სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს, მას "თავისიანმა" ესროლა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს, მას "თავისიანმა" ესროლა (ექსკლუზივი)

ლეგენდად ქცეული სიმღერის რეალობა

"მინა ილიას მკვლელობის შემდეგ მოკლეს ბოლშევიკებმა - ერთ ღამეს ჭიშკართან ვიღაცამ დაუძახა. გაუყარა მუცელში ხანჯალი და გაქრა"

გულჩვილები ვართ ადამიანები - სულ რომ არ ველით, მაშინ შემოგვაწვება სევდა. აი, ამაზე გიყვებით ახლა... ერთი სიტყვით, ვზივარ ახლობლის სამზარეულოში, ვსვამ ყავას, ვემალები გარეთ დარჩენილ სამყაროს და ამ დროს რადიოს მშვიდ ტალღებზე "სიმონა დოლიძე" არ შემოვარდა! ხომ გახსოვთ ეს სიმღერა: "ძმაბიჭებში დაჩაგრული/მე ვარ სიმონა დოლიძე,/შვიდი წელი შემისრულდა,/არ მძინებია ლოგინზე./წუხელ ძილში დამესიზმრა,/ვითომ წელს მეხვია გველი,/ვეცადე, ვერ მოვიშორე,/ისე შემეშალა ხელი.../ჯაფარიძე ურიადნიკი ცნობილია გურიაში,/გავიხედეთ, თავს დაგვესხა,/ჩაფრები შემოგვესია,/ისე დაგვაყარეს ტყვია,/როგორც წვიმა და მეხია,/გადმოხტომის ხანს მესროლეს,/მომტეხეს ორივ ფეხია./უცებ აზრი მოვიკრიფე,/ მასთან ძალა შევიძინე:/ ერთი ტყვია გავისროლე, თან გემოზე გავიცინე,/ჯაფარიძე ურიადნიკი ამ ჩემ გვერდზედ მოვიწვინე"...

რაღაცნაირად სევდიანად ასრულებს მომღერალი და მეც სევდა მაწვება გულზე, - რა არის დრო!.. ეს სიმონა დოლიძე ტერორისტი იყო, მაგრამ ლეგენდად დარჩა. ნეტავ ჩვენი დროიდან ვინმე დარჩება ლეგენდად? - იქნებ სიმონას დროში ცხოვრება ჯობდა! ვამბობ მე და ჩემი მასპინძელიც მპასუხობს, - რა ვიცი, აბა! - ისე, ყველაფერი ბედსა და გარემოზეა დამოკიდებული. სიმონა ლეგენდად გარემომ შექმნა - რევოლუციები იყო, ომები, გმირი სჭირდებოდა ხალხს. ვიღაცამ სიმღერაც შეუწყო, თორემ არც ურიადნიკი ჯაფარიძე ყოფილა სიმონა დოლიძეზე ნაკლები ბიჭი და არც სიმონას მოუკლავს ის! ეს ამბები ნამდვილად ვიცი... ეგ ურიადნიკი ჩემი ახლობლის დიდი ბაბუა იყო. თუ გინდა, გაგაცნობ!

ასე მივდივართ თამთა კერვალიშვილთან, ურიადნიკის გახსენებას თვალებგაფართოებული ხვდება, - ივანე ჯაფარიძე გაინტერესებთ? მამაჩემის ბაბუა, მინა ჯაფარიძე (ილიასა და აკაკის მეგობარი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე) ურიადნიკის ძმა იყო. მინა ილიას მკვლელობის შემდეგ მოკლეს ბოლშევიკებმა. ერთ ღამეს ჭიშკართან ვიღაცამ დაუძახა. გაუყარა მუცელში ხანჯალი და გაქრა.

- ერთი ძმა ეროვნული მოღვაწე იყო, მეორე რუსი იმპერატორის წესრიგის დამცველი?

- რატომ გიკვირთ, - ცოტა არ იყოს, წყრება თამთა, - მთელი საქართველოს თავადაზნაურობა იმპერატორის არმიის ოფიცერი იყო. ივანე არც ვაჟკაცობით ჩამოუვარდებოდა ვინმეს, არც განათლებით - პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და მთელი მსოფლიო მოვლილი. ერთხელ ბებიას შვეიცარიიდან თავსაფარი და ოქროს საათი ჩამოუტანა, მერე ბებიამ ისინი დედაჩემს აჩუქა. თავსაფარი დღემდე შემოგვრჩა, საათი კი დედამ მაშინ გაყიდა, როცა რაჭაში მიწისძვრა მოხდა და ომი დაიწყო. ბათუმში, ოქროს ბირჟაზე ვიღაც ქალმა წონით იყიდა. ახლაც თვალწინ მიდგას ის საათი - ორ ბუდეში ჩასმული. ერთ ბუდეს რომ ახდიდი, მეორეზე ხუთი ოქროს მედალი ჰქონდა - იმ შვეიცარიული საათების ფირმის ხუთი ჯილდო, რომელმაც ის გამოუშვა...

- ივანეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა?

- არა. დანიშნული ყოფილა დოლიძის ქალზე. მის მშობლებს გლეხის ქალი რძლად არ უნდოდათ, მაგრამ ივანეს უთქვამს, ან ეს და ან არავინო!..

- დოლიძეების სასიძო სიმონა დოლიძეს როგორღა კლავდა...

- ვინ გითხრათ, რომ კლავდა? მეტიც: არც სიმონას მოუკლავს ურიადნიკი. ეგ მხოლოდ სიმღერაშია. სინამდვილეში ურიადნიკმა სიმონა გააფრთხილა, - იცოდე, დაგასმინეს, მაგრამ კარგი ვაჟკაცი ხარ და გაფრთხილებ, გამეცალეო (ეს ყველაფერი მისმა საცოლემ, დოლიძის ქალმა უთხრა მერე ივანეს დედ-მამას)...

სიმონა დოლიძე სოფელ ნატანებში, ნალიაში მოკლეს. ურიადნიკიც მაშინ მოუკლავთ. მშობლებმა ივანე რომ დაასაფლავეს, მერე იჩივლეს - ჩვენი შვილი სიმონა დოლიძეს არ მოუკლავსო. მოგვიანებით სასამართლომ დაადგინა, რომ ურიადნიკს მისმა მოადგილემ ზურგში ესროლა. პირადი ინტერესი ჰქონდა და გარემოებით ისარგებლა, ვითომ ტყვია ყაჩაღმა ესროლა...

გული მწყდებოდა, რომ ეს ამბავი არავინ იცოდა, - თხრობა დაასრულა თამთამ. ამასობაში მისმა ელენემ რატომ ათჯერ მაინც არ მოიხვია წინაპრის დანატოვარი უჩვეულოდ ნაზი თავსაფარი... მე კი, წამოსვლისას კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ სიხარულიც და სევდაც იმიტომ არსებობს, რომ ყველაფერი ადამიანური ჩვენს გულში უნდა დარჩეს, - სხვა ყველაფერი ნაკლებფასეულია, როგორც ურიადნიკისეული ოქროს საათი, რომელიც თამთას დედამ შვილების გადასარჩენად გაყიდა...