ენტონი ბერჯესის "ბოროტების ანატომია"
24-03-2014
ენტონი ბერჯესის "ბოროტების ანატომია"
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პარიზში უცნაურ გამოფენაზე მოვხვდი: როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ მხატვრებს "არატრადიციული" მასალებისაგან ხელოვნების ნიმუშები შეექმნათ: ფერადი ბუმბულით აღმოცენებული ტყით დაწყებული და ქანჩ-ჭანჭიკებით "აწყობილი" შექსპირის ნაწარმოებთა ილუსტრაციებით დასრულებული. მერე და მერე მხატვრობის ეს "ჟანრი" ჩვენშიც შემოვიდა, მაგრამ იქ ნანახი მაინც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის: ან იმიტომ, რომ პირველი იყო, ან იმიტომ, რომ (ალბათ, ასეც არის) მართლაც მაღალი დონისა გახლდათ.

მკითხველს იქნებ გაუკვირდეს კიდეც, რომ ენტონი ბერჯესის წიგნის
წინასიტყვაობას ამ არცთუ მნიშვნელოვანი ამბით ვიწყებ, მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ: ბევრ თქვენგანს წაკითხული ექნება "მექანიკური ფორთოხალი" და მისი კუბრიკისეული ეკრანიზაცია კი, ალბათ, კიდევ უფრო მეტს უნახავს, მაგრამ ამ წიგნში შესული მეორე ტექსტი - "99 რომანი", დარწმუნებული ვარ, უმეტესობისთვის სასიამოვნო აღმოჩენად იქცევა. რაც შეეხება ასოციაციას იმ ორიგინალურ
პარიზულ გამოფენასთან: მხოლოდ  ბერჯესის დონის მწერალი თუ მოახერხებდა, რომ "უცნაური მასალა" - სხვათა რომანების შესახებ ერთ-ორგვერდიანი ანოტაციები  დამოუკიდებელ, ბრწყინვალე ნაწარმოებად გადაექცია.

ბერჯესი მოგვითხრობს 1939-დან 1984 წლამდე შექმნილ 99 ინგლისურენოვან რომანზე. 1939 მეორე მსოფლიო ომის დაწყების წელია, ხოლო 1984 - ორუელის ამავე სახელწოდების ცნობილი რომანის, "წინასწარმეტყველების" ვერახდენის წელი: კარგა ხანია უკან მოვიტოვეთ 1984 და არც მოთვალთვალე ტელევიზორები გვიდგას და არც ჭეშმარიტების სამინისტროს ვერტმფრენები დაგვტრიალებენ თავს, ამიტომ სწორედ ეს 45-წლიანი პერიოდი მიიჩნია ბერჯესმა მნიშვნელოვნად, "იმიტომ, რომ უფრო პოეტურია, ათვლას შევუდგეთ ომამდელი პერიოდიდან და დავასრულოთ კოშმარის არასრულებამდე", - ასე, სიმართლენარევი ირონიით მიმართავს ავტორი მკითხველს.

დასაწყისში იმ გამოფენის გახსენებისას არაპროფესიონალი მხატვრები ვახსენე. თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტი პარალელია, მაგრამ ენტონი ბერჯესიც, შესაძლოა, "არაპროფესიონალად", უფრო სწორად, "გვიან გაპროფესიონალებულად" ჩავთვალოთ, რადგან თავიდან კომპოზიტორობას აპირებდა და იყო კიდეც: სიმფონიაც შექმნა და ოპერაც კი, ხოლო პირველი რომანი (AVision Of Battlement) დაწერიდან 16 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც - ბევრი მიიჩნევს, რომ ბერჯესი "შემთხვევით" გახდა მწერალი: ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომელსაც იგი ბენბარის სკოლაში ატარებდა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა თავის ტვინის კიბო დაუდგინეს და  ერთი წლის სიცოცხლის გარანტია მისცეს. ბერჯესს შეეშინდა, რომ უსახსროდ დატოვებდა ცოლს და წარმოუდგენელი სიხშირით დაიწყო რომანების წერა და გამოქვეყნება (1960 წელი იყო. მანამდე 4 წლის განმავლობაში "მხოლოდ" 4 რომანი ჰქონდა გამოქვეყნებული): 1966 წლამდე, ყოველ წელს, სამიდან ექვს რომანამდე წერდა. ექიმების  დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდა და ძალიანაც კარგი, რადგან სწორედ იმ "შიშის პერიოდში" დაიწერა "მექანიკური ფორთოხალიც" - ბერჯესის პროზის საუკეთესო ნიმუში (ან ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან ბევრი კრიტიკოსი საუკეთესოდ 1980 წელს გამოქვეყნებულ "დედამიწის ძალებს" მიიჩნევს).

ამბობენ, რომ "მექანიკური ფორთოხალიც" ცოლთან იყო დაკავშირებული და მის ტრაგედიას მიუძღვნა მწერალმა. ასეთ ამბავს ჰყვებიან: ბერჯესი 1942 წელს დაქორწინდა, მაშინ სახმელეთო ჯარებში მსახურობდა. 1945 წელს მის ფეხმძიმე ცოლს ქუჩაში ოთხმა დეზერტირმა სცემა. ქალს მუცელი წაუხდა. ამის შემდეგ სმა დაიწყო და ექიმების მიერ "ჩამოწერილ" ქმარზე ადრე, ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. "მექანიკური ფორთოხლის" მთავარი ნაძირალა ალექსი და მისი ძმაკაცები, ალბათ, სწორედ იმ დეზერტირების ოთხეულის "ახალგაზრდული ვარიანტია".

მაინც რატომ არის ეს რომანი ასეთი გამორჩეული? ერთი "პროფესიონალი მკითხველი" ნაწარმოების განხილვისას წერდა: "სანამ ამ წიგნს ვკითხულობდი, დაუძლეველი სურვილი მკლავდა, ავმდგარიყავი, შხაპი მიმეღო და ჩამომერეცხა ყველა ის სიბინძურე, რაშიც ამ რომანის ფურცლებიდან თავით ფეხებამდე ეხვევი. მაინც ვერ მოვწყდი... ჩავიკითხე უკანასკნელი გვერდი და მაშინვე ვაღიარე: შედევრია!"

ალექსი და მისი ამფსონები ცივსისხლიანი მკვლელები არიან, რომლებიც სიამოვნების გამო აწამებენ და კლავენ. ასეთი ბიოლოგიური არსება მხოლოდ ადამიანია და მთავარი კითხვაც, რომელიც გიჩნდება, არის: რატომ?! გადახრაა? იქნებ გარემოებათა ბრალია? თუ განგებამ მილიარდობით ვარიანტიდან შემთხვევითი ლატარიის პრინციპით ერთად შეყარა ეს ახალგაზრდები? - და ეს კითხვები ყოველი სტრიქონის შემდეგ უფრო მძაფრდება, რადგან სიტყვის დიდოსტატი ბერჯესი შთამბეჭდავად აღწერს საშინელებას.

ვისაც ამ რომანის პირველი ქართული გამოცემა უნახავს, იქნებ გაუკვირდეს კიდეც: აქ დამატებულია ბოლო ნაწილი, სადაც სამედიცინო ექსპერიმენტის შედეგად ტვინგამორეცხილი და ბოროტებაზე "აცრილი" ალექსი მთლიანად გამოსწორდა: კანონმორჩილი, ცოლსა და ვაჟიშვილზე მეოცნებე წესიერი კაცი გახდა.

ცხადია, საინტერესოა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს ფინალი მაინც საზოგადოებრივი აზრის გავლენითა თუ სხვა მიზეზებით, ავტორის მიერ არცთუ ბუნებრივად მიმატებული მგონია. მით უმეტეს, რომ ეს ე. წ. "ინგლისური ვარიანტია", ამერიკულ გამოცემაში კი ალექსი კვლავ უბრუნდება ბოროტმოქმედებას - მისთვის ბუნებრივ გარემოს.

ბოროტება საშინელი ძალაა - ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რომანისა და შემდეგ კუბრიკის ფილმმა, რომელიც მალევე იქცა საკულტოდ. ახალგაზრდებმა კი, საუბედუროდ, ალექსის მიბაძვა დაიწყეს და ამ ყველაფერმა ისეთი საშიში სახე მიიღო, რომ კუბრიკმა თვითონვე მოახსნევინა ფილმი კინოგაქირავებიდან! ამიტომ, წაიკითხეთ ეს მართლაც უცნაურად გენიალური რომანი, ფინალი მხოლოდ "ცნობად მიიღეთ", ხოლო დანარჩენი ამბიდან თავად გადაწყვიტეთ, - საიდან იწყება ბოროტება, სად არის მისი სათავე, რა არის მისი მიზეზი და არსი და რაც მთავარია, რით შეიძლება მისი დამარცხება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები