ნანუკა ჟორჟოლიანი: "ძნელია ბრალდებულის ოჯახის წევრობა" - კვირის პალიტრა

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ძნელია ბრალდებულის ოჯახის წევრობა"

"კაცი წელიწად-ნახევარია წასულია და როგორ ვთქვა, რომ კარგად ვარ"

გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს კოდუასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება მისი ძებნა.

მეუღლისთვის ბრალის წარდგენას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა და ერეკლე კოდუას საქმეზე მოწმის ჩვენებიდან ამონარიდი გამოაქვეყნა:

"ფილარმონიის მიმდებარედ მივდიოდი, რა დროსაც ორმა მამაკაცმა შემაჩერა, ამიხსნეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ნარკოლოგიურში უნდა გადავეყვანე, ვინაიდან მე მქონდა მოხმარებული მცირეოდენი მარიხუანა, შევშინდი და ვთხოვე, არ წავეყვანე მათ პოლიციაში, რადგან დამიდგინდებოდა ნარკოტიკების მოხმარება. ერთ-ერთი იყო ჯმუხი მამაკაცი, 30-35 წლის. მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ნარკოლოგიურში არ გადამიყვანა, მაგრამ მითხრა, რომ ჩემზე გააფორმებდნენ ორ ჯიპს. ვინაიდან მე მათთან ვალში ვიყავი და თან მეგონა, უკანონოს არაფერს ჩავდიოდი, ეს ჯიპები ჩემზე გადმოვიფორმე".

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას ბრალი ავტომობილების თაღლითურად მითვისებაში დასდეს. "კვირის პალიტრა" ტელეწამყვანს ესაუბრა:

"ჩემი ემოციური მდგომარეობა, ალბათ, ხვდებით, როგორიც იქნება, თუმცა ამას ველოდი. ვინმე არ ელოდა, რომ ირაკლი კოდუას ბრალს წაუყენებდნენ? ვეცნობი საქმის მასალებს, საინტერესოც კია, ძველ პროფესიას დავუბრუნდი. მთელი დღე "ნანუკას შოუს" ვაკეთებ, საღამოს კი რეპორტიორობას ვიწყებ. საქმეში ისეთ საინტერესო რაღაცებს ვკითხულობ, კარგ ხასიათზე ვდგები. იუმორის ხასიათზე მაყენებს ზოგიერთი ჩვენება.

- "ფეისბუკზე" წერდით, რომ საბა, თქვენი შვილი, დიდი კაცივით დაგიდგათ გვერდით, არ გაგიჭირდათ მასთან ამ საკითხზე საუბარი?

- არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ამ თემით ვსპეკულირებ, იმიტომ, რომ შვილი ყველა ბრალდებულს ჰყავს... საბას ვუთხარი, მამიკოს მეგობრები არიან, ირაკლისთვის გადასაცემი წერილი მოიტანეს-მეთქი. პროკურორებს ისედაც კარგად გამოსდით ლეგენდების შეთხზვა და საბასთანაც კარგად გამოუვიდათ. ჰკითხეს, რა უნდა გამოხვიდეო, უნდოდათ ბავშვისთვის ემოციური ფონი შეემსუბუქებინათ და ამ დროს უპასუხა, პოლიციელი, ოღონდ ამერიკაშიო. რატომ ამერიკაშიო, რომ დაინტერესდნენ, მისი პასუხი ასეთი იყო: იმიტომ, რომ ამერიკაში პოლიციელებს დიდი "ჯიპები" ჰყავთო. საქმე რომ წავიკითხე, მივხვდი, საბამ ჩვეულებრივი ჩვენება მისცა, რომ საგვარეულოს აქვს მანქანების სიყვარული. ირაკლის ხშირად ვეხუმრებოდი, მანქანების სიყვარული დაგღუპავს-მეთქი. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად თუ მივუდგებით, ნურავინ მთხოვს იმის დაჯერებას, რასაც მასზე ამბობენ. ნურც იმას მთხოვენ, ობიექტური ვიყო. მე ცოლი ვარ და ეს კაცი მიყვარს. რომც არ მიყვარდეს, ზოგიერთი რამ მითია.

კაცი წელიწად-ნახევარია წასულია და როგორ ვთქვა, რომ კარგად ვარ, მაგრამ მე ირაკლი კოდუას ცოლის გარდა, სხვა სტატუსიც მაქვს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პროკურორს ვეკითხები, ვიცი, თქვენ სხვა საჩივრებიც გაქვთ-მეთქი. კი, მაგრამ ეს ყველაზე გამყარებული საქმეაო... ირაკლისთვის ბრალის წარდგენით ბევრი ადამიანისთვის სამართლიანობა აღდგა. ვიცი, რომ მეორე მხარეს მდგომი ადამიანები კმაყოფილი არიან ამ ფაქტით და მესმის მათი. მეც კმაყოფილი ვიქნები, პოლიციის ის უფროსი რომ დაიჭირონ, რომელმაც ჩემი ძმა დააკავა. ეს ადამიანური მხარეა, მაგრამ მეორეა სამართლებრივი მხარე. არასდროს გამოვმხტარვარ და არ მითქვამს, ჩემი ძმა უკანონოდ არის დაკავებული და მარიხუანა არ ჰქონია-მეთქი. ძნელია ბრალდებულის ოჯახის წევრობა, მაგრამ უნდა გვეყოს იმის ძალა, რომ ეს ვაღიაროთ... ჩემი წილი ირაკლი კოდუა ძალიან რომანტიკული და გულჩვილია. როდესაც სოდ-ის უფროსი იყო, მისთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველა და ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვერაფერი ცვლის და დროსთან ერთად უფრო მყარდება - ეს არის სიმართლე. დრო ადამიანებს, თანამდებობებს ცვლის, მაგრამ სიმართლეს არა. ვიცი, რომ ეს დრო ჩემს სასარგებლოდ გავა და ბევრი რამ გაირკვევა.

- თქვენი მეუღლე აპირებს საქართველოში დაბრუნებას?

- მითხრა, მოწმის სტატუსით რომ დავებარებინე, ჩამოვიდოდი, მაგრამ როდესაც ბრალდებულის სტატუსით იბარებენ, რომ ჩასვან... რომ ჩამოვიდეს, რა, სიმართლეს დაამტკიცებს? ჩამოვიდა, ჩაჯდა და რა? გალიიდან გაარკვიოს სიმართლე? გაცილებით მარტივი დასამტკიცებელია სიმართლე ევროპის იმ ქვეყნიდან, სადაც პოლიტიკურ სტატუსს იღებ. ირაკლი პოლიტიკური დევნილის სტატუსს იღებს და მალე ეს ყველასთვის ცნობილი გახდება. მისთვის იქიდან გაცილებით მარტივი იქნება თუნდაც სტრასბურგში საქმის გასაჩივრება.

ქეთი საგინაშვილი