"რა იყო ისეთი უხსენებელი "გამარჯვების მემორიალში?" - კვირის პალიტრა

"რა იყო ისეთი უხსენებელი "გამარჯვების მემორიალში?"

"უკან დახევა პოლიტიკურად მიღებული ხერხია, აღიარება - კაცობისა და ვაჟკაცობის ნიშანი"

"არც ბაგრატის ტაძარი დანგრეულა თავისით"

"გამარჯვების მემორიალის" აფეთქების შემდეგ ნამსხვრევებითა და მტვრით ავარდნილი, თვალთახედვის დამბინდველი ღრუბელი გაიფანტა.

ხელოვნების კრიტიკოსები დუმან. პოლიტიკოსები პოლიტიკური გლოვა-ზეიმის ჭრილში გვაჩვენებენ, რა მიაჩნიათ ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშად, რა - სოცრეალიზმის დანატოვარ სიმახინჯედ. საზოგადოება მომხდარს სხვადასხვა- ნაირად აღიქვამს.

KvirisPalitra.Geცნობილმა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა მოსწრებულად უპასუხა დროს: ბარემ ბორბლები გაუკეთონ თავიდანვე ყველა ძეგლს და მერე აგორიალონო.

ბატონ რეზოს აქვს უპასუხო კითხვა, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა რედაქციაში: რატომ ავაფეთქეთ ქუთაისში 1982 წელს სახალხო ზეიმით გახსნილი მემორიალი?!

- ამ მემორიალს დიდების მემორიალი კი არა, "გამარჯვების მემორიალი" ჰქვია. მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედების ამსახველი ალბომი 1988 წელს გამოიცა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება იყო და იქ არსადაა ნახსენები, რომ ეს მემორიალი ფაშიზმზე გამარჯვებას ეძღვნებოდა. ყველაზე დიდი ადგილი მემორიალზე საუბარს აქვს დათმობილი, ნათქვამია, რომ ის სიკეთის ბოროტებაზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა. ზედა ნაწილში გამოსახული იყო ვაზითა და ბავშვებით გარშემორტყმული მოხუცი ფიალით ხელში, ჭაბუკი და მოხუცი სიმბოლურად განასახიერებენ ადამიანის არსებობის ცხოველმყოფელ წყაროებს - მხნეობასა და სიცოცხლეს...

მახსოვს, რა დიდი ამბით გაიხსნა მემორიალი. ადგილი სპეციალურად შეარჩიეს, ნათელ დღეებში იქიდან დაბალი კავკასიონიც მოჩანს. იმის თქმა, რომ პარლამენტის ასაშენებლად ადგილი სჭირდებათ, აბსურდია, უკან იმხელა სივრცე იყო, ორი სტადიონი აშენდებოდა. თავის დროზე, აქ რუსების აეროდრომი იყო. ამბობენ, მემორიალი სპეციალურად ღერძულა ასაფრენ ხაზზე დადგეს, რომ მათ ხელი შეშლოდათ. ვერაფრით გავარკვიე, რატომ ააფეთქეს, რატომ მოსპეს მემორიალი?! რატომ, ამიხსენით! რას ერჩოდნენ, ხელოვნების ძეგლი იყო... ნარკომანები მოდიოდნენ და ამ მემორიალთან იკეთებდნენ ნარკოტიკებსო! რა სისულელეა, ნარკომანი ახლა ამ მემორიალთან დაიწყებდა სირბილს წამლის გასაკეთებლად? მანამ არ ეტკინოთ არაფერი!

- იქნებ აფეთქების მერე მაინც  ვინმემ გააპროტესტა მომხდარი? იქნებ კულტურის განყოფილებაში დაიწერა საპროტესტო წერილი...

- ამაზე ნუ მალაპარაკებთ... აბსოლუტურად არაფერი თქმულა და მხოლოდ გულგრილობის გამო. ქალაქმა ვერ მოუარა მემორიალს, უკან დიდი მინდორი ძროხების საბალახოდ იყო გადაქცეული, არც გზა იყო ნორმალური წინ და არც არაფერი!

- ქუთაისში რა მდგომარეობაშია ძეგლები, რას დგამენ, რას იღებენ?

- სტალინის ძეგლის აღება არავის უფიქრია. კაცი, რომელმაც გენოციდი მოუწყო ერს, დღეს სკვერში დგას (2000 წელს გადმოიტანეს ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიიდან. - ლ.ჯ).

KvirisPalitra.Geოკუპირებულ ნორვეგიას მეორე მსოფლიო ომში 20 ათასი კაცი ჰყავს დაკარგული და ჩვენ - 200 თუ 300 ათასი. სტალინმა ქართველები აშკარა სიკვდილზე გაგზავნა, მაგალითად, ქერჩში. ამის შემდეგ იმ ოჯახების გასახლება დაიწყო, რომლის წევრებიც ტყვეობაში მოხვდნენ. მსგავსი რამ არც ერთ რესპუბლიკაში არ ყოფილა.

გორში რა ხდება, არ იცით? მთელი გორი გამოდის, სტალინის ძეგლი არ აიღოთო. ერთი გორელებს მინდა ვუთხრა: ჩარკვიანებისაგან ვიცი ეს ამბავი. ერთ დღეს ლიკანში მიდიოდა სტალინი, თან კანდიდ ჩარკვიანი ახლდა. გადაუწყვეტიათ, ჯერ გორში შევიყვანოთ ბელადიო. რომ გაიხედა და დაინახა ნაცნობი ადგილები, ერთი ამბავი ქნა - გორში რა მინდაო, ეზიზღებოდა გორი, მწარე ბავშვობა ახსენდებოდა. ამათ ჰგონიათ რაღაც, თორემ... უდგათ ძეგლი და იცავენ!

აჩვენებდნენ რუსები აგვისტოს ომის შემდეგ ამ ძეგლის კადრებს, ვითომდა სტალინელები არიან ქართველებიო... იმათ თავიანთ სიფილისით გარდაცვლილ ლენინს მოუარონ! პირველი ტერორისტი უწევთ მავზოლეუმში.

- საინტერესოა, ქუთაისელ ახალგაზრდებს არ გაუპროტესტებიათ სტალინის ძეგლის XXI საუკუნეში აღმართვა?

- სრული ინფანტილიზმია ქალაქში. რომ გაიძახიან, ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქიაო, სრული ცინიზმია, პარლამენტიც ზღაპარია!

იგივე ხდება, რაც ადრე: თავის დროზე, ქუთაისში საკრებულო ტაძარი დაანგრიეს და ლენინის ძეგლი დადგეს. დაანგრიეს მთავარანგელოზის ეკლესია და სასაფლაო და  რაიკომის შენობა ააშენეს. ახლა რომ რეკონსტრუქცია გაკეთდა და ხეები დაჭრეს, თავის გასამართლებლად თქვეს, ძველი ფოტოები ვნახეთ და იქ ხეები არ არისო, იმ დროს არც თქვენი შენობა იდგა-მეთქი, ვუთხარი.

ბაგრატის ტაძარი თავისთავად დაინგრაო, არც ის დანგრეულა თავისთავად. ქართველებმა დაანგრიეს, ხომ არ გგონიათ, მარტო შემოსეულმა მტერმა ხელყო. შინაომებმა, ახალციხიდან წამოსულმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმაც შეიტანეს წვლილი...

ვფიქრობ ამ ნგრევაზე და თავისთავად მიჩნდება კითხვა: რატომ? რატომ ვაგრძელებთ ისევ ნგრევას? რა იყო ისეთი უხსენებელი თანამედროვე მთავრობისათვის "გამარჯვების მემორიალში"?

ბათუმში საახალწლოდ დამპატიჟეს, არ წავედი, არ ვიყავი ცეკვა-თამაშის ხასიათზე. დასასრულ ვიტყვი: უკან დახევა პოლიტიკურად მიღებული ხერხია, აღიარება - კაცობისა და ვაჟკაცობის ნიშანი. უნდა აღდგეს სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო.