვაჟი, ტიციანის შვილიშვილი, კარდიოლოგი გივი ანდრიაძე აღებს, - მართალია, პოეტის გენმა ვერ იმძლავრა, მაგრამ მის სულში სიმამაცე მუდამ ფხიზლობდა. ის ერთადერთი ქართველი მოფარიკავე იყო, რომელიც 60-იან წლებში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

- ბატონო გივი, როგორ აჯობეთ ყველა მოფარიკავეს რუსების თვალწინ?

- მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. სამჯერ გავედი მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში, ეგვიპტესა და ბელგიაში. 1963 წელს ბელგიაში მაინც მივაღწიე ჩემსას - მსოფლიო ჩემპიონი გავხდი!

- ხელისგულზე ნატარები პოეტის ერთადერთი ქალიშვილი ისეთი უბრალო იყო, თითქოს არც კი ახსოვდა, რომ პოეტები ღვთაებრივ ლექსებს უძღვნიდნენ: "არ დაიჯერო, არ დაიჯერო,/რომ ჩვენ შეგვეძლოს ლექსის ჭენება,/ჩვენ კუბოს მაშინ გამოგვიცვლიან,/თუ მოხდა ჩვენი გადასვენება./მაგრამ ერთსა გთხოვ, რომ დაიჯერო,/რომ ჩვენ ვიყავით ლექსის მძევალი,/რომ პოეზიას არა ჰყოლია/გაცოფებული ჩვენზე მწევარი..."

- უბრალოება ცუდია? დედა სიყვარულით და სითბოთი იმიტომაც იყო სავსე, რომ ბავშვობაში აღმერთებდნენ. მერე წავიდა მისი საქმე ცუდად. 16 წლის იყო, როცა მამა დაუხვრიტეს...

- ტიციანმა უდიდესი სულიერი საუნჯე დაგვიტოვა. ულამაზესი პოეზია: "შენ აქ რა გინდა,/მაგრამ ყოველთვის მომაგონდები ამ ანანურთან,/შავი არაგვი თეთრ არაგს ერთვის,/ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა..." ნუთუ თქვენს შთამომავლობას არ გამოჰყოლია პოეტის ნიჭი?

- სამწუხაროდ, არა... ბაბუამ საგზლად სიყვარული დაგვიტოვა. დედაჩემმაც... ის მამის დიდი ოჯახის ტრადიციას აგრძელებდა, მასთან მუდამ უამრავი ხალხი ტრიალებდა. ერთხელ ერთი პატარა გოგონა ჩამოვიდა რუსეთიდან - ნატაშა სოკოლოვსკაია, ბაბუას მეგობრის, დიდი რუსი პოეტის ბორის პასტერნაკის ოჯახის რეკომენდაციით - თბილისში ნიტასთან მიდი, არაფერს გაგიჭირვებსო. რამდენიმე დღით ჩამოსული, 4 წელიწადი დაიტოვა დედამ... მერე ნატაშა საუცხოო მთარგმნელი და ლიტერატორი გახდა. ამას წინათ ნატაშამ, ირინა კანდინსკაიამ, ბორის პასტერნაკის მუზეუმის დირექტორმა ირინა ელისანოვამ და დედაჩემის სხვა მეგობრებმა დამირეკეს - თბილისში ვაპირებთ ჩამოსვლას, დედაშენის ხსოვნის პატივსაცემად კონცერტი უნდა გავმართოთო. ძალიან გამიხარდა. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს ვთხოვე დახმარება. გაუხარდა, - დარბაზს როგორ არ დაგითმობთო. ირინას მისი ქალიშვილი, ასევე მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ანა ჩამოჰყვა. უმშვენიერესი კონცერტი შედგა.

- ბევრი ხალხი მოვიდა? ჩვენი დრო ხომ თითქოს სიყვარულისა და ხსოვნისაგან დაიცალა...

- უამრავი ხალხი მოვიდა. სანამ ადამიანი არსებობს, მასში სიყვარულს რა გამოფიტავს, - მოსკოვში სწავლისას 10 წელიწადი ვიცხოვრე ბორის პასტერნაკის ოჯახში. ამას რა დამავიწყებს. არც მათ დავიწყებიათ. 1959 წელს ბორისი ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. იმ დროს "ექიმი ჟივაგო" უკვე გამოცემული ჰქონდა საზღვარგარეთ და დიდი აურზაური იყო ატეხილი. ხრუშჩოვის მთავრობა არ სწყალობდა. სხვა მწერლებს ხელისუფლების ეშინოდათ და პასტერნაკის ოჯახს ახლოს ვერ ეკარებოდნენ. ბორის პასტერნაკი ავად რომ იყო, ბებიაჩემი გვერდიდან არ მოშორებია, მის ხელში დალია სული, - დაასრულა ბატონმა გივიმ და გამომეშვიდობა... იმის სათქმელად იყო მოსული, რომ სიყვარული არასოდეს ქრება, - პირიქით, ისეთი გრძნობაა, რასაც მეტს გასცემ, უფრო და უფრო მრავლდება...