"მაშინ კარგი ბიჭები ვიყავით, ახლა"... - კვირის პალიტრა

"მაშინ კარგი ბიჭები ვიყავით, ახლა"...

"ჩვენი მეთაურები დღეს აღარ არიან, რაღა დავუმტკიცო ვინმეს?"

კვირა დღე იყო, შინ დიდი ორომტრიალი მქონდა. უცებ გარედან ვიღაცის ძახილი შემომესმა, რამდენიმე ჭაღარაშეპარული კაცი ჭიშკართან იცდიდა. ლალი მეხრიშვილი თქვენ ბრძანდებითო? - მკითხეს, - ჩვენ აფხაზეთის ომის ვეტერანები ვართ და თქვენთან გასაუბრება გვინდოდაო.

- ჩემი ბიჭი 13 წლისაა, "კვირის პალიტრა" ძალიან უყვარს. იქ რამდენჯერმე თქვენი წერილი წაიკითხა და მითხრა, მამი, ეს გოგო სულ ჩვენს კუთხეზე წერს, ნამდვილად აქაური იქნება, იქნებ მოძებნოთ და ჩვენი გასაჭირი უამბოთ, ვინ იცის, ამ გაზეთმა მაინც გვაპოვნინოს სამართალიო, - მითხრა ერთ-ერთმა და აი, რა მიამბო:

- აფხაზეთის ომში 1992 წელს წავედი, - დაიწყო თხრობა თემურ ქენქაძემ, - მაშინ   კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს დაავალეს მოხალისეებად წასვლა, რომ მაგალითი ეჩვენებინათ ხალხისთვის. მე ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში ვმუშაობდი (ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო კოლმეურნეობები). როგორც კი უფროსმა გამოგვიცხადა, შეიძლება, წავიდეთო, უყოყმანოდ მის გვერდით დავდექი... წავედი ჩემი შვილის ბედნიერი მომავლისთვის, ჩემი სამშობლოს დასაცვად... პირველად ცხინვალში ღამით ჩავედით და მაშინვე სამშვიდობო ჯარებში გაგვანაწილეს. მერე სოხუმში შავნაბადას ბატალიონში გადაგვიყვანეს, სადაც გაფორმდა ჩვენი ხელშეკრულებაც. გენო ადამიას ჩაგვაბარეს, მან მიგვიყვანა პოლკოვნიკ ჯუმბერ წივილაძესთან, მას დაავალეს ჩვენი მეთაურობა. სადაც ცხელი წერტილი იყო, ჩვენ გვაგზავნიდნენ.

როცა სოხუმი აიღეს, ჩვენ ქალაქში ჩავრჩით, უკან დაბრუნების ბრძანება მივიღეთ, მაგრამ ისე გვბომბავდნენ აფხაზები, გამოსვლა შეუძლებელი იყო. თვალწინ მოგვიკლეს ჩვენი ოცმეთაური, აფხაზი თენგიზ ორჩინავა. მას მიაყოლეს ჩვენი ბატალიონის ორი თელაველი მებრძოლი. გულმუცელი ჩაგვეფუფქა მათ ყურებაში. მეც ძლივს გადავრჩი, ორომტრიალში საიდანღაც მოკლული თენგიზ ორჩინავას ბიძა გაჩნდა, სოხუმის არქიტექტორი ყოფილა და გზები ზეპირად იცოდა. სწორედ მან გვიშველა და სამშვიდობოს გამოგვაღწევინა. მთელი ღამე მოვდიოდით, ფეხით გადმოვიარეთ უღელტეხილი. ომიდან თავის პარალიზებით დავბრუნდი.

ნაომარ ბიჭებთან შესახვედრად კიტოვანი და ედუარდ შევარდნაძე მოვიდნენ, გვესაუბრნენ და მადლობა გადაგვიხადეს. შევარდნაძემ გვითხრა, თქვენ ისეთი დღეები გამოიარეთ, უზრუნველი ცხოვრება გექნებათ, არასდროს არაფერს გაგიჭირვებთო, მაგრამ ახლა აღარავის ვახსოვართ.

ამას წინათ თბილისში შევხვდი  აფხაზეთში ნაომარ ბიჭებს. მითხრეს, გაზის, წყლის, დენის გადასახადებზე შეღავათები გვაქვს, ხშირად დახმარებასაც ვიღებთ და პენსიაც გვაქვსო. ჩვენ კი არაფერი გვაქვს. სად არ ვიარე, სად არ ვიდავე, მაგრამ ამაოდ. კომისარიატში მითხრეს, სამხედრო მოკვლევა უნდა გაიარო, შეგამოწმონ, ნამდვილად ნაომარი ხარ თუ არაო. რად უნდა სჭირდებოდეს ნაომარ კაცს ამდენი წვალება და მტკიცება? სამხედრო ბილეთში ხომ წერია, რომ ნაომარი ვარ, განა ეს არ კმარა? ჩვენი მეთაურები დღეს აღარ არიან, რაღა დავუმტკიცო ვინმეს? მთელმა რაიონმა იცის, რომ აქედან 14 კაცი წავედით.

აღარ მინდა მათი დახმარება და პენსია. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, სამუშაო მაინც მომცენ, რომ ოჯახი ვარჩინო, ძალიან მიჭირს. სადაც მივდივარ, ყველგან უარით მისტუმრებენ. ნუთუ იმდენი წვალების შემდეგ ღირსი არა ვარ, ნორმალურად ვიცხოვრო? იქნებ მაპოვნინოთ სამართალი, ან გზა მიჩვენოს ვინმემ, რა ვქნა? - მთხოვა თემურ ქენქაძემ.

ასეთივე მდგომარეობაშია დედოფლისწყაროელი 13 ომის ვეტერანი - დახმარებას არც ერთი არ იღებს, არც შეღავათები აქვთ. თუმც ისინი დახმარებას კი არა, სამუშაოს ითხოვენ.

იქნებ ამ წერილმა მართლაც უშველოთ ან  ვინმემ დააკვლიანოს მაინც. ეს ხალხი ნებისმიერ ჩვენგანზე ერთი თავით მაღლა დგას და საკადრისადაც დაფასებულიც უნდა იყვნენ.

ლალი მეხრიშვილი