საახალწლო ბარათი სოხუმს - კვირის პალიტრა

საახალწლო ბარათი სოხუმს

"ჩქიმ ქიანა" - ისევ უაფხაზეთოდ!..

ჩემო საფიცარო ქალაქო! მაპატიე, თუ ეს წერილი საახალწლო განწყობილებას ვერ შეგიქმნის. მეორე ათეული წელია, რაც აფხაზეთიდან დევნილი ქართველებისთვის ყოველი ახალი წელი ამ სინამდვილესთან ერთად მოდის და კიდევ, ენგურგაღმა იმედის ძაფით აბურდული მწვანე ნაძვის ხეებითაც, შინ დაბრუნების ნატვრა რომ ჰკიდია გირლანდებად. როგორ ხარ, რასა იქმ? იქნებ სულაც დაგვივიწყე და აღარ გახსოვვართ? მე კი ყველგან დაგეძებ. გეძებ იმ ადამიანებში, ვისთანაც ერთად წარსულში დარჩი. იმათშიც, ომის შემდეგ შენთან ჩამოსვლა და მონახულება რომ მოახერხეს. აქამდე ომის ფერი ედო, ახლა კი ძველ სახეს იბრუნებს, მშვენდებაო, მითხრეს. არა, ნამდვილად არ მწყინს, უჩვენოდ რომ ლამაზდები, ოღონდ ესაა საფიქრალი: ვის საპატარძლოდ გრთავენ? ნეფე ვინ იქნება?

KvirisPalitra.Geამ წერილში 27 სექტემბრის ცეცხლწაკიდებულ ცას აღარ გავიხსენებ. არც იმას, გულრიფშთან მომდგარი უკრაინული ხომალდის გემბანიდან რომ გემშვიდობებოდი, მაშინდელი ფიქრებით, მოკლე ხნით. ვაი, რა გულუბრყვილონი ვყოფილვართ?!

დღეს იმას გიამბობ, როგორ ვართ უშენოდ, მოგიყვები ჩვენს უღალატო სიყვარულზე. შენებრ მზისდარი ქალაქი ვეღარსად ვპოვეთ, რადგან შენ ერთადერთხელ იშვი ჩვენს გულებში! შენგან შორს მყოფნი უსასრულო სრბოლაში ვართ, მაგრამ მაინც არ ჩანს გზა, შენამდე რომ მოგვიყვანს.

გვენატრება შენი მტრედისფერი აისები და დიადი, ზღვისპირული დაისები. შენი ლურჯი, ტროპიკული თავსხმა წვიმები, მთელი კვირა რომ გრძელდებოდა და მაინც ქუჩაში სახეტიალოდ განგაწყობდა. ქოლგებქვეშ შეყუჟულნი თითქოს მეტად შევიგრძნობდით მიწას და თავზე ნაპკურებ ზეციური წყლის სირბილეს.

მრავალ ენაზე ახმაურებული შენი ზღვის სანაპირო გვენატრება, ჩვენი სულის ნაწილი და ოაზისი, ერთნაირად რომ უყვარდა ქართველსა და აფხაზს, ბერძენსა და უკრაინელს, ჭრელა-ჭრულა კაბებით მოსეირნე ბოშებიც ჩვენთან არიან დევნილებად, ჩვენთან ერთად ხვდებიან უაფხაზეთოდ მეჩვიდმეტე ახალ წელს. ოღონდ ისეთი ლაღი ვეღარ არიან, ანა რომ იტყოდა: "მხიარული, ფეხშიშველა ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე"... იმედს კი ისევ უხვად არიგებენ და ხურდაში უცვლიან გამვლელ-გამომვლელებს.

ომით განდევნილნი ჭუბერი-საკენის უღელტეხილზე ვეწამეთ, იქ საფლავებად დავტოვეთ ჩვენი დედები და მამები, გაყინული ჩვილები. შემდეგ კი ზოგი საქართველოში, ზოგიც უცხო ქვეყნებში ბორცვებად მიმოიფანტნენ.

მოგწერ იმასაც, დაბორკილ ულაყებს რომ დაემსგავსნენ ჩვენი ნაომარი ბიჭები, ხელში იარაღი რომ შეაჩეჩეს და ომში ბრძოლა აუკრძალეს. ნეტავი განახა, როგორი ამაყნი არიან 15-16 მარტის დღეებში, ქართველთა უმაგალითო გმირობასა და რუსული გენერალიტეტის მარცხს რომ იხსენებენ ეშერის მისადგომებთან. ქართველ ჯარისკაცს ომი არ წაუგია, მოსაგები ომი წინ არისო, ამბობენ. არც ჩვენთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამთავრებულა ომი. დიდი ხნის უნახავ თანაქალაქელებთან, ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, უცხოეთში დაღუპული და იქიდან ჩამოსვენებული ცხედრების დასაფლავებისას ომი, მთელი თავისი სისასტიკით მეორდება და თავს გვახსენებს.

"ჩქიმ ქიანა" (ჩემი ქვეყანა. - მეგრ.), - იტყოდა ხოლმე დედაჩემი მონატრების ჟამს. ახლა მეც ენგურგაღმა საქართველოს ჩემი სულის ნაწილს, "ჩქიმ ქიანას" დავარქმევ.

გუდაუთიდან ჩამოტანილი ზღვის ნიჟარა მაჩუქა ამას წინათ მეგობარმა, მლაშე სურნელი მოჰყვებოდა... და კიდევ ჩემი წარსული, 27 სექტემბერს შენთან განშორებისას რომ გაიყო ორ ნაწილად. ომზე მძიმე დღეებიც ავითვალე, მაგრამ წუთითაც არ დამვიწყებიხარ. ჩვიდმეტი წელია, შენზე ვფიქრობ და შენ გარშემო ვტრიალებ. კალამიც იმისთვის მიჭირავს ხელში, რომ შენგან შორს მყოფმაც არაფერი დაგაკლო. სანამ ცოცხალი ვარ, შენზე და უშენობით ატკივებულ ადამიანებზე დავწერ. ეს იქნება ჩემთვის შვება და სიცოცხლის საზრისიც.

ამას წინათ ჩემმა დევნილმა მეზობელმა მითხრა სინანულით: ღმერთმა ისე ნუ მომკლას, რომ ენგურგამოღმა დაბადებულმა ჩემმა შვილიშვილმა სოხუმში ჩემს ეზოში ვერ გაიაროსო. ღმერთო, აუხდინე ყველა დევნილ ბებიას ეს საახალწლო სურვილი! მანამდე კი ჩვენმა პატარებმა ხატონ ფერადი ფანქრებითა და ფლომასტერებით მზე, ზღვა და იალქნიანი ხომალდები. აფხაზეთის ქართველობის ნაწილი ამ ახალ წელს სამურზაყანოს მიწაზე, თავის ჭერქვეშ შეხვდა, გაორებული სულითა და სევდანარევი სიხარულით. შინ დაბრუნებულნი ისევ დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ ფიქრით გამოღმა მყოფებს უერთდებიან. ახალი წელი მოვიდა... ისევ უაფხაზეთოდ! მაღლა აწეული ყელყელა ჭიქა დამძიIმდა,  სამკვიდრომდე შორს დარჩენილი მანძილი მეჩვიდმეტეჯერ გაითვალზომეს იქაურმა ქართველებმა. მათი სურვილი ამ ახალ წელსაც უცვლელია.

P.S ხომ გითხარი, ვერაფრით გაგახარებ-მეთქი, ჩემო მონატრებულო ქალაქო. გიგონებ და ცრემლები მდის და განა მარტო მე? ენგურგამოღმა სამასი ათასი ერთნაირი ფერის ცრემლი, დარდი და საწუხარია.

ღმერთო, გაამთლიანე საქართველო!