დავით ნარმანია მინისტრებს "ტვინის განიავების კვირეულით" "ემუქრება" - კვირის პალიტრა

დავით ნარმანია მინისტრებს "ტვინის განიავების კვირეულით" "ემუქრება"

მერობის კანდიდატი ბავშვობაში ბრუნდება

"ბაღში იმ გოგოს სულ მატყუარა საწოვარა ჰქონდა პირში და დროდადრო ვთხოვდი, ჩემთვის დაეთმო... მრავალი წელი რომ გავიდა და ერთხელაც ქუჩაში შემხვდა, ვუყურებდი და მეღიმებოდა. იმდროინდელი სიყვარულიც მატყუარა ყოფილა საწოვარასავით..."

"კვირის პალიტრასთან" ერთად ბავშვობაში დაბრუნება კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ისურვა, თუმცა, მინისტრობის მიწურულს. დავით ნარმანია მალე დატოვებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ჩაებმება, მანამდე კი გაიგებთ, რას ეძახის "ტვინის განიავებას", როდის ისვენებს და რა ახსოვს ცხოვრების ულამაზესი პერიოდიდან.

გასროლით დაიწყო

1979 წლის 7 მარტს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში ნარმანიების სახლის აივნიდან თოფის ხმა გაისმა - ოჯახში პირველი ბიჭი დაიბადა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ის თოფი დავით ნარმანიას უსაყვარლესი ნივთი გახდებოდა. საბჭოთა წარმოების ერთლულიანი სანადირო იარაღი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე შეუძენია ბაბუას. გავა დრო და ყმაწვილი დავითი ამ თოფით ხშირად ინადირებს. არასოდეს უოცნებია მინისტრობაზე, არც მერობაზე, კოსმონავტობაზეც არ უფიქრია... მას შემდეგ, რაც იარაღი დაინახა, მისი ძალა და ფასი იგრძნო, სურდა ჯარისკაცი გამხდარიყო, მაგრამ...

როგორ უნდა "გაანიავო ტვინი"

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ტყეში სიარულისას მონადირეები ტვინს ინიავებენ. იმის გამო, რომ თანამდებობა თავისუფალ დროს არ უტოვებს, უკვე წელიწად-ნახევარია "განიავების პროცედურას" ვერ იტარებს. ჩემს ინიციატივას, მოეწყოს მინისტრებისთვის ნადირობის, ანუ ტვინის განიავების კვირეული, სიცილით ხვდება და მპასუხობს, რატომაც არაო. მეტიც, გეგმაც მოიფიქრა, დაწესდება გრაფიკი და ორ-ორი დღით მოუწევთ მინისტრებს ტყეღრეში ხეტიალი მობილური ტელეფონებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე.

უკან დაბრუნებულები კი სხვა შემართებით დაიწყებენ მუშაობას და პრობლემებსაც სხვა თვალით შეხედავენო. "ნადირობა მაგარი პროცესია. ისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან, მსუბუქი, უფრო სასარგებლო ბრუნდები საზოგადოებაში. ოღონდ გამოთიშული უნდა იყო სატელეფონო კავშირს, თორემ ნადირობისა და დასვენების იმიტაცია გამოგივა.

წელიწად-ნახევარია ვეღარ ვიცლი, თორემ ყოველთვის მიყვარდა თოფის გადაკიდება და ტყეში წასვლა, ყოველ ჯერზე არც ვნადირობდი, ტყეში ხეტიალი და იარაღი რაღაცას მმატებდა, ალბათ, პასუხისმგებლობასა და თადაჯერებას. დღესაც ასე ვარ. ნადირობისას არ მიყვარს ლოდინი, მირჩევნია, ვიარო, ვირბინო, ვდიო, გამოვეკიდო. კვალს რომ დაადგები, სტრატეგიას დაგეგმავ და გაედევნები...

მომწონს დამიზნება და ისეთ რამეზე ნადირობა, რაც ძალიან სწრაფია და თვალისა და გონების სისწრაფეს მოითხოვს. ძირითადად, გადამფრენ ფრინველზე ვნადირობ, მტაცებლები არ მომიკლავს. დათვსაც არ შევხვედრივარ, თუ არაფრად ჩავთვლით საცოდავ ფიტულს სურამში, რომელთანაც ბავშვობაში ფოტო გადავიღეთ მე და ჩემმა ძმამ".

პირველი სიყვარული და საზიარო "საწოვარა"

ბავშვობა სამი-ოთხი წლიდან მახსოვს. საბავშვო ბაღი, კანფეტები, ლექსები, დღესასწაულები, ზეიმი საახალწლოდ და რა ვიცი, რომელი აღარ.  დროდადრო ფიქრით ვბრუნდები ხოლმე იქ და ვიხსენებ, რა ახარებთ ბავშვებს. როგორც კი ამაზე ფიქრსა და ბავშვობას ივიწყებ, რეალობას ეთიშები. პირველი სიყვარული ბაღში იყო თუ არა? დიახ, იყო. იმ გოგოს სულ მატყუარა საწოვარა ჰქონდა პირში და დროდადრო ვთხოვდი, ჩემთვის დაეთმო. ოჯახში ვამბობდი კიდეც, გოგო მიყვარს-მეთქი. მრავალი წელი რომ გავიდა და ერთხელაც ქუჩაში შემხვდა, ვუყურებდი და მეღიმებოდა. იმდროინდელი სიყვარულიც მატყუარა ყოფილა საწოვარასავით. დამრჩა მხოლოდ ულამაზესი მოგონება, რომელიც კარგ განწყობაზე მაყენებს.

რა სჭირდებათ ბავშვებს?

ჩემი ბავშვობიდან ყველაზე ხშირად ბაბუა მახსენდება. მე და ჩემს ძმას დაგვატარებდა ხოლმე ზუგდიდში, სტადიონზე, ფეხბურთს ვესწრებოდით. გული მწყდებოდა, რომ ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად გაანადგურა ზუგდიდის სტადიონი, რომელიც ბევრი კარგი თამაშის მომსწრე იყო.

შარშან დავიწყეთ მისი აღდგენა. მე რომ ახლა ბავშვი ვიყო და ვინმემ მკითხოს, როგორი თბილისი გინდაო, ვუპასუხებდი, რაც შეიძლება ბევრი სათამაშო მოედანი გამიკეთეთ-მეთქი. ბავშვებს აღარც მოედნები აქვთ და მწვანე ბაღებიც გაქრა.

ბავშვს მეტი რეკრეაციული ზონა, მეტი სიმწვანე, ჟანგბადი, თამაში, ჯანსაღი წესის დამკვიდრება სჭირდება. შეიძლება ვიღაცას მისცე უფლება, რაღაცის ასაშენებლად მოჭრას რამდენიმე ხე, მაგრამ ნაცვლად ათმაგი უნდა გაახაროს. უნდა გაახაროს და არა ისე, რომ ჩარგავენ ნერგებს და მიატოვებენ, მერე კი მათგან გამხმარი წკირები და მოშიშვლებული ნიადაგი რჩება. ყველა მშენებელს უნდა დაევალოს, შექმნას რაც შეიძლება დიდი მწვანე საფარი. თუ ბევრს ვიფიქრებთ ბავშვობასა და ბავშვებზე, უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ.