"საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"
31-03-2014
"საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"
31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტის, ჩინებულ მწერალის, მთარგმნელის, ლიტერატორის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

"ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა", - ბრძანებდა ბატონი ზვიადი და თავადაც ზვარაკად შეეწირა მამულს. ჩვენგან კი იმ ავბედით ჟამს სწორი არჩევანის გაკეთებას ითხოვდა, თითქოს წინასწარმეტყველურად გვაფრთხილებდა: "ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს
ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე
დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია..." არ დავიჯერეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ზვიად გამსახურდიას წიგნიდან "აირჩიე, ქართველო ერო!"

* * *
"დიდი ლიტერატურა ყოველთვის ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფებოდა თავისი ეპოქის მითოლოგიურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, მხატვრულ აზროვნებასთან და თავად იყო გამომხატველი ყოველივე ამისა".
* * *
თუ გსურს ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად.
* * *
ეროვნება არა აქვს ცხოველს.
* * *
ჩვენი ერისთვის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ტყვის სყიდვა, რომლის ერთგვარი გაგრძელებაც არის დღეს შვილებისათვის დედა-ენის წართმევა და მათი მიბარება რუსულ (ზოგადად უცხოენოვან - შემდგ.) სკოლებში. ორივე მოვლენას ანგარება და კარიერიზმი უდევს საფუძვლად. თუ ძველად დედა-სამშობლოს სწყვეტდნენ ყმაწვილებს, დღეს სწყვეტენ დედა-ენას, სულს უსახიჩრებენ, ფსიქიკას უცვლიან. განა ეს ნაკლები ბოროტებაა?
* * *
ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას.
* * *
დღეს “ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი.
* * *
ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობის და განვითარებისთვის ზრუნვაა. იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობასა და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა. ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის სხვა ერებზე ბატონობისაკენ, მათი მოსპობისაკენ სწრაფვა.
ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.
* * *
ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც "გაინგლისელდება", "გაგერმანელდება", “"გაფრანგდება", "გარუსდება", "გაამერიკელდება", ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა.
26 თებერვალი 2017 18:10
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ზვიადის სული ჭეშმარიტი ქართველის.
ანუკი
01 აპრილი 2016 11:03
პრეზიდენტის მკვლელები ჯერ კიდევ მთავრობაში არიან ! უსუფაშვილი რომელიც 9 აპრილის მეორე დღეს კომკავშირში შევიდა, დღეს პარლამენრის თავჯდომარეა. ჯერ კიდევ ერიდებიან ზვიადის სახელის ხსენებას და მიზეზიც ნათელია. ამაზე დიდი ეროვნული გმირი არავინ გვყოლია ჩვენ დროში! სულში ჩამიფურთხებია ყველასთვის ვისაც მის მინართ 90იანებში ერთი სალანძღავი სიტყვა მაინც უთქვამთ !!!!
მურაზი
01 აპრილი 2015 14:27
ვეთანხმები ელენეს, ქართველმა ხალხმა ვერ დაგაფასა.

რედაქტორის რჩევით