ბრიტანელთა საკულტო მწერალი - კვირის პალიტრა

ბრიტანელთა საკულტო მწერალი

როდესაც ჯეინ ოსტინის ზოგიერთი რომანის სათაურს წაიკითხავს ადამიანი, შეიძლება ღიმილი მოერიოს მათი სიმარტივისა და ბანალურობის გამო და ამ რომანების დაწერიდან 200 წლის შემდეგ ესოდენ პოპულარული სატელევიზიო საპნის სერიალები გაახსენდეს. თავად განსაჯეთ: "სიყვარული და მეგობრობა", "გონება და გრძნობა", "სიამაყე და ცრურწმენა"...

მაგრამ მენდეთ, ეს მხოლოდ კლასიკური რომანის ეპოქის სტანდარტია და "სიამაყე და ცრურწმენის" პირველივე თავების წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ საქმე ნამდვილი ოსტატის მიერ დაწერილ რომანთან გაქვთ.

ამ რომანის ბედი ორიგინალური არ ყოფილა - მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ხომ უამრავია შემთხვევა, როდესაც შედევრი ვერ ამოიცნეს თანამედროვეებმა და გამომცემლებმა, ან მკითხველმა მხოლოდ წლების, ხშირად კი ათწლეულების შემდეგ დააფასა იგი: "სიამაყე და ცრურწმენა" ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი - "გრძნობა და გონება" გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად და მისი პირველი რომანიც ეღირსა დღის სინათლეს.

რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში - ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა: "სიამაყე და ცრურწმენა" დიდი ბრიტანეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში აუცილებელ სასწავლო პროგრამაშია შეტანილი; ყოველ წელს ტარდება ჯეინ ოსტინის კოსტიუმირებული ფესტივალები; 2013 წელს მთელმა ინგლისურენოვანმა სამყარომ აღნიშნა რომანის გამოქვეყნებიდან 200 წლის იუბილე, ხოლო ბრიტანელმა გამომცემლებმა ამ თარიღს საოცარი პროექტი მიუძღვნეს: ექვსმა საქვეყნოდ ცნობილმა მწერალმა-რომანისტმა მიიღო დაკვეთა, რომ ჯეინ ოსტინის რომანებში აღწერილი ამბები XXI საუკუნეში გადმოეტანათ. პირველმა ასეთმა "რიმეიქმა" უკვე იხილა დღის სინათლე: "გონება და გრძნობა" ძველი სიუჟეტითა და პერსონაჟებით (ცხადია, სახელებიც არ შეუცვლიათ) დიდი ტირაჟით გაიყიდა და ახლა ჯერი სხვა რომანების მოდერნიზაციაზეა.

ჯეინ ოსტინის შემოქმედების პოპულარობის საილუსტრაციოდ ერთი ფაქტიც აღვნიშნოთ: შესაძლოა, ის მსოფლიო ლიტერატურაში ერთადერთი მწერალი იყოს, ვისი ყველა ნაწარმოებიც ეკრანიზებულია (ესეც ხომ კრიტერიუმია დღესდღეობით), თანაც, ყოველი მათგანი რამდენჯერმე, რომ არაფერი ვთქვათ თვით ავტორის ცხოვრებისადმი მიძღვნილ არაერთ კინო- თუ ტელეფილმზე.

