"არ ვიცი, რამდენი წლის ვარ... რა მნიშვნელობა აქვს?"
31-03-2014
"არ ვიცი, რამდენი წლის ვარ... რა მნიშვნელობა აქვს?"
"სკამია ყველა უბედურების სათავე"

გუმათჰესი "შავ უბნად" ითვლებოდა, ან ქურდი უნდა ყოფილიყავი, ან ფეხბურთელი... მე გამოსავალი კულტურის სახლში ვიპოვე...

"სარკეში არ ვიხედები,  სარკე ნაოჭებთან ბრძოლაზე დახარჯული ენერგია
..."

სავარძელში ზის და მიყვება: პირველად მიცვალებულს ბებიაჩემს შევეხე, მაშინ 6 წლის ვიქნებოდი, შევიპარე "ზალაში", გადავწიე სუდარა და ხელი შევახე... მაშინ პირველად ვიგრძენი...
შეყოვნდა. სიცივე-მეთქი? - მივაშველე.

- ეს არ იყო სიცივე, ეს იყო სითბოს ალტერნატივა, - მითხრა სევდიანად. უცებ მივხვდი: ყველაფერი, რასაც აკეთებს
და რასაც ისედაც ჰქვია "ალტერნატივა", იმ "სითბოს ალტერნატივის" ალტერნატივაა, ამიტომაც არ ემატება რობი კუხიანიძეს ასაკი, არც ენერგია ელევა. მისი შემოქმედება ომია, ომი არაფერთან...


პირველი, რაც მახსენდება, დედაა...  ამას წინათ თვალში მომხვდა ერთი ფოტო, მიტუზული ვარ სკვერში. უცებ გამახსენდა, დედამ იმ დღეს პირველად გამიშვა შინიდან მარტო.
სამი მანეთი მომცა და გამისტუმრა. ვიჯექი ავტობუსში და ვფიქრობდი, როგორ გამიმეტა-მეთქი. პირველად თვითმფრინავით რომ ვიმგზავრე, დედამ გამაცილა. მაშინ გამახსენდა ის პირველი მგზავრობაც. შვილიშვილი მყავს და რომ დავფიქრდები, გულში გამკენწლავს: როგორ გავუშვა შვილები ან შვილიშვილი თვითმფრინავით უჩემოდ?! რა გამაჩერებს მიწაზე, ისინი თუ ჰაერში იქნებიან?!

"დედიკოს ბიჭი" ვიყავი, არ მინდოდა მის კალთას მოვწყვეტოდი. ქუთაისის გარეუბანში, გუმათჰესში ვცხოვრობდით. მეზობლად რუსები, გერმანელები, ბერძნები მოსახლეობდნენ, ბევრი იყო ნაპატიმრალი... "შავ უბნად" ითვლებოდა, ან ქურდი უნდა ყოფილიყავი, ან ფეხბურთელი. მე გამოსავალი კულტურის სახლში ვიპოვე.

- ალბათ, პრობლემებს უქმნიდით დედას თქვენი ხასიათის გამო, ამბობენ, ჯიუტიც იყოო...
- სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი, ლექსის დამახსოვრება არ შემეძლო. რა ვქნა,  ახლაც არ შემიძლია. 40-მდე სიმღერის ავტორი ვარ, ყველა ტექსტი აუცილებლად "შპარგალკით" უნდა გავიტანო კონცერტზე!
მამის რიდი მქონდა, დედისა მეშინოდა. ერთხელ ბავშვი მოვნათლე და პირველად დავლიე ღვინო, სამმა ჭიქამ ისე დამათრო, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. დარდიან მთვრალს დამეძინა - შინ არ იცოდნენ, სად ვიყავი. უცებ არ დამადგა თავს დედაჩემი მილიციასთან ერთად? კი ვხედავ, მაგრამ თვალს არ ვახელ, თან ვფიქრობ, როგორ გამიმეტა ამ ქალმა-მეთქი. მილიციელმა კი - პირველად დათვრა შენი ბოვში, სულიკო, ამის გაღვიძება არ იქნებაო... მერე სუფრა გაიშალა...

სკოლიდან 8 კლასის მერე გამაგდეს, ერთი წელი მუსიკალურ ინტერნატში ვისწავლე, მერე ღამის სკოლა დავასრულე და ჩავაბარე ქუთაისში, თეატრალური ინსტიტუტის ფილიალში. ჩემი მომავალი მეუღლეც იქ სწავლობდა. ორი ქალი, დედაჩემი და ის, იმსახურებს ჩემს პატივისცემას და სიყვარულს!

- მერე გაჩნდა "ნიღბების კლუბი" არა?

- 23-24 წლის ვიქნებოდი, როცა პროფკავშირების შენობაში, გამოგვიყვეს ოთახი. "ნიღბების კლუბი" დავარქვით... ქუჩაში დაკვრას პოლიცია გვიშლიდა, მაგრამ არ ვეპუებოდით, ქუთაისის მერს - თემურ შაშიაშვილს ჩვენზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.

