"აბა, ჰე!.. და კარგად!.."
07-04-2014
"აბა, ჰე!.. და კარგად!.."
"ემოციებს რომ ვერ იტევდა, ფურცელზე გადაჰქონდა. და თუკი ფურცელმა შეძლო, მისი განცდის ძალა შეენარჩუნებინა, ჩათვალეთ, რომ ნიკო ბედნიერი ადამიანია, რადგან მის სიტყვას ძალა ჰქონია..."

"ნიკომ ნამდვილად დამიგო ლექსის მახე. მას შემდეგ მახეში ვართ, ერთად... ჩვენ დღესაც ერთად ვართ"

"სტკიოდა ყველაფერი: დამცირებული, შიშველ-ტიტველი ჯარი 1999 წელს, უკვე ჩაცმული და აღჭურვილი ჯარიც
2008 წელს..."


"წავედი, ალბათ, მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის...“მე მზადა ვარ, გავემგზავრო, აბა, ჰე!.. და კარგად!.."


13 აპრილს ოთხი
წელი ხდება, რაც უნიჭიერესი არტისტი და პოეტი ამ ქვეყნიდან წავიდა და წასვლით უფრო გაიხანგრძლივა სიცოცხლე. ნიკო გომელაურზე სასაუბროდ მის მეუღლეს, ნინა ჩოდრიშვილს შევხვდით.


- როდესაც ნიკოს ეკითხებოდნენ, ვინ იყო - პოეტი თუ მსახიობი, პასუხობდა - არტისტი. იშვიათია არტისტი, რომელიც ნიკოსავით ყველა თაობას უყვარს... ნიკოს, როგორც
არტისტს, ბევრი არ იცნობს და ეს იყო მისი ტრაგედია. ბევრი მეკითხება - უი, ნიკო თეატრშიც მოღვაწეობდა? მას უფრო ფილმებით იცნობენ, თუმცა, ნიკო არ თვლიდა, რომ ეს როლები მის ნიჭს სრულად წარმოაჩენდა. უზომოდ უყვარდა თეატრი, არტისტული კარიერით კი კმაყოფილი არ იყო.

ის თავს პოეტად არ თვლიდა, არც საკუთარ ლექსებს უწოდებდა პოეზიას. ამბობდა: "მე ახლა წაგიკითხავთ ჩემს ჩანაწერებს". ასე მიაჩნდა და არასდროს უფიქრია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ტოვებდა. როდესაც მითხრა, მგონი, ვკვდებიო, ვუპასუხე, სამაგიეროდ, შენს სიტყვას ტოვებ-მეთქი. ირონიულად გადმომხედა და მითხრა: დამცინი? როდესაც ნიკო წავიდა, მაშინ უფრო ვიგრძენი მისადმი ხალხის სიყვარული...

- თავდამდაბალი რომ იყო, ამაზე ეს ფრაზაც მეტყველებს: "რა უცნაური განაცხადია, ვაჟას მერე რომ ვაქვეყნებ წიგნებს... "
- ნიკო არ ტოვებდა თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი თავმდაბალი და მორიდებული კაცი იშვიათად მინახავს. როცა სიკვდილს გაუსწორა თვალი, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ვფიქრობ, მისი მედიდურობა, ამპარტავნობა თავდაცვითი პოზა იყო. ნიკო გარდა იმისა, რომ მიყვარდა, ძალიან მომწონდა. მასთან ცხოვრება, მისი მოსმენა და მასთან ბრძოლაც კი საინტერესო იყო.

- "შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით"... "ის" თქვენ ხართ?

- დიახ,"ის" მე ვარ. მე ვარ, ვისაც ნიკო წლობით ელოდა.