მწერლის ცხოვრება ვახსენეთ და არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ გამოვყოთ ჯეინ ოსტინის ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი: ის 1775 წელს, ჰემფშირის საგრაფოს პატარა ქალაქში დაიბადა ანგლიკანური ეკლესიის ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში - ექვს ძმასა და ორ დას შორის ჯეინი რიგით მეშვიდე შვილი იყო. სიღარიბის გარდა, ჯორჯ ოსტინი ვერც დიდგვაროვანთა ჩამომავლობით მოიწონებდა თავს (მთლად ზუსტი შედარება შეიძლება არ იყოს, მაგრამ "ჯენთრი" - წოდებრივი კიბის ის საფეხური, რომელსაც ოსტინების ოჯახი განეკუთვნებოდა, დაახლოებით ჩვენებური აზნაურობის ანალოგია), ამიტომ ოჯახის მთავარი სიმდიდრე შვილები იყვნენ. ერთი ვაჟის გარდა, რომელიც დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი იყო, ყველამ გაიკვალა გზა: უფროსი, ლიტერატურისადმი დიდი ინტერესისა და ნიჭის მიუხედავად, მამის კვალს გაჰყვა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჩაიბარა; ერთი ძმა მდიდარმა უშვილო ნათესავებმა იშვილეს, მათი მეშვეობით წოდებრივადაც ამაღლდა და წარმატებასაც მიაღწია; ორმა ძმამ უბრალო მეზღვაურობით დაიწყო და ორივე ადმირალი გახდა; ჯეინის უსაყვარლესმა ძმამ - ჰენრი ტომას ოსტინმა ყველაზე ბობოქარი ცხოვრება განვლო: ჯარისკაციც იყო, ბანკირიც, ლიტერატორიც, ბოლოს გაკოტრდა და ისიც მღვდელი გახდა... და რაც მთავარია, მას ცოლად ჰყავდა ქვრივი ფრანგი დიდგვაროვნისა, რომლის თავიც საფრანგეთის რევოლუციისას სოკოებივით მომრავლებულმა ერთ-ერთმა გილიოტინამ შეიწირა. ფრანგმა რძალმა კი განსაკუთრებული გავლენა იქონია ჯეინზე - მისი დამსახურებაა, რომ მომავალმა მწერალმა კარგად იცოდა ფრანგული ენაც და ლიტერატურაც; მაგრამ განსაკუთრებულ სიახლოვეს ჯეინი ორი წლით უფროს დასთან - კასანდრასთან გრძნობდა. ისინი ერთმანეთის მესაიდუმლენი იყვნენ და შემოქმედებითი კავშირიც ჰქონდათ: ადრეული ახალგაზრდობიდან დაწყებული, არა მხოლოდ გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს, არამედ ჯეინის დღიურებსაც კი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული კასანდრა ილუსტრაციებს ურთავდა. სხვათა შორის, შემონახულია კასანდრას მიერ შესრულებული მწერლის ორი პორტრეტიც, რომლებიც ლონდონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაშია დაცული.

ამ წინასიტყვაობის დასაწყისში ჯეინ ოსტინის რომანების სათაურების "პრიმიტიულობა" ვახსენეთ, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე. როგორც "სიამაყე და ცრურწმენას", ასევე "გონება და გრძნობას", თავიდან სხვა სათაურები ჰქონდათ: ერთს "პირველი შთაბეჭდილებები" ერქვა, მეორეს - "ელინორი და მერიენი".

სათაურის შეცვლის მიზეზი კი საკმაოდ პროზაულია: სანამ ჯეინ ოსტინის მამა ინგლისის ყველა გამომცემელთან მიმოწერას აწარმოებდა და მისი ქალიშვილის რომანით დაინტერესებას სთხოვდა, 1801 წელს დაისტამბა ვინმე ჰოლფორდის რომანი სათაურით: "პირველი შთაბეჭდილებები".

"სიამაყე და ცრურწმენა" კი ჯეინ ოსტინმა თავისი საყვარელი მწერლის, ფენი ბერნის რომანის, "ცეცილიას" ფინალიდან აიღო, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი წიგნის მორალის რეზიუმირებას ამ სიტყვებით ახდენს: "მთელი ეს სევდიანი ამბავი სიამაყისა და ცრურწმენის შედეგია".

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა ჯეინ ოსტინს (ისევე, როგორც მის დას) - არ გათხოვილა და 1817 წელს 41 წლის ასაკში იშვიათი ენდოკრინული ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ამ მშრალი ფაქტებისა და თარიღების მიღმა ძალიან საინტერესო და მის რომანებზე არანაკლებ ემოციური ცხოვრებაა.

რაც შეეხება რომანს: შეუძლებელია ამ მცირე წერილში ვისაუბროთ მის ფაბულაზე, სიუჟეტსა თუ პერსონაჟთა გალერეაზე. მხოლოდ ერთს ვიტყვით: ეს არის რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული კლასიკური ლიტერატურის ყველა მოყვარულს.