კეთილი ადამიანები მხარს გვიჭერდნენ. მოსკოვიდან ჩამოვიდა ვაჟა ღოღობერიძე, ჩვენთვის არც მოუსმენია, მოგვცა 35 ათასი დოლარი. იმით შევქმენით "აუტსაიდერი".
ქუთაისი ბანტიანი გიტარის ქალაქია... თუ რამე კულტურული ძვრებია, ქუთაისში ხდება... მშობლიური ქალაქიდან შვილის სამკურნალოდ წამოვედი თბილისში, ავთო ვარაზის ქალიშვილთან ვცხოვრობდით. ავთოს შვილიშვილები ჩემს გულზე არიან გაზრდილები. იცი, რამდენი ვცხოვრობდით პატარა ბინაში? რა სიყვარული მაჩვენა ამ ოჯახმა, უსახლკარო რომ შემიფარა.

როცა სცენაზე ვარ, სულ სხვაა... ბოლო დროს სკამზე ვჯდები, ადრე სკამს რას დავდგამდი სცენაზე! ეგ არის ყველა უბედურების სათავე, ჯერ სკამი უნდათ, მერე რბილი სკამი, მერე სავარძელი, მერე ფუმფულა სავარძელი და ამისთვის რას არ კადრულობენ. სკამია ყველაზე დიდი ბოროტება...

- თქვენ და მუსიკა...
- ყველაფერს ხმა აქვს, წყალს, ქარს, ფრინველს, ადამიანს... ამ ხმების მოსმენა სოფელში ვისწავლე. მამაწმინდა იყო მამაჩემის სოფელი. იქიდან იწყება ლეჩხუმი. ჩვენი სახლი ტყის პირას იდგა. საოცარი ხიდი ჰქონდა, რკინის კალათა. ჩაჯდებოდი და ტროსით გაცურდებოდი. რიონი მახსოვს... გიჟია რიონი, მტკვარივით მდორე კი არა! კიდევ ალვის ხე, ქარი დაუბერავდა და ფანჯარას ახლიდა...

- ყოველგვარი მატერიალური უკუგების გარეშე იცხოვრეთ. გული არ გწყდებათ?
- საქართველოში ან სითბო უნდა გინდოდეს, ან ფული, ორივე ერთად არ არსებობს. ფული არასოდეს მქონია, სითბო კი ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა. სცენაზე რომ ავდივარ, საკუთარ თავს ომს ვუცხადებ. ჩემს თავს დავეძგერები! მინდა ყველამ დაინახოს, რა შეუძლია ადამიანს საკუთარ თავთან ომისას.
არაფერი მაქვს, ერთოთახიან "ხრუშჩოვკაში" ვცხოვრობ... ასეც უნდა იყოს, ალბათ.
სარკეში არ ვიხედები,  სარკე ნაოჭებთან ბრძოლაზე დახარჯული ენერგია... არ ვიცი, რამდენი წლის ვარ... რა მნიშვნელობა აქვს?

ყველაზე მტკივნეულად ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებას განვიცდი: ნიკალას სარდაფში უნდა ეცხოვრა, ისე ვერ დახატავდაო. რატომ? მიეცი ფუნჯი, ტილო, სარდაფიდან ამოიყვანე... ნიკალა ლოთი იყოო. კარგი, რა! ლოთი არ ყოფილა, უბრალოდ, ბავშვი გადაარჩინა თავის სულში.

როგორ შეიძლება სტომაქამდე მიიყვანოს კაცმა ყველაფერი. მაშინ, რომ გამოვლენ დიდი, შლაგბაუმიანი სახლებიდან, გამოიტანონ პარკებით ნამუსრევი, დიდ ნაგვის ყუთებში ჩაგვიყარონ, მივალთ და შევჭამთ! მათთვის ასე იზომება ადამიანი... აი, ამ მენტალიტეტს ვებრძვი ჩემი შემოქმედებით!
თამრიკო
10 ივლისი 2015 16:09
ერთ წამში ჩაიარა ჩემს თვალწინ ჩვენმა ბავშვობამ,რა კარგი დრო იყო.შენ კი საუკეთესო ადამიანი ხარ.რა მოხდება რომ ერთხელ შევიკრიბოთ ამდენი წლის შემდეგ სკოლის ამხანაგები.ძალიან გვენატრები ყველას.
TG
08 აპრილი 2014 11:09
რობი არ იცვლები რაც იყავი ისევ ის რობი ხარ! ნამდვილად არააქვს მნიშვნელობა შენთვის წლებს
ვკითხულობ შენს ინტერვიუს საოცარი გრძნობა დამეუფლა, შენმა მტკვრის რიონის შედარებამ ხომ სულ დამბურძგლა ყოჩაღ! ნამდვილად ვამაყობ რომ ჩვენ ქუთაისლები ვართ და ასევე იმითაც რომ, იმ პერიოდის აუტსაიდერს ვიცნობ როცა ყოველი თვის 8 რიცხვში ღია ცის ქვეშ აქციებს მართვადა, განსაკუთრებით კარგად მახსოვს წივწივაძის პარკში აქციები !!! გაიხარე რობი!! გვეამაყები
Ehhhh
04 აპრილი 2014 11:29
Nana არც არის აუცილებელი გაიგოთ....რობი მხეცი ხარ!...ბევრი შენნაირი მინდა ჩემს ბნელეთში...სითბო მინდა უალტერნატივოდ...ბევრი საკუთარ თავთან მეომარი, რომ ყველას არ მოუნდეს მეფობა...

რედაქტორის რჩევით