- როგორ დაიწყო თქვენი რომანი?
- ჩემს ორ მეგობართან ერთად ვიყავი, როცა ნიკომ ერთ-ერთს დაურეკა და დაპატიჟა. ავედით ნიკოსთან, სადაც დაგვხვდა მიშა ჯოჯუა და საოცარი საღამოც გამოგვივიდა. ძალიან მომეწონა ახალგაზრდა, მოაზროვნე, მოფიქრალი ადამიანი. მძიმე პერიოდი მქონდა, ქმარს ახალგაცილებული ვიყავი  და ყველანაირ ურთიერთობაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც მიიქცია ამ არაორდინარულმა კაცმა. მერე, როდესაც ნიკოსგან რაღაც ვიგრძენი, გადავწყვიტე, არ ავყოლოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ნიკო ჩემზე საკმაოდ უმცროსი იყო. ერთი სიტყვით, გადავიხვეწე... თუმცა ბედისწერამ თავისი ქნა და ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა... მერე ლექსიც დაწერა, რომელიც ასე მთავრდება: "ვერაზეა კაფე "გირჩა"... იქ დავუგე ლექსის მახე, იქ კი ვეღარ გადამირჩა..." ნიკომ ნამდვილად დამიგო ლექსის მახე. მას შემდეგ მახეში ვართ, ერთად... ჩვენ დღესაც ერთად ვართ.

- "ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი" - ნიკო და ბოჰემური გადახვევა... რთული არ იყო ასეთი კაცის მეგზურობა?
- რთული იყო... სულ ვებრძოდი... თან ვფიქრობდი, ხომ არ ვაშავებდი... ნიკო იყო ხალისიანი, ოპტიმიზმითა და მხიარულებით აღსავსე და საოცრად კომუნიკაბელური. ხანდახან ვფიქრობდი, ასეთ ადამიანს არ უნდა ვეომო-მეთქი, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ თურმე სწორად ვიქცეოდი. როცა აღარ სვამდა, მითხრა, შენ რომ არ ყოფილიყავი, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი და ნაწერიც მთვრალი ბოდვა იქნებოდაო. მამამისმაც იგივე მითხრა და ძალიან ბედნიერი ვიყავი...

- მამა ახსენეთ... როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამა-შვილს? მამას მხოლოდ ლექსებში თუ ახსენებდა ნიკო...

- ნიკოს მამა გიორგი (ჯეჯი), გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ, უდიდესი ფიზიკოსის, ლევ ლანდაუს ასპირანტი, კიდევ ოსტაპ ბენდერის პროტოტიპი იყო - ავანტიურისტი, ინტელექტით გამორჩეული. ზოგჯერ მისი არაორდინარულობა შვილს დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ ნიკოს მამა უზომოდ უყვარდა, მისით მოხიბლული იყო. მართალია, ჯეჯი მეუღლესთან არ ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ოჯახი და ერთადერთი შვილი. ხშირად ვიკრიბებოდით ერთად დიდ მაგიდასთან. ჯეჯი ნიკოს დედას ჰპატრონობდა, ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია. ბოლო ხანს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ უკანასკნელ ლუკმას უყოფდა ყოფილ ცოლს. კარგი ბაბუა იყო, გიჟდებოდა ნიკოს შვილებზე. ნიკოს დედა ვიოლა ძაძამაძე ძალიან ლამაზი ქალი იყო. მისი პორტრეტი ბევრ ცნობილ მხატვარს დაუხატავს. ნიკომ ბოლო დღეს მითხრა, დედას რა ეშველება, ძალიან მეცოდებაო. მან სამი წელი იცხოვრა ნიკოს გარეშე.

- ნიკო ამბობდა, ვცდილობ, ნაღდი ვიყო როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიო... ალბათ, გამოუვიდა...

- ნიკოს ხიბლის საიდუმლო სწორედ ეს იყო. "თვალი სინაღდეს ითხოვს, სიმართლეს ითხოვს სმენა", - წერდა და სიმართლის გზაზე სიარულს ცდილობდა.

- "საოცარი უნარია დარდი წარამარა, დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ჩემი - არა"... რა სტკიოდა, რას დარდობდა ნიკო?

- ნიკოს სტკიოდა ყველაფერი: დამცირებული, შიშველ-ტიტველი ჯარი 1999 წელს, უკვე ჩაცმული და აღჭურვილი ჯარიც 2008 წელს, ტიროდა ნიაზის ნამღერზე... ემოციებს რომ ვერ იტევდა, ფურცელზე გადაჰქონდა. და თუკი ფურცელმა შეძლო, მისი განცდის ძალა შეენარჩუნებინა, ჩათვალეთ, რომ ნიკო ბედნიერი ადამიანია, რადგან მის სიტყვას ძალა ჰქონია...

- "ჩემს ქალაქში ყველაფერი მაოცებს"  პოპულარული ლექსია. ნიკო და ქალაქი...

- თითქოს ყველას უყვარს თავისი ქალაქი, ქვეყანა, მაგრამ ნაგვით სავსე პარკს დაუფიქრებლად მოისვრიან, მაგალითად, მდინარეში. ამაზე ნიკო შეიძლებოდა გაგიჟებულიყო. მხოლოდ პატრიოტს, ქვეყნის უზომოდ მოყვარულს შეეძლო დაეწერა: "ჩემი ქვეყანა მზიანი, კოხტა, ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა, ჩემი ქვეყანა მუჭში ეტევა, ჩემი ქვეყანა გულის შეტევა, ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია, ჩემი ქვეყანა სულ გაშლილია, ჩემი ქვეყანა ჯართის დარაჯი, მე ვრჩები, შენ კი, თუ გსურს, გაა...ი".

- როდესაც მძიმე დაავადების შესახებ შეიტყო, ძალიან შეიცვალა?
- ნიკომ კარგა ხანს არ იცოდა, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, ვუმალავდი. ბოლოს მაინც გაიგო... გამაკვირვა მისმა უდრეკობამ და ვაჟკაცობამ, არადა, მანამდე მისთვის განსაკუთრებული სიმამაცე არ შემინიშნავს. ყველას არ შეუძლია, ასე შეხვდეს სიკვდილს, ერთხელაც არ დაიწუწუნოს, დეპრესიამ არ შეიპყროს... სულ ვფიქრობდი, ალბათ, ჯერ კარგად არის-მეთქი...

- იქნებ ნიკოს ბოლო დღეც გაიხსენოთ...
- ...უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში... ფილარმონიაში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო კონცერტი უნდა გამართულიყო, რომელიც ნინო ქათამაძესა და ნიკოს უნდა წაეყვანათ. იმ დილით მითხრა, რომ წასვლა არ შეეძლო და მივხვდი, ცუდად იყო საქმე.  საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და ძალიან ნერვიულობდა, ეს რა მომივიდა, ნეტავ როგორ ჩატარდებაო. დახმარება გადავწყვიტე - ნიკოს კარნახით ამოვკრიბე ლექსები და დავურეკე მსახიობებს, ვინც, მისი აზრით, კარგად კითხულობდა ლექსებს... საღამოს 7-ის ნახევარზე გავაცილე ზურა ყიფშიძე - პირდაპირ ფილარმონიაში წავიდა. ოთახში რომ შევედი, ნიკოს უკვე ჟანგბადის ნიღაბი ეკეთა, ვეღარ დაველაპარაკე...

- ვიცით, რომ 13 აპრილს, ნიკოს გარდაცვალების დღეს, აპირებთ ახალი აუდიოალბომის პრეზენტაციას...

- ახალი აუდიოალბომი შედგება ორი დისკისგან და იმით არის გამორჩეული, რომ ლექსებს მუსიკა არ ადევს, ნიკოს ხმა კარგად ისმის. ალბომის მეორე დისკში შევიდა ჩვენი კლასიკოსების 108 ლექსი, რომელთაც ნიკო კითხულობს. ვფიქრობ, ნიკომ გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდებს ფასდაუდებელი საჩუქარი მიართვა - მათ საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ნიკოს წაკითხულ გალაკტიონს, ტიციანს, ილიას, ვაჟას, აკაკის, პაოლოს... მიხარია, რომ აღმოვაჩინე და შევაგროვე ნიკოს საუბრები სხვადასხვა თემაზე. დისკი გაფორმებულია ნიკოს ჩანახატებით. პრეზენტაცია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. იმედი მაქვს, ჩემი წელიწადნახევრიანი შრომა ნიკოს შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიხარულს მიანიჭებს.

- დასასრულ, ლექსი და როლი, რომლებიც ნიკოს პიროვნებას გამოხატავს...

- ნიკო ყველა ლექსშია, ზოგში - მეტად, ზოგში - ნაკლებად. გამოვყოფ "უაზრო ლექსს": "არ წამესვლება არსად - დასაწერი მაქვს ბევრი, ვთვლიდი უმთავრეს არსად, სიტყვას ჰქონოდა ნერვი..."
როლი? - ოთარი - სპექტაკლში "კომედიანტები".

ნანა ფიცხელაური
fshavela
07 აპრილი 2014 21:58
მიყვარს მისი შემოქმედება და მენატრება ეს ადამიანი.

რედაქტორის რჩევით