"სიკვდილის იარაღისგან შევქმენი ჯვარი"
24-03-2014
"სიკვდილის იარაღისგან შევქმენი ჯვარი"
"მათ საოცარი შინაგანი სამყარო აქვთ"

"სოხუმში დაბომბვაში მოვყევი და გადავრჩი... იქიდან ყუმბარის ნამსხვრევები წამოვიღე და ჯვარი გავაკეთე"


თბილისელი კოტე შენგელია აფხაზეთის ომის მონაწილეა. ომიდან ფიზიკურ და სულიერ ტკივილთან ერთად თვალწინ აფეთქებული ყუმბარის ნამსხვრევებიც ჩამოიტანა. ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ, 2012 წელს, მათგან ჯვარი გააკეთა.

"სოხუმის ცენტრში დაბომბვაში მოვხვდი და იქიდან  ნამსხვრევები წამოვიღე, იქნებ იმიტომ, რომ მათ გადავურჩი... ჯვარი გავაკეთე, ვაკეში, წმინდა სამების ეკლესიაში მივიტანე და მოძღვარს ვთხოვე, მიკურთხე-მეთქი. მიკურთხა და
სიკვდილის იარაღი რწმენის, სიყვარულის, სიმშვიდის სიმბოლოდ გადაიქცა", - გვითხრა კოტემ გამოფენაზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამართა ფსიქიკური ჯანმრთელობისა
და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა.

კოტე ამ ცენტრის პაციენტია. დარბაზში არა მხოლოდ ბენეფიციარების, ცენტრის თანამშრომლების ნამუშევრებიც იყო გამოფენილი იმის ნიშნად, რომ აქ ყველა: ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება, და ისინიც, ვინც მათ ეხმარება, ერთი საზოგადოების წევრები არიან.

გამოფენაზე ვნახეთ ორი ცნობილი ხელოვანის, დავით კრაწაშვილისა და გელა ჯინჭარაძის ნამუშევრებიც. თავის დროზე ამ ადამიანებმა არტთერაპია სარეაბილიტაციოდ გამოიყენეს და საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებად აქციეს. დარბაზში რამდენიმე ჯგუფის ნამუშევრებია გამოფენილი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების, რომლებიც მკურნალობენ; ადამიანების, რომლებიც აღრიცხვაზე არიან და რეაბილიტაციის პროცესში იწყებენ არტთერაპიის კურსს და წამალდამოკიდებულ პირთა ნამუშევრები.


ნინო ბურჭულაძე, გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი:
"როდესაც ცენტრის არტთერაპიის კაბინეტში ნახატები დავათვალიერე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს სხვებსაც უნდა ენახათ. ამ პაციენტებს საოცარი შინაგანი სამყარო აქვთ.

ასეთი გამოფენის მოწყობა სურდა ცნობილ ნარკოლოგს, აწ განსვენებულ პროფესორ აკაკი გამყრელიძესაც, ამიტომაც მეტად მოვინდომეთ და საზოგადოებას დავანახეთ, რომ ამ ცენტრის პაციენტები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან".

ლალი წულეისკირი, ფსიქოსარეაბილიტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი:
"ას წელზე მეტია, არტთერაპია ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება. წამლები პაციენტს უარყოფითი ემოციების დათრგუნვაში ეხმარება, მაგრამ ვერ სძენს კომუნიკაციის, პრობლემის გააზრების, საზოგადოებაში ადაპტირების უნარს. არტთერაპია კი მათ სწორედ ამაში ეხმარება".  
ნათია ფანჯიკიძე, წამალდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" ხელმძღვანელი: "ასეთი გამოფენები ტრადიციად უნდა იქცეს, რადგან სწორედ ამის შედეგად მყარდება ურთიერთობა პაციენტსა და საზოგადოებას შორის, ეს კი ხელს უწყობს უხერხულობის (სტიგმის) მოხსნას. ეს არის პაციენტთა დასურათებული ფიქრები, ჩვენ შეგვიძლია, მათ მივადევნოთ თვალი".  
